საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოექცა. ისეთი მედია გამოცემები, როგორიცაა POLITICO და New York Times-ი წერენ, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი შეფერხებებითა და დაბრკოლებებით მიმდინარეობდა.
27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს, რომ "საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ჩაეშვა" მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, პროდასავლური ოპოზიცია კი შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ახალი პარლამენტის ბოიკოტით იმუქრება,
გამოცემა მთავარ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გუშინდელი არჩევნები კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს „ქართულ ოცნებასა“ და ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის. მედიასაშუალების თანახმად, „ქართული ოცნება“ საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ქვეყანამ ეს პროდასავლური კურსი შეინარჩუნოს.
„კრიზისი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს დასავლეთისგან, მაშინ, როცა ევროპელი დამკვირვებლები აკრიტიკებენ იმას, თუ რანაირად ჩატარდა არჩევნები,“ - წერს გაზეთი.
სტატიაში მოყვანილია არჩევნებზე დაკვირვების ევროპული ქსელის ხელმძღვანელის, ზლატკო ვუიოვიჩის სიტყვები, რომლის თქმითაც, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები „არ იყო კარგი“.
„ის არ ჩატარდა სათანადოდ, ისე, როგორც უნდა ველოდეთ ქვეყნისგან, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს,“ იმოწმებს New York Times-ი ვუიოვიჩს. სადამკვირვებლო ქსელის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მნიშვნელოვან დარღვევათა შორის იყო ოპოზიციის წევრთა მიმართ ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება, დამკვირვებელთა წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიები და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება ფართო მასშტაბით.
გაზეთი წერს, რომ ოთხი ძირითადი ოპოზიციური ჯგუფიდან, რომლებმაც გადალახეს 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი, არცერთი არ აღიარებს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მინიმუმ ორმა განაცხადა, რომ არ შევა პარლამენტში, „რაც გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის პირობებს ქმნის“. გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია საკუთარი განცხადებების მტკიცებულებები.
სტატიის ავტორი იხსენებს წინა საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც „დასრულდა მსგავსი სცენარით, როცა ოპოზიციამ უარი თქვა ოფიციალური შედეგების მიღებაზე“. ეს კრიზისი დაახლოებით ხუთ თვეს გაგრძელდა და მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ევროკავშირის შუამავლობით მოახერხეს შეთანხმების მიღწევა. „მაგრამ ამჯერად მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გაიტანოს ის, რაც, მისი თქმით, არის ხალხისგან მონიჭებული მანდატი, და, სავარაუდოდ, არ მიესალმება ევროპის მხრიდან შუამავლობას,“ წერს New York Times-ი.
გამოცემა შენიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს დადებითი შეფასება მისცეს რუსეთის კანონმდებლებმა და ოფიციალურმა პირებმა.
საარჩევნო დარღვევების შესახებ ასევე წერს გამოცემა POLITICO-ც. გამოცემა მიმოიხილავს ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი მისიის 500-მდე დამკვირვებლის მუშაობას საქართველოში გამართული არჩევნების პერიოდში და მათ დასკვნებს
"პოლიტიკოს" მოჰყავს ეუთოს სპეციალური კოორდინატორის, პასკალ ალიზარის სიტყვები, რომლის თანახმად, ხმების მოსყიდვა და „ფინანსური რესურსების დისბალანსი, მტრული საარჩევნო ატმოსფერო და ახლახან ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევდა ამ საარჩევნო პროცესში“.
ხოლო ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ანტონიო ლოპეს-ისტურის უაიტის თქმით, „საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია იყენებდა ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას; მისი სამიზნე იყვნენ საქართველოს დემოკრატიული პარტნიორები, კერძოდ, ევროკავშირი, მისი პოლიტიკოსები და დიპლომატები; ის ხელს უწყობდა რუსულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და შეთქმულების თეორიებს“.
მისი თქმით, საქმე გვაქვს დემოკრატიის სფეროში საქართველოს უკუსვლასთან. „ის, თუ როგორ ჩატარდა გუშინდელი არჩევნები, სამწუხაროდ ამის დასტურია. ვშიშობთ, რომ სიძულვილისა და დაშინების ატმოსფერომ, რის მოწმენიც გავხდით არჩევნების დღეს, შეიძლება სერიოზულად შეუშალოს ხელი საქართველოს პოლიტიკურ წინსვლას,“ - დასძინა მან და ივარაუდა, რომ საქმე გვაქვს „რთულ, ფართო და კარგად მომზადებულ სქემასთან“.
თავის მხრივ, გამოცემა შენიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, საკმარისი ხმების მოპოვების შემთხვევაში აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და მათ დეპუტატებს არ მისცეს პარლამენტში ადგილების დაკავების უფლება.
არჩევნების შედეგების შესახებ ოპოზიციური პარტიების რეაქციაზე საუბრისას Politico-ს მოჰყავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას სიტყვები, რომ ის და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ „მოპარული არჩევნების“ შედეგებს.
„არჩევნები მოიპარეს. მოხდა ძალაუფლების უზურპაცია, ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება,“ მოჰყავს გამოცემას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სიტყვები.
Politico-ს თანახმად, ორმა უცხოელმა დამკვირვებელმა, რომლებმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვეს, გამოცემას უთხრა, რომ ისინი პირადად იყვნენ მოწმენი დათვლის პროცესში დარღვევებისა და საარჩევნო უბნებში ძალადობისა.
ამავე დროს გამოცემა წერს, რომ ოპოზიციამ დარღვევების დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, თუკი შედეგების გასაჩივრებას აპირებენ.
გამოცემა ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები, რაც გაზრდის იმის პერსპექტივას, რომ განახლდება ხანგრძლივი დემონსტრაციების მოძრაობა, რომელსაც ზაფხულში თან სდევდა აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობა.
საუბრობს რა დასავლეთთან საქართველოს ხელისუფლების მზარდი დაპირისპირების შესახებ, Politico საგანგებო ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიღებულ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობაზე, რომელსაც გამოცემა „რუსული სტილის“ კანონმდებლობას უწოდებს, და ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართულ აკრძალვებზე.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.