ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური სახელმწიფოს განშტოება კავკასიაში


ისლამური სახელმწიფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მათ კავკასიელ მიმდევრებს კავკასიის პროვინციის დაარსება მიულოცა. ფრანს-პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისლამური სახელმწიფოს კავკასიის სახალიფოს მმართველად აბუ მუჰამად ალ ქადარი დაინიშნა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისლამური სახელმწიფოს მოქმედებები მათი ყურადღების მიღმა არ რჩება. ამასთან, ხაზს უსვამენ იმას, რომ ისლამური სახელმწიფო არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ ის წარმოადგენს საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის.

უკანასკელ პერიოდში ისლამური სახელმწიფოს რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე აღმოჩნდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც, ვინც საქართველოს ტერიტორია მშობლების ნებართვის გარეშე დატოვა, რასაც საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.

რამდენიმე დღის წინ კი პანკისში, სპეცოპერაციისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სოფელ ჯოყოლოს ოთხი მკვიდრი დააკავა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„აღნიშნული ორგანიზაცია არის საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს შესაბამისი გათვლები და სცენარები, რასაც ჩვენც ვამუშავებთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება“.

ზოგიერთი ცნობით, ისლამური სახელმწიფოს ახლად შექმნილი პროვინცია რუსეთის ფედერაციის ჩრდილო ნაწილს მოიცავს, თუმცა გასულ წელს გამოქვეყნებული რუკის თანახმად, სადაც ისლამური სახელმწიფოს ხუთწლიანი განვითარების გეგმაა გაწერილი, კავკასიის ჩრდილო ნაწილი და საქართველო ერთ ერთეულადაა წარმოდგენილი.

ამერიკის ხმა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსს გიორგი გვიმრაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კავკასიის პროვინციის ფარგლებში პანკისის ხეობაც მოიაზრება.

„ჩვენ თუ მათ მიერ პირველად გამოქვეყნებულ რუკას დავხედავთ, საქართველო და პანკისის ხეობა მთლიანად ექცევა იმ სივრცეში, სადაც, ეფემერულად, უნდა გავრცელდეს მათი ხალიფატი, იურისდიქცია. მაგრამ რამდენად ეს რეალისტურია, შესაძლებელია, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება, ცალკე საკითხია. ის, რომ დღეს ჩრდილო კავკასიისთვის ასეთი რამ განცხადდა, საჯარო გახდა, თორემ ვერ ვიტყვით, რომ მანამდე იქ არაფერი არ არსებობდა და მანამდე არაფერი არ ხდებოდა. ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი საფუძველი და ამ საფუძვლიდან გამომდინარე, შესაბამისად, ის რეალობა გვაქვს, რაც გვაქვს,“- ამბობს გვიმრაძე.

რამდენად ადექვატურია საქართველოს ხელისუფლების რეაქციები იმ დროს, როდესაც ისლამური სახელმწიფოს მიმდევრები საქართველოს სამ ნაწილში: პანკისში, აჭარასა და ქვემო ქართლში აქტიურდებიან, ამის თაობაზე გიორგი გვიმრაძე ამბობს:

„მწირი რესურსით უწევთ მუშაობა იმ ორგანიზაციებს, რომელმაც საფრთხის ხარისხი უნდა შეაფასონ. არ ვგულისხმობ აქ კონტრ-დაზვერვის უწყებას. მისი ფუნქცია არაა საფრთხის შეფასება. კონტრდაზვერვის ფუნქცია საფრთხის პრევენციაა. საფრთხის შეფასება უშიშროების საბჭოსა და უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციაა. ბუნებრივია, კონტრდაზვერვის, საგარეო დაზვერვის, თავდაცვის უწყების და სხვა ბევრი ორგანიზაციის ინფორმაციიდან გამომდინარე. სხვადასხვა წყაროდან მომდინარე ინფორმაციაზე დაყრდნობით, საბოლოო ჯამში, საფრთხის შეფასების ანალიზს აკეთებს უშიშროების სამსახურები, ანუ უშიშროების საბჭო და დღეს უკვე გვაქვს მეორე, უსაფრთხოების საბჭო. აი, აქ უნდა ხდებოდეს აკუმულირება ყველანაირი ინფორმაციის და აქ უნდა ხდებოდეს საფრთხის საბოლოო შეფასება.“

ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები მიმდევრებს, უმეტესწილად, სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებისა და სოციალური ქსელების საშუალები უკავშირდებიან და იბირებენ.

XS
SM
MD
LG