ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მსოფლიოს მრავალ რეგიონში ექსტრემალური ამინდი შეინიშნება და კლიმატოლოგები ცდილობენ იმის გარკვევას თუ რისი მომასწავებელია კლიმატის ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ჩინეთში წყალდიდობებიდან დაწყებული და რუსეთში მძვინვარე ტყის ხანძრებით დამთავრებული, ავსტრალიაში ქარიშხლებით დაწყებული და შეერთებულ შტატებში აუტანელი სიცხით დამთავრებული, როგორც ჩანს, მსოფლიო ექსტრემალური ამინდის სეზონს განიცდის.
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად განადგურდა სოფლები და დაახლოებით 1,500 ადამიანი დაიღუპა.
„მთელი დღე-ღამის მანძილზე წვიმდა. ჩვენ საერთოდ არ გვიძინია,“ აღნიშნავს პენსიაზე გასული პაკისტანელი სამხედრო მოჰამედ იასინი.
ჩინეთში გადაუღებელმა წვიმებმა ათწლეულის მანძილზე ყველაზე დიდი წყალდიდობები გამოიწვია. გზატკეცილები ორი მეტრის წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ხოლო მეწყერები მოძრაობას დიდ საფრთხეს უქმნის.
„ჯერ დავინახე, რომ დიდი ლოდი გზაზე დაეცა და შემდეგ საშინელი ხმა მომესმა. კიდევ ერთი ლოდი ჩემს მანქანას მოხვდა და მე შოკში აღვმოჩნდი,“ ჩივის ჩინელი მძღოლი ჯიანგ ქიდი.
რუსეთში რეკორდული სიცხის ფონზე და გვალვის პირობებში ტყის ხანძრების ჩაქრობა უკიდურესად გართულდა.
„ჩვენ დღე და ღამე ღმერთს ვეხვეწებით რომ წვიმა წამოვიდეს და ამინდი შეიცვალოს. ეს არის ერთადერთი რამ რაც ჩვენ გვიშველის,“ აცხადებს რუსი მეხანძრე იგორ ვლაზნევი.
რუსეთი მსოფლიოს ხორბლის მესამე ექსპორტიორი ქვეყანაა და ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ გვალვის გამო წელს ხორბლის მოსავალი 25 პროცენტით შემცირდება. ხოლო წლის ბოლომდე რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი შეიძლება განახევრდეს. ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი უკვე თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.
სტიქიას არც საქართველო გადაურჩა. ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში წიწვოვანი ტყის მასივი იწვოდა, მაგრამ საბედნიეროდ სახანძრო ბრიგადებისა და თავდაცვის სამინისტროს შვეულმფრენების გამოყენებით ხანძარი ჩააქრეს.
ლესტერ ბრაუნი დედამიწის პოლიტიკის ინსტიტუტის მკლევარია. მისი თქმით:
„ხორბალზე ფასი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათიც უფრო გაძვირდება.“
ყოველივე ეს კითხვებს ბადებს. რა ხდება მსოფლიოში? ნუთუ შემთხვევითი დამთხვევაა ის, რომ ექსტრემალური ამინდი ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში შეინიშნება? წარმოადგენს თუ არა ამინდის ესოდენ რადიკალური გამოვლინება კლიმატის კატასტროფულ ცვლილებას? შეერთებული შტატების ეროვნული ატმოსფერული და ოკეანოლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, გასული სამი ათწლეულის მანძილზე დედამიწა დათბობას განიცდის, და ბოლო ათწლეული კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.
დეკე არნდტი ხსენებული უწყების მეცნიერ-თანამშრომელია. მისი თქმით:
„იმ შემთხვევაშიც კი როცა ტემპერატურა ერთ დონეზე შენარჩუნდება, ჩვენ ექსტრემალური ამინდის მოწმეები მაინც გავხდებით. ცვალებადი კლიმატის ფონზე ჩვენ უფრო ხშირად შევნიშნავთ ამგვარ კლიმატურ მოვლენებს.“
ლესტერ ბრაუნი კი აღნიშნავს, რომ მართალია ექსტრემალური ამინდი შეიძლება არ წარმოადგენდეს გლობალური დათბობის დამამტკიცებელ გამოვლინებას, მაგრამ მისი თქმით:
„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით განვაცხადოთ, რომ თუ ტემპერატურის ზრდის პროგნოზები გამართლდა, მაშინ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად გაჩნდება ხანძრები. შემდეგი შეიძლება ჩინეთი აღმოჩნდეს, ან შეერთებული შტატების დიდი დაბლობებ. არ არის გამორიცხული ისიც, რომ ხანძარი რამდენიმე რეგიონში ერთდროულად დაიწყოს. მაშინ ჩვენ ნამდვილი გამოწვევის წინაშე დავდგებით.“
ბრაუნი დასძენს, რომ ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს სამ მნიშვნელოვან მაჩვენებელზე - მსოფლიოში მოშიმშილე ხალხის რაოდენობაზე, ხორბლის ფასსა და წარუმატებელი სახელმწიფოების რიცხვზე.