ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა და საქართველოს დილემა


2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა 35 პროცენტით, ხოლო ამ თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი - 81 პოცენტით გაიზარდა - ამ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის წლიურ ანგარიშში აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტერორისტული აქტივობის ასეთი დრამატული ზრდა განსაკუთრებით ორი ჯგუფის - „ისლამური სახელმწიფოს“ და „ბოკო ჰარამის“ - მიერ მოწყობილ ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკავშირდება.

სახელმწიფო დეპატრამენტის ინფორმაციით, დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ 2014 წელს 1083 ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. დღემდე, ამ რაოდენობის თავდასხმა არც ერთ სხვა ჯგუფს არ განუხორციელებია.

იმედი მაქვს, რომ ქვეყნების მთავრობებს და მოქალაქეებს კარგად აქვთ გააზრებული მსგავსი ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები. ძალიან მნიშვნელოვანია ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისას მთავრობებმა ადამიანების უფლებები თავად არ შელახონ.
ტომ მალინოვსკი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

21 ივნისს ისლამურმა სახელმწიფომ ჩრდილოეთ კავკასიაში სახალიფოს - ალ-კავკაზის ჩამოყალიბებაზე პირველი ოფიციალური განაცხადება გააკეთა. ერთი კვირით ადრე კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით 4 პირი დააკავა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში ტომ მალინოვსკი ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლისას ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„იმედი მაქვს, რომ ქვეყნების მთავრობებს და მოქალაქეებს კარგად აქვთ გააზრებული მსგავსი ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისას მთავრობებმა ადამიანების უფლებები თავად არ შელახონ, რომ ტერორიზმისგან მომავალი საფრთხეები მოსახლეობის ლეგიტიმური მშვიდობიანი უკმაყოფლების შესაზღუდად არ გამოიყენონ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ცუდია, არამედ იმიტომ რომ ეს კონტრტერორიზმის ცუდი პოლიტიკაა,“ ამბობს მალინოვსკი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ბოლო მონაცემებით, სირიაში 90 ქვეყნიდან დაახლოებით 16 ათასი უცხოელი მებრძოლია ჩასული, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უცხოელი მებრძოლების სხვა ქვეყანაში გამგზავრების და იქ ბრძოლაში ჩართვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში გასაწევრიანებლად სირიაში საქართველოდანაც გაემგზავრნენ, მალინოვსკი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგია ისეთივე უნდა იყოს, როგორც ეს დანარჩენ მსოფლიოშია - და ტერორიზმის დამარცხებისკენ უნდა იყოს მიმართული.

საქართველომ დაზვერვის და ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს, რათა ტერორისტულ ჯგუფებთან დაახლოებული მოქალაქეები გამოავლინოს.
პოლ გობლი, ევრაზიის საკითხების ანალიტიკოსი

„ვფიქრობ ფორმულა მთელს მსოფლიოში ერთი და იგივეა - მათთან ბრძოლა, მათი დაპატიმრება და გასამართლება. და თუ ეს ვერ ხერხდება მაშინ მათი ბრძოლის ველზე დამარცხება, ისევე როგორც ამას ერაყსა და სირიაში ვცდილობთ. მაგრამ მთავრობებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტერორისტული პროპაგანდა ქვეყანაში არსებული უკმაყოფილებებით არ უნდა ასაზრდოონ. თუ ხალხი კორუფციით, პოლიტიკური შეზღუდვებით, ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობით უკმაყოფილოა, მათ ამის გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. თუ მთავრობა ხალხს ამ უფლებას შეუზღუდავს, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმსოავლეთის ქვეყნებში ხდება, ამით ვითარებას მხოლოდ გააუარესებენ.“

ევრაზიის საკითხების ცნობილი ანალიტიკოსი პოლ გობლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა ერთის მხრივ ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის მქონე პირები გამოავლინოს და მეორეს მხრივ ამ პროცესში უდანაშაულო მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია არ მოხდეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველომ იმის ჩვენება შეძლოს, რომ ის ყველა რელიგიის მიმართ ტოლერანტულია და ისლამურ სახელმწიფოს არ მისცეს იმის თქმის შანსი, რომ ისტორიულად მართლმადიდებელი თბილისი მუსლიმ მოსახლეობას თავს ესხმის. ამავდროულად საქართველომ დაზვერვის და ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს, რათა ტერორისტულ ჯგუფებთან დაახლოებული მოქალაქეები გამოავლინოს. ამიტომაც მთავრობას დიდი სიფრთხილე მართებს.“

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რეკომენდაციების სახით აღნიშნულია, რომ აუცილებელია მუსლიმი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებასთან.

ამ მოსაზრებას გობლიც იზიარებს, მისი თქმით 2001 წლის 9 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ამერიკას მიაჩნდა, რომ ტერორიზმს მხოლოდ ძალით უნდა დაპირისპირებოდა, ახლა კი დასავლეთი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ იდეოლოგიურ ოპონენტებს ძალასთან ერთად იდეოლოგიაც უნდა დაუპირისპირო: „ბოროტების ამ ძალებს მხოლოდ ძალითვე ვერ დავამარცხებთ, მაგრამ ბოროტი ძალები კარგი იდეების - დემოკრატიის და თავისუფლების გაძლიერებით დამარცხდებიან.“

XS
SM
MD
LG