იმ დაკავებულთა შორის, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გუშინ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, ტერორისტული აქტის მომზადებაში დასდო ბრალი, ორი, „კავკასიური ალიანსის“ წევრია.
ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2016 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი მიზანი, წესდების მიხედვით, „კავკასიის მოსახლეობაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სამართლებრივი და ზნეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა.“
დაკავებულია „კავკასიური ალიანსის“ თავმჯდომარე 23 წლის მინდია ვაშაყმაძე, აღმსარებლობით მუსლიმი, რომელიც აჭარელი ეკომიგრანტის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ გუმბათში დაიბადა. ვაშაყმაძე მიუთითებს, რომ განათლება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და რიზეს შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.
სასტიკად ნაცემი 26 წლის ბექა ბექაური, რომელსაც გუშინ თავის ქალაზე ოპერაცია გაუკეთდა, „კავკასიური ალიანსის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. სუს-ის მტკიცებით, ბექაურმა, რომელმაც უკვე აღიარა დანაშაული, მძიმე ტრავმები გაქცევის დროს მიიღო. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაკავებულის დეიდა მზია სუბელიანი:
არ ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ, ფაქტია, სანამ თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს თავი არ დაანებეს.მზია სუბელიანი, დაკავებული ბექა ბექაურის დეიდა
„არ ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ, ფაქტია, სანამ თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს თავი არ დაანებეს. გამომძიებელს უთქვამს, დიდხანს მხნედ იდგაო და მერე ყველაფერი თავის თავზე აიღოო.“
სუს-მა საზოგადოებას გუშინ ამცნო, რომ სოფელ საგურამოსთან, სპეცოპერაციის შედეგად, ხუთკაციანი ტერორისტული ჯგუფი დააკავა, რომელიც რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენის აფეთქებას გეგმავდა.
სპეცსამსახურის ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, დეტონატორები და ამფეთქის მუხტები. მათ შორის, "ოთხი ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, ხუთი ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე. წ. უემკაზე მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. ვეზედეს მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და 3 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით".
მინდია ვაშაყმაძისა და ბექა ბექაურის გარდა, საგურამოში ასევე დააკავეს: ნური ჭკადუა, ჯაბა მელქაძე და ვლადიმერ რუხაძე.
ცალკე იმავე სპეცოპერაციის ფარგლებში, აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ ბრალდება და ირაკლი ბაღიშვილი, იგი „დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ფაქტზეა დაკავებული.
35 წლის ირაკლი ბაღიშვილი, გალის რაიონის სოფელ მუხურიდან დევნილია, რომელიც უკვე წლებია თბილისში, ზღვის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ვლადიმერ რუხაძესთან ერთად, უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონთან“ დაახლოებული პირია.
არშემდგარი ტერაქტის შესაძლო დამკვეთზე საუბრისას, სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი:
ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან ჯერ დაუდგენელია“სავლე მოთიაშვილი, სუს-ის გამომძიებელი
„გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან ჯერჯერობით დაუდგენელია.“
მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ ასახელებს ტერაქტის დამკვეთს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაიცნეს და ასე დაახლოვდნენ.
ჟინვალი-შატილის გზის მახლობლად, ტყეში გადამალული იარაღის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია კი ჯგუფს, სუს-ის მტკიცებით, „უცნობმა პირმა“ შეატყობინა.
ადგილზე გასულები ისინი სუს-მა დააკავა, რომელიც, ადვოკატთა თქმით, მათ ტელეფონებს „უკანონოდ უსმენდა“ და "პირად ინტერნეტ სივრცეს აკონტროლებდა". ვინ იყო ის „უცნობი პირი“ ან საიდან გაჩნდა ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება მდინარე არაგვთან, სამალავში, ამ დრომდე არ კონკრეტდება.
არც საქართველოში უკრაინის საელჩოში და არც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა. უკომენტაროდ დატოვა ბრალდება თბილისიდან, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც.
,,მელქაძე, ვაშაყმაძე და ბექა ბექაური იყვნენ "კავკასიური ალიანსის" წევრები და ვაჰაბიზმის მიმდევრები. ეს ჩვენებაშიც წერია და თვითონ გამოძიების მიერაც არის დაფიქსირებული. ინფორმაციას, რომ ეს ამბავი თითქოს კიევიდან იმართებოდა, ბექაური უარყოფს“მაია ჭრელაშვილი, ადვოკატი
უკრაინის სამთავრობო ძალებთან ერთად მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა საგურამოს არშემდგარ ტერაქტთან ყოველგვარი კავშირი უარყვეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუს-ის ბრალდებას „აბსურდული“, ხოლო „ტერაქტის შესაძლო დაგეგვმაში“ მეგობარი სახელმწიფოს უკრაინის დადანაშაულებას - „უხერხული“ უწოდა.
"საგურამოს ტერაქტის" მომზადებასთან უკრაინის კავშირი უკვე უარყო, ერთ-ერთი დაკავებულის, ბექა ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა. მისი თქმით, ბრალდებულები ბექაური, ვაშაყმაძე და მელქაძე ვაჰაბიზმის მიდევრები არიან.
,,მელქაძე, ვაშაყმაძე და ბექა ბექაური იყვნენ "კავკასიური ალიანსის" წევრები და ვაჰაბიზმის მიმდევრები. ეს ჩვენებაშიც წერია და თვითონ გამოძიების მიერაც არის დაფიქსირებული. ინფორმაციას, რომ ეს ამბავი თითქოს კიევიდან იმართებოდა, ბექაური უარყოფს“ - აღნიშნა ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, გამოძიება ვალდებულია სწრაფად უპასუხოს კითხვას თუ ვინ იდგა ამ ჯგუფისა და არშემდგარი ტერაქტის უკან, რათა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები არ გაჩნდეს.
საგურამოში აღკვეთილი ტერაქტის სამქეზე შვიდივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართება. შვიდიდან ექვსი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ კი პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა დაიწყო. ამ დროისთვის, ბრალს მხოლოდ ბექა ბექაური აღიარებს.