ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დროული მოლაპარაკებები


პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გამოთქვა შიში, რომ დასავლეთი შეიძლება განიხილავდეს ირანისათვის სანქციების შერბილებას.

სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ისრაელის პრემიერ მინისტრთან მოლაპარაკებებს დროული უწოდა იმის გათვალისწინებით, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დადებითი დასაწყისი აქვთ.

„იმ დროს, როცა ჩვენ მივესალმებით და ჩვენ ნამდვილად მივესალმებით რიტორიკის შეცვლას, ტონის შეცვლას და დიპლომატიურ შესაძლებლობას, რაც ირანელებმა შემოგვთავაზეს პრეზიდენტ როჰანის და საგარეო საქმეთა მინისტრ ზარიფის მეშვეობით, ჩვენ ნათლად გამოვთქვით და მტკიცედ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ მხოლოდ სიტყვები ვერ გამოდგება ნამდვილი ქმედების ჩასანაცვლებლად.“

კერი ამბობს, რომ ასეთმა ქმედებამ ეჭვგარეშედ ნათელი უნდა გახადოს ის, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნები აქვს.

პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გამოთქვა შიში, რომ დასავლეთი შეიძლება განიხილავდეს ირანისათვის სანქციების შერბილებას.

„ამის მშვიდობიანად მოგვარების საუკეთესო გზაა ირანზე წნეხის შენარჩუნება. ისინი პირველ რიგში სწორედ ამან აიძულა განახლებულ მოლაპარაკებებზე წამოსულიყვნენ.“

სანქციებმა ირანის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენეს და შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამ სანქციებს ნაადრევად არ გააუქმებს.

ისრაელი ამბობს, რომ ირანმა ბირთვული მასალის გამდიდრებაზე ხელი უნდა აიღოს, რაც არც თუ გამოკვეთილად იკითხება ამერიკის მოთხოვნაში.

ამ თვის დასაწყისში, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ექვსი წამყვანი სახელმწიფო და ირანი. ეს პირველი მოლაპარაკებები იყო, ივნისში ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის არჩევის შემდეგ.

ალი ანსარი, ლონდონის სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ისრაელი ირანის საკითხთან დაკავშირებით, იზოლაციაში მოქცევის საფრთხეშია.

„ამჟამად რასაც ვხედავთ, არის ორი სახის ემოციურად დატვირთული გაგება იმისა, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ირანს. ერთი იმდენად ოპტიმისტური და ენთუზიაზმით სავსეა, რომ თითქმის ყველა დეტალს მხედველობის გარეთ ტოვებს. მეორე კი დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და არ შეუძლია უფრო ფართო შესაძლებლობების დანახვა.“

ის ამბობს, რომ დასავლეთმა უნდა გაიგოს ირანის ტონის შეცვლის მიზეზები.

„სინამდვილეში ჩვენ არ ვხედავთ ახალი, ლიბერალური სიოს ქროლვას ირანში. რასაც ჩვენ სინამდვილეში ვხედავთ, არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გარკვეულ ბიძგს აძლევს ცვლილებებს.“

ბატონ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების დროს სახელმწიფო მდივანმა კერიმ ასევე მოუწოდა წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. აქამდე უკვე შედგა ცამეტი შეხვედრა.

იოსი მაკელბერგი, ლონდონის პოლიტიკის ინსტიტუტიდან „ჩატამ ჰაუსი“ ამბობს, რომ აუცილებელია საბოლოო ვადების დაწესება.

„თუ თქვენ საბოლოო ვადებს არ დათქვამთ, თუ არ დააწესებთ მოლაპარაკებების და მოლაპარაკებებში წინსვლის წესების რაღაც შეგრძნებას მაინც, ეს უსასრულოდ გაგრძელდება.“

მაკელბერგი ამბობს, რომ კერიმ ამბიციური მიზნები დასახა.

„ ორ საკითხზე ერთდროულად მუშაობა, ორ ლიანდაგზე. ერთის მხრივ ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხი, რაც აქამდე, 20 წლის განმავლობაში ვერავინ გადაწყვიტა და მეორე, ამჟამად ალბათ ყველაზე დიდი საკითხი, ირანის ბირთვული პროგრამა.“

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ირანსა და ე.წ. „პი5+1“ ქვეყნებს შორის, სადაც გაერთიანებულია უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა და გერმანია, მომავალ თვეში, ისევ ჟენევაშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG