ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილერი: სხვა სანქციებიც გვაქვს, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვაპირებთ


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს "უახლოეს კვირებში" გამოაცხადებს. ამის შესახებ მან 16 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგისას ისაუბრა.

მილერმა თქვა, რომ "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს ქართული დემოკრატიის მდგომარეობის და იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა ქართული დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად.

"პარასკევს 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებებიც გვექნება უახლოეს კვირებში... გვექნება სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით", - თქვა მილერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს დაახლოებით 20 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და ინდივიდუალური პირები.

ორშაბათს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეთანხმდა, იმ ქართველი პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტებს ფლობენ.

"საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. ამის საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტექსტი და შევწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის.

დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე, კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს. და ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას, გადავამისამართებთ დახმარებას, რომელსაც ვუწევდით ხელისუფლებას და გადავცემთ ამ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას. როგორც სირიაში, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ისე საქართველოში - საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალი ექნება მას", - თქვა მან.

XS
SM
MD
LG