ისრაელსა და ლიბანში არსებულ დაჯგუფება "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა და მისი აღსრულება ოთხშაბათს, 27 ნოემბერს, დაიწყო. შეთანხმებას მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიაღწიეს. ამერიკელი და ფრანგი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ნაბიჯი, შესაძლოა იმედის მომცემი სიგნალი იყოს ღაზაში მშვიდობისთვისაც.
ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, მანქანების ნაკადი სამხრეთ ლიბანისკენ დაძრა, სადაც თვეების განმავლობაში გაძლიერებული ბრძოლები მიმდინარეობდა, რის გამოც ხალხს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა. სამშვიდობო მოლაპარაკების ძალაში შესვლის შემდეგ კი, მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას იწყებს.
ისრაელის სამხედროებმა გააფრთხილეს ხალხი, თავი შეიკავონ იმ სოფლებში დაბრუნებისგან, სადაც მანამდე ევაკუაციის ბრძანება გაიცა.
შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა სამშაბათს, გვიან დაამტკიცა.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტაზე თქვა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთისთვის "კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი... ძალადობის დასასრულებლად". მისი თქმით, ირანმა და მისმა მარიონეტებმა - "ჰეზბოლამ" ლიბანში და "ჰამასმა" ღაზაში, "დიდი საფასური გადაიხადეს" ისრაელის ძალებთან ბრძოლის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
მისი თქმით, ისრაელისა და "ჰეზბოლას" შეთანხმება „მიზნად ისახავს საომარი მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას“.
”ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, თუ "ჰეზბოლა", ან ვინმე სხვა დაარღვევს შეთანხმებას და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ისრაელს, მაშინ ისრაელი, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, ინარჩუნებს თავდაცვის უფლებას", - თქვა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა, როდესაც ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის შეთანხმება მიღწეულია, ჯერი "ჰამასზეა".
"ჰამასს" აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. მათი ერთადერთი გამოსავალი მძევლების, მათ შორის ამერიკის მოქალაქეების, გათავისუფლებაა", - თქვა ბაიდენმა.
„მომდევნო დღეების განმავლობაში, შეერთებული შტატები კვლავ მუწოდებს თურქეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და სხვებს, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში“, - თქვა ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის მხარს უჭერს "ჰეზბოლასთან" ზავის დადებას, რათა ისრაელმა შეძლოს ირანის მიერ წარმოქმნილ საფრთხეზე მეტი ყურადღების გამახვილება და ასევე ძალების აღდგენა, რათა ღაზაში მიმდინარე ბრძოლაში, "ჰამასის" იზოლირება შეძლოს.