ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისიამ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოითხოვა


20 დეკემბერს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზება წარუდგინა. ცნობას ამის თაობაზე საკუთარ ვებგვერდზე თავად ევროკომისია აქვეყნებს.

ევროპულ საბჭოში ევროკომისიის წინადადების მიღების შემთხვევაში, "დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის აღება", რათა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ვიზიტისთვის ჩავიდნენ, ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

განცხადება გადადგმული ნაბიჯის მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ "ეს წინადადება პასუხია საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიან მომიტინგეთა, პოლიტიკოსთა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე ზრუნვას".

გარდა ამისა, ევროკომისია საუბრობს საქართველოში ამ წლის განმავლობაში მიღებულ ორ კანონზე, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც ევროკავშირის ფასეულობათა საფუძველს წარმოადგენს. ესენია: მაისში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და შემდეგ, სექტემბერში დამტკიცებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი. განცხადება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ისეთი "ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება, ვიზალიბერალიზაციის გადამწყვეტ მოთხოვნას წარმოადგენს“.

ევროკომისიის წინადადება, რომელიც ძალაში შესვლამდე ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, არ შეეხება და არ დააზარალებს საქართველოს რიგით მოქალაქეებს. ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ძველებურად ისარგებლებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG