ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე


საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა 51-ჯერ ჩატარდა და ყველა ჯერზე „ქართული ოცნებიდან“ არცერთი მომხრე არ ყოფილა.

ხმას წინააღმდეგ აძლევდა ზოგიერთ შემთხვევაში 1 ან 2 და ზოგიერთ შემთხვევაში - 4 ან 5 დეპუტატი ოპოზიციური გაერთიანებებიდან: „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“.

კენჭისყრამდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ცალ-ცალკე წარმოადგინა 51-ივე დეპუტატის განცხადებების განხილვის შედეგად მომზადებული დასკვნები და თქვა, რომ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის დღევანდელ სხდომას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. "მოქალაქეების" ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების შემდეგ.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ "ქართულ ოცნებას" სთხოვა, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

სტატია თავდაპირველად "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG