ემანუელ მაკრონმა - საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშნა ცენტრისტული პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და თავისი მომხრე, ფრანსუა ბაირუ.
საფრანგეთის პარლამენტმა 4 დეკემბერს გამოუცხადა უნდობლობა მიშელ ბარნიეს მთავრობას, რომელმაც სულ სამი თვე იმუშავა. ეს ამ ქვეყანაში დეპუტატების მიერ მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა 1962 წლის შემდეგ. პრემიერი გაათავისუფლეს მას მერე, რაც დეპუტატების თანხმობის გარეშე მიიღო სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის შესახებ კანონი 2025 წლისთვის. დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეკვეცილიყო 40 მილიარდი ევროთი და გადასახადები გაეზარდათ 20 მილიარდი ევროთი.
ჯერჯერობით ცხადი არ არის, ექნება თუ არა ახალ პრემიერს დეპუტატების მხარდაჭერა. ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც ზაფხულში გაიმართა, დამაჯერებელი გამარჯვება საფრანგეთის ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა და პარლამენტშიც გადამწყვეტ უმრავლესობას არ ფლობს.
ბაირუს მთავარი ამოცანა 2025 წლის ბიუჯეტის მიღება იქნება. ფრანგული პრესის თანახმად, მთავრობას გაუძნელდება მემარცხენე და მემარჯვენე ფრაქციებს შორის წონასწორობის შექმნა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ პირობებში მთავრობის სიმყარე შეშფოთებას იწვევს.
ბარნიეს მთავრობა ახერხებდა ბალანსის შენარჩუნებას იმის ხარჯზე, რომ უნდობლობის ვოტუმის გამო, კენჭისყრისას ულტრამემარჯვენე ლე პენის ბლოკი თავს იკავებდა. როცა მან პოზიცია შეიცვალა, მისი მომხრეების და მემარცხენე ბლოკის ხმების ერთობლივი რაოდენობა საკმარისი გახდა მთავრობის გადაყენებისთვის.
პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, დაშალოს პარლამენტი ბოლო არჩევნებიდან ერთი წლის განმავლობაში. საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში 8 ივლისს ჩატარდა.
Facebook Forum