პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ერისადმი მიმართვას, დემოკრატების სახელით, მიჩიგანის გუბერნატორმა გრეტჩენ უიტმერმა და ტეხასელმა კონგრესმენმა ვერონიკა ესკობარმა უპასუხეს. ვინაიდან პრეზიდენტის გამოსვლაში მთავარი აქცენტები ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე გაკეთდა, დემოკრატებმა სწორედ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს გაუსვეს ხაზი.
გრეტჩენ უიტმერმა ისაუბრა არათანაბარ შემოსავლებზე და იმ ამერიკელებზე, რომლებსაც არ აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალება.
პრეზიდენტის "შევარდისფრებული" შეფასებების მიუხედავად, ამერიკელი მშრომელები ცუდ დღეში არიან, თქვა გუბერნატორმა უიტმერმა. მისი თქმით, ამერიკელების უმეტესობა ეკონომიკურ წარმატებებს ვერ გრძნობს. უმრავლესობის ხელფასები სტაგნაციას განიცდის, მაშინ როცა კერძო კომპანიების ხელმძღვანელების შემოსავლები წარმოუდგენლად იზრდება.
"არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს პრეზიდენტი საფონდო ბირჟებზე. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მილიონობით ადამიანი იტანჯება, რომ თავი გაიტანოს, ან არ აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ გადაიხადოს მგზავრობის საფასური, სასწავლო კრედიტები, ან რეცეპტით გამოწერილი წამლების ხარჯი" - ამბობს უიტმერი. "როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკა ძლიერია, ჩემი კითხვაა: ვისთვისაა ძლიერი"?
უიტმერის თქმით, მან ბევრი იბრძოლა საკუთარ შტატში იმისთვის, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ შემოღებული ჯანდაცვის პროგრამები გაეფართოებინა. "დემოკრატები თქვენი ჯანდაცვის გაუმჯობესებას ცდილობენ. რესპუბლიკელები ვაშინგტონში კი - მის წართმევას" - თქვა გუბერნატორმა.
უიტმერმა ასევე ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, მათ შორის: თანასწორ ხელფასებზე, მინიმალური ხელფასის გაზრდაზე, რომელიც 30 მილიონამდე ამერიკელის შემოსავალს გაზრდის და ხანდაზმულებისთვის მედიკამენტებზე დაწესებულ ფასდაკლებებზე. გუბერნატორმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატს მათი დამტკიცებისკენ მოუწოდა.
კონგრესში ტეხასის წარმომადგენელმა, ვერონიკა ესკობარმა ამერიკის ესპანურენოვან მოსახლეობას მიმართა. მან უმეტესად ყურადღება იმიგრაციის პრობლემებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებში იმიგრირებულთა დიდ წვლილს ქვეყნის განვითარებაში.
ესკობარმა ისაუბრა იმაზე, რომ მცირეწლოვან ასაკში არალეგალურად იმიგრირებულები, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ნაკლებად დაცულები არიან. წარმომადგენელთა პალატის წევრმა ასევე ახსენა მექსიკის საზღვარზე დაღუპული მიგრანტი ბავშვები. "ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამერიკაში გატარდებოდა" - განაცხადა ვერონიკა ესკობარმა.
მან კლიმატურ ცვლილებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო წლებში მომხდარი ხანძრები, ქარიშხლები და წყალდიდობები ადასტურებს, რომ კლიმატური ცვლილებები "ჩვენი დროის ყველაზე დიდი საფრთხეა... ჩვენ ვერ დავუშვებთ უმოქმედობის და უარყოფის კიდევ 4 წელს".
Facebook Forum