ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა. ინფორმაციას ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაცია ადასტურებს. მასში ნათქვამია, რომ „უკრაინა და საქართველო აღნიშნულ დეკლარაციას უერთდებიან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ თავიანთი ეროვნული პოლიტიკა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისობაში იყოს. ევროკავშირი მათ ამ ვალდებულებას იმახსოვრებს და მიესალმება მას". დეკლარაციის ტექსტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი არაფერი მომხდარა და მხოლოდ სანქციებთან დაკავშირებით შარშან მიღებული გადაწყვეტილება გაგრძელდა. 19 ივნისით დათარიღებული ევროპული საბჭოს დეკლარაცია მიღებულ ზომებს 2016 წლის 23 ივნისამდე შეინარჩუნებს.