საფრანგეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა მემარცხენე ბლოკიდან, რომლებმაც პირველი ადგილი დაიკავეს კვირას, საკანონმდებლო არჩევნებში, განაცხადეს, რომ აპირებენ გადასახადების ხარჯვის თავიანთი პროგრამის მიხედვით იმოქმედონ. თუმცა, მემარაცხენეებს უმრავლესობისთვის საკმარისი ადგილები არ აქვთ. მაკრონის ცენტრისტებმა კი განაცხადეს, რომ მმართელობაში მათაც უნდა ჰქონდეთ როლი.
ვადამდელი არჩევნების მოულოდნელმა შედეგმა საფრანგეთი გაურკვევლობაში ჩააგდო პარიზის ოლიმპიადის წინ. ამ ეტაპზე, არ არსებობს რაიმე კონკრეტული გზა სტაბილური მთავრობის ფორმირებისა და კანონმდებლობის მიღებისთვის, დაყოფილი პარლამენტის მიერ.
მემარცხენე ახალმა სახალხო ფრონტმა (NFP) ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა ეროვნულ ასამბლეაში, მაგრამ უმრავლესობას მას დაახლოებით, 100 მანდატი აშორებს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტები მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ულტრამემარჯვენე "ეროვნული მოძრაობა" (RN) მესამეზე.
”გზა მთავრობამდე ძალიან ვიწროა, ძალიან მყიფე”, - თქვა ფაბიენ რუსელმა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, რომელიც NFP-ის ერთ-ერთი წევრია. "მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა მოგვცეს მართვის საშუალება", - თქვა მან RTL რადიოში საუბრისას სამშაბათს დილით.
NFP-ის ლიდერები კვირას ღამის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ დახურულ კარს მიღმა და ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას იმაზე, თუ რომელი მათგანი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და როგორ უნდა მიუდგნენ უმრავლესობის გარეშე მმართველობას.
მაკრონი, რომლის საპრეზიდენტო ვადა 2027 წელს სრულდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვლავ შეძლებს შიდა პოლიტიკის წარმართვას, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ გამარჯვება ვერ მოიპოვა.