ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის უშიშროების კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარს უჭერს


17 იანვარს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა რეკომენდაცია გაუწია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამტკიცებას, რასაც მოჰყვება 15-თვიანი ომის შეჩერება "ჰამასთან" ღაზაში და ათეულობით ტყვის გათავისუფლება.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ შეთანხმება მიღწეულია. შუამავლებმა, კატარმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი დღის წინ ცეცხლის შეწყვეტის დეტალები გაასაჯაროვეს, თუმცა შეთანხმების ბედი გარკვეული დროის განმავლობაში გაურკვეველი იყო.

შეთანხმება ახლა სრული კაბინეტის დამტკიცებას საჭიროებს. სავარაუდოდ, კაბინეტი მხარს მას მხარს დაუჭერს და მისი ამოქმედება კვირას, 19 ნოემბერს შეიძლება მოხდეს. თუმცა, ნეთანიაჰუ მემარჯვენე კოალიციის წევრებისგან წინააღმდეგობას აწყდება, რაც მთავრობის სტაბილურობას საფრთხეს ქმნის.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა ისრაელზე საზღვრის გადაკვეთის მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 1,200 ადამიანი დაიღუპა და 250 ტყვედ აიყვანეს. ისრაელმა საპასუხოდ ღაზაში ომი დაიწყო, რომელსაც "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, 46,000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან.

სამეტაპიანი შეთანხმება

ნეთანიაჰუმ სპეციალურ ჯგუფს ტყვეების მიღებისთვის მომზადება დაავალა და განაცხადა, რომ მათი ოჯახებისთვის შეთანხმების დეტალები უკვე ცნობილია. პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, თუ შეთანხმება დამტკიცდება, ცეცხლის შეწყვეტა კვირას ამოქმედდება და ტყვეების გათავისუფლება იმავე დღეს დაიწყება.

შეთანხმების მიხედვით, 100 ტყვიდან 33 გათავისუფლდება ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო სანაცვლოდ ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ისრაელის ძალები ზოგიერთი ტერიტორიიდან უკან დაიხევენ, ასობით ათასი პალესტინელი შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას, ხოლო ჰუმანიტარული დახმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ტყვეების დარჩენილი ნაწილი, მათ შორის მამაკაცი სამხედროები, გათავისუფლდებიან მეორე ეტაპზე, რომელიც პირველი ეტაპის განმავლობაში მოლაპარაკებების საგანი იქნება.

ჰამასი აცხადებს, რომ ტყვეების დარჩენილი ნაწილი მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, თუ შედგება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და ისრაელის გავა ღაზიდან. ისრაელი აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ჰამასის გასანადგურებლად და ღაზაზე უსაფრთხოების კონტროლს შეინარჩუნებს.

ჰამასის ტყვეთა საკითხების ოფისის ხელმძღვანელმა, ჯაჰერ ჯაბარინმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმართა სია გამოქვეყნდება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

ეგვიპტის და ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო წუთის დაბრკოლებები, რაც პატიმართა სიას ეხებოდა, უკვე აღმოფხვრილია. ეგვიპტელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს დელეგაცია პარასკევს კაიროში ჩავიდა, რათა რაფას სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე მოლაპარაკებები გამართოს.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ თუ შეთანხმება დამტკიცდება, ის მთავრობის დატოვებას გეგმავს. პარასკევს, სოციალურ ქსელ "X"-ზე მან დაწერა: „თუ ეს 'შეთანხმება დამტკიცდება, მძიმე გულით დავტოვებთ მთავრობას“.

ბენ-გვირის გადადგომა მთავრობის დაშლას არ გამოიწვევს და შეთანხმებას არ შეუშლის ხელს, თუმცა ეს ნაბიჯი მთავრობას მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს და შესაძლოა, საბოლოოდ კოალიციის დაშლა გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG