ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ ჯონ მაკეინთან


ამერიკის ხმის რუსულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა სენატორ მაკეინს, რომლის პირველი შეკითხვა ახლახანს ვილნიუსში გამართულ საპარლამენტო ფორუმში მის მონაწილეობას ეხებოდა. ფორუმი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პრობლემებს მიეძღვნა.

ჯონ მაკეინის განცხადებით: „ძალზე მნიშველოვანია, როდესაც ამგვარ ფორუმში ბალტიის სახელმწიფოები იღებენ მონაწილეობას, რომლებმაც დემოკრატიის განვითარების გზაზე გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ამავე ფორუმში მონაწილეობდა ბელარუსიც, სადაც დემოკრატიის ხარისხი არცთუ ისე მაღალია.“

ვილნიუსში გამოსვლისას თქვენ ბევრ საკითხზე ისაუბრეთ, მათ შორის რუსეთზე, საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე, მაგრამ თქვენი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა ბელარუსი იყო, სადაც საერთაშორისო ზეწოლის წყალობით საპატიმროდან გაათავისუფლეს ორი პოლიტპატიმარი ანდრეი სანიკოვი და დიმიტრი ბონდარენკო. როგორ ფიქრობთ რა ტიპის სანქციებმა განაპირობა ციხიდან ამ ადამიანების გამოშვება?

ბატონი მაკეინის თქმით: „დღეისათვის ზეწოლის მრავალგვარი ფორმები არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტურია კონკრეტული პირებისადმი მიმართული სანქციები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლუკაშენკოს მითითებებს. ჩვენთვის მოულოდნელიც კი იყო, როდესაც აღმოჩნდა რომ ეს ადამიანები თავს ძალზე არაკომფორტულად გრძნობენ, როდესაც ვთქვათ პარიზში წასვლის და შანზე ლიზეზე ფულის დახარჯვის საშუალება ერთმევათ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინის პირდაპირი მითითებებით მოქმედებს. ორი წლის წინ ბელარუსიდან მოსული ცნობების თანახმად ქვეყანაში დადებითი ძვრები შეიმჩნეოდა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა და ქვეყანა უკან დაბრუნდა. თანაც ლუკაშენკო მთლიანად პუტინის გავლენის ქვეშ მოექცა.“

ამერიკის ხმის შეკითხვაზე ხომ არ შეუწყო ხელი პოლიტპატიმრების განთავისუფლებამ ლუკაშენკოს რეჟიმის გაძლიერებას, რადგან მან ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილება შეძლო?

ჯონ მაკეინმა ამგვარი პასუხი გასცა:“ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლუკაშენკოს ტოტალიტარული მმართველობა უკანასკნელი წლების მანძილზე ოდნავადაც არ შეცვლილა, ამიტომ ჩვენთვის დიდი მიღწევაა, როდესაც პოლიტიკური ტუსაღების გათავისუფლება ხერხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბელარუსში რაიმე სერიოზული ცვლილებებია.“

უცხოეთის მედია და აკადემიური გამოცემები ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ავტირიტარულ მმართველად მიიჩნევენ, თქვენი აზრით როგორ შეძლო მან ევროპის ცენტრში ამგვარი რეჟიმის ჩამოყალიბება?

ბატონი მაკეინის განცხადებით: „თქვენთვის ცნობილია, რომ ბელარუსი ევროპაში უკანასკნელი აბსოლუტური დიქტატურაა. რუსეთის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით მან შეძლო ძალზე ეფექტური პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. იყო დრო, როდესაც ვფიქრობდით, რომ ლუკაშენკო რუსეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებდა და დასავლეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას შეეცდებოდა, მაგრამ მან სამწუხაროდ უარი თქვა დემოკრატიული რეფორმებზე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ამიტომ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების პოლიტიკა ბელარუსთან მიმართებაში.“

ცოტა ხნის წინათ ვლადიმირ პუტინი მესამედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი, რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

სენატორ მაკეინის თქმით:“ ვიმედოვნებ, რომ ვლადიმირ პუტინი გააცნობიერებს, რომ მისი მმართველობის ფორმა და ახლახანს ჩატარებული არჩევნები, კორუფციასა და ოლიგარქების ბატონობასთან ერთად რუსეთის საზოგადოებაში დიდ უკამყოფილებას იწვევს. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მისი დამოკიდებულება უკრაინასა და ბალტიის სახელმწიფოებთან, ასევე შემაშფოთებელია სამხედრო ძალის კონცენტრაცია კალინინგრადის ოლქში. ეს მისი იმპერიული აზროვნებიდან გამომდინარეობს.“

საყოველთაოდ ცნობილია თქვენი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ, გვახსოვს დეკემბერში თვითერში მიწერილი თქვენი წერილი, სადაც ძვირფასს ვლადს არაბული გაზაფხულით ემუქრებოდით. ამ გზავნილით თქვენ რუსეთში საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერა ხომ არ გსურდათ?

ჯონ მაკეინის თქმით:“ მახსოვს, როდესაც რუსეთში მართლაც აგორდა საპროტესტო ტალღა, პუტინს მივწერე, რომ არაბული გაზაფხული მის კართანაც მოვიდა. ერთ-ერთ გამოსვლაში მან მე ვიეტნამელთა ტყვეობაში ნამყოფ პარანოიკად მომიხსენია, მე პატივისცემით ვეკიდები მის შენიშვნებს, მაგრამ ამ შემთხვევში ნამდვილად ვერ დავეთანხმები. რუსეთში მრავალი პრობლემა არსებობს. პირველ რიგში ეს არის ხადარკოვსკის საქმე, რომელსაც მთელს მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. მეორეა მაგნიტსკის შემთხვევა. რომელიც პატიმრობაში მოკლეს. ამან შეერთებული შტატების კონგრესის ყურადღება მიიპყრო.“

ამასთან დაკავშირებით ამერიკის ხმა დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებისადმი ჯონ მაკეინის დამოკიდებულებით, როდესაც ბატონმა ლავროვმა კონგრესის დაინტერესება მაგნიტსკის საქმით რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად მონათლა.

სენატორ მაკეინის თქმით: “იგივე რეაქცია იყო ჯეკსონ ვენიკის შესწორების მიღების დროს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ კონგრესის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ საბჭოთა კავშირიდან ებრაელების ემიგრაციას შეუწყო ხელი. ამერიკა ყოველთვის იცავდა ადამიანის უფლებებს და თუ სერგეი ლავროვს ჰგონია, რომ ჩვენ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით პუტინის რეჟიმის მიერ მაგნიტსკის მკვლელობაზე მაშინ ის რეალობას მოწყვეტილია.“

ამერიკის ხმის შეკითხვაზე რუსეთის მიმართ ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯონ მაკეინმა განაცხადა:

“თავდაპირველად მიღებული განცხადების მიუხედავად არანაირ გადატვირთვას პოლიტიკაში ადგილი არ ჰქონია. ახლა როდესაც პუტინი კიდევ 12 წლით მოვიდა პრეზიდენტად რუსი სამხედროები მუქარის ტონით ალაპარაკდნენ. რუსეთმა ვეტო დაადო გაეროში სირიის პრობლემასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, გრძელდება მოსკოვის ზეწოლა ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაზე. ამ ქვეყნის დემოკრატმა ლიდერებმა ვერ შეძლეს გაერთიანება და სამწუხაროდ პირად ამბიციებს გადააყოლეს სახელმწიფოს მომავალი. მაგრამ იულია ტიმოშენკოსადმი საპატიმროში უხეშმა მოპყრობამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია ქვეყანაში და ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას და უკრანის ინტერესების დაცვას.“

XS
SM
MD
LG