ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზარდი ინფიცირების ფონზე, ამერიკის ზოგ შტატში ფედერალურ დახმარებაზე უარს ამბობენ


ამერიკის მთელ რიგ პროვინციულ ქალაქებში და სოფლებში კოვიდ-19-ის შემთხვევები იზრდება. ამის მიუხედავად, პოლიტიკოსების ნაწილი პანდემიასთან ბრძოლაში ფედერალურ დახმარებაზე მაინც უარს ამბობს. მათ შორის ძირითადად რესპუბლიკური მმართველობის მქონე შტატები ჭარბობს, რომლებიც დემოკრატებით დომინირებული ვაშინგტონის დახმარების დიდ ნაწილს უარყოფენ.

აიდაჰოს შტატის რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე კონგრესმა ახლახან უარი თქვა ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ $40 მილიონის სუბსიდიაზე. აიდაჰოელი კანონმდებლები ფედერალურ მთავრობას ადგილობრივ საქმეებში ზედმეტად ჩარევაში და ფედერალური საბიუჯეტო თანხების გადახარჯვაში ადანაშაულებენ.

პარალელურად, აიდაჰოში ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები ფიქსირდება. შტატის ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ მათ მალე პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი აღარ ეყოფათ.

ეს იმ ფონზე ხდება, როცა აიდაჰოსთვის მილიონობით დოლარია გამოყოფილი, მაგალითად - სკოლებში ტესტირების დასაფინანსებლად, მაგრამ ეს თანხა სახელმწიფო ხაზინაში უძრავად დევს. დამატებით $1.8 მილიარდი სხვა ტიპის დახმარებებზეა გათვლილი. ეს თანხაც ჯერჯერობით გაყინულია. საბოლოო ჯამში, პანდემიის განმავლობაში აიდაჰომ ფედერალური დახმარების მხოლოდ 30%-ით ისარგებლა და შტატის საჭიროებებს შესაძლებელი $2.6 მილიარდიდან მხოლოდ $780 მილიონი მოახმარა.

აიდაჰოში ზოგიერთი კანონმდებლები ფიქრობს, რომ ტესტირება ზედმეტი თავისტკივილია, რადგან ბავშვებში კოვიდ-19-ის გართულებები შედარებით ნაკლებად ფიქსირდება.

"სკოლებში თქვენი შვილების გაშვება თუ გინდათ, ტესტირებაზე უარი უნდა თქვათ" - ამბობს ბენ ადამსი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც ქალაქ ნამპას წარმოადგენს, დაახლოებით 100 000 მოსახლით. კორონავირუსის ინფექციის აფეთქების გამო, აიდაჰოს შტატის 115 სასკოლო უბნიდან 14 დროებით დაკეტილია, რომელთა შორის ნამპას სკოლებიცაა.

აიდაჰოს შტატი ინფიცირების მხრივ ამერიკაში დღეს მე-5 ადგილზეა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კოვიდ-19 იქ ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 369-ს უმტკიცდება. შტატი ერთ-ერთია რესპუბლიკელი გუბერნატორებით მართულ, ამერიკის 26 შტატს შორის, რომლებმაც პანდემიის გამო უმუშევრობის დახმარების ფედერალურ სუბსიდირებაზე უარი თქვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG