ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. "აგენტების კანონი" და თავდაცვისუნარიანობა - ინტერვიუ პოლკოვნიკ ჰამილტონთან


როგორ შეიძლება იმოქმედოს ამერიკის მიერ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვამ ქვეყნისთვის თავდაცვის კუთხით გაწეულ დახმარებაზე - ამ კითხვით ამერიკელ თადარიგის პოლკოვნიკს, ბობ ჰამილტონს მივმართეთ. ის წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მუშაობდა და თავდაცვის სისტემას, მის გამოწვევებსა და უპირატესობებს კარგად იცნობს. "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" ევრაზიის პროგრამის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ომის კოლეჯის პროფესორი ამბობს, რომ საქართველოს მმართველი გუნდის მიერ დასავლური გზიდან გადახვევის თაობაზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მისთვის უკვე აშკარა იყო, და ის სამხედრო კუთხით გასატარებელი რეფორმების უგულებელყოფაშიც გამოიხატებოდა.

- ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის თაობაზე განაცხადა. საინტერესოა, რამდენად აისახება ეს სამხედრო პარტნიორობაზე. თუმცა მანამდე გვითხარით, რა წვლილი შეიტანეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში?

- საქართველოსთან ამერიკის სამხედრო პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ამერიკამ ნამდვილად ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოში, მის თავდაცვის სამინისტროში. ვფიქრობ, საქართველოს თავდაცვის ძალებმა ერაყსა და ავღანეთში ოპერაციებისას ეს საფასური სრულად გადაიხადეს, როცა ამერიკელთა გვერდით იბრძოდნენ. იქნებოდა ეს 2003-2008 წლებში ერაყში თუ 2009 წლიდან მისიის ბოლომდე, 2021 წლამდე - ავღანეთში.

თუმცა ბოლო დროს, ბოლო წლებში ნათელი გახდა, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება და ინვესტიცია საქართველოში არ იყო მომგებიანი, ნაყოფიერი იმ კუთხით, რომ საქართველო გამხდარიყო ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი. რომ საქართველოს გაეტარებინა ის ცვლილებები, რეფორმები, რაც აუცილებელია, რომ მას შეეძლოს დამოუკიდებლად შეინარჩუნოს ის სამხედრო შესაძლებლობები, რომელიც ამერიკის დახმარებით შეიქმნა.

ბოლო წლებში ნათელი გახდა, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება და ინვესტიცია საქართველოში არ იყო ნაყოფიერი იმ კუთხით, რომ ის გამხდარიყო ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი. რომ ქვეყანას გაეტარებინა ის რეფორმები, რაც აუცილებელია აშშ-ის დახმარებით შექმნილი სამხედრო შესაძლებლობების დამოუკიდებლად შესანარჩუნებლად.

ჩემი იქ მუშაობის ბოლო პერიოდში, 2020- 2022 წელს, “საქართველოს თავდაცვის მზაობის პროგრამა” დასრულდა. ამ პროგრამის მიწურულს ნათელი იყო, რომ საქართველომ უბრალოდ არ გააკეთა ბევრი ის რამ, რა პირობითაც ამერიკის დახმარების მიღებას დათანხმდა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად “თავდაცვის მზაობის პროგრამის” ფარგლებში. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკამ საქართველოს მიანიჭა კიდევ უფრო ფართო პროგრამა, უფრო ხანგრძლივი და მასშტაბური, სახელად: “საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა”.

ამ კუთხით, ნამდვილად არ გვინახავს მოტივაცია იმისა, რომ საქართველოს გაეტარებინა მტკივნეული რეფორმები, რომელთა გატარებასაც [თავიდან] დათანხმდა; რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველიყოს ამერიკის დახმარებით ადგილზე შექმნილი შესაძლებლობების დამოუკიდებლად შენარჩუნება.

- ამბობთ, რომ ცვლილება ნათელი გახდა ბოლო წლებში. უკავშირებთ ამას რამე პოლიტიკურ მოვლენას, ან გვითხარით, როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები დროთა განმავლობაში, დინამიკაში?

- ვფიქრობ საქართველოს “თავდაცვის მზაობის პროგრამის” მიზანი, რომელიც 2018-2021 წლებში ხორციელდებოდა, მართებული იყო. და ეს განსხვავებული იყო ორი მიზეზით:

პირველი, ეს იყო ამერიკის სამხედრო დახმარების პირველი პროგრამა, რომელიც უშუალოდ იყო მორგებული და შექმნილი საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების აშენებაზე. ამერიკის დახმარების წინა პროგრამები… მეტწილად მიზნად ისახავდა ისეთი შესაძლებლობების შექმნა-გაძლიერებას, რაც ქართველებს სწორედ ერაყსა და ავღანეთში მისიებში სჭირდებოდათ. მათ შორის მაგალითად აჯანყების საწინააღმდეგო ოპერაციების ჩატარება ამერიკელებთან ერთად და ა.შ.

2006-2008 წლებში, როცა მე საქართველოში „თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის“ მეთაურად მუშაობა დავიწყე, გარკვევით და კონკრეტულად გვეკრძალებოდა კიდეც ის, რომ დავხმარებოდით მათ მაგალითად საავიაციო შეტევების, ტანკების, არტილერიის თუ ამ კუთხით წვრთნით, ისეთი რამით, რაც ერაყში არ იყო საჭირო, და რაც რუსების მხრიდან შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც „ზედმეტად პროვოკაციული“ ნაბიჯი.

ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსების პროვოცირებას სისუსტე ახდენს, და არა - ძალის ჩვენება. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი მიდგომა იყო ერთგვარი რისკის თავიდან არიდების მცდელობა ამერიკისა და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

თუმცა “თავდაცვის მზაობის პროგრამა”, რომელიც 2018 წელს დაიწყო, განსხვავებული იყო. ის უშუალოდ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად იყო შემუშავებული, და მოიცავდა ინსტიტუციურ კომპონენტსაც. ეს არ ყოფილა მხოლოდ ტაქტიკური წვრთნები. ეს იყო წვრთნებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტებში ამ შესაძლებლობების შენებაც, რაც მნიშვნელოვანია. თუმცა, სინამდვილეში “თავდაცვის მზაობის პროგრამაც” ისე დასრულდა, როგორც სხვა ყველა, მხოლოდ წვრთნის პროგრამა. მე იქ ამ პროგრამის ბოლო წელიწადზე მეტხანს ვიყავი და სხვებიც გეტყვიან, რომ ის მხოლოდ საწვრთნელ პროგრამამდე ჩამოქვეითდა. 2021 წელს, როდესაც პროგრამა დასრულდა, ძალიან ცოტა რეფორმა იყო გატარებული ინსტიტუციურ დონეზე.

მაგრამ ვფიქრობ ამერიკის დახმარების მიმართ საქართველოს მიდგომა პოლიტიკური საკითხი იყო. ჩემი აღქმით, ეს დაახლოებით 2019 წლის ზაფხულის მოვლენების პერიოდში დაიწყო. ეს იყო დრო, როდესაც საქართველოს მთავრობამ გავრილოვის ინციდენტის გამო დაასკვნა, რომ დასავლეთი მოწინააღმდეგე იყო, რომ ავტორიტარიზმი, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების შევიწროვება და მმართველობის რუსული მოდელი უნდა აერჩიათ. და როდესაც ხელისუფლების პოლიტიკურმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამ მიდგომამ თავდაცვის სამინისტროშიც შეაღწია. თუმცა ეს მართლაც არასდროს ყოფილა სამხედრო პერსონალში, ადამიანებში, რომლებსაც სამხედრო ფორმა აცვიათ, თავდაცვის ძალებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, თავდაცვის ძალებს სწორედ თავდაცვის სამინისტრო მართავს და სამხედრო პერსონალს არ აქვს დიდი არჩევანი იმის გარდა, რომ სამინისტროდან მომავალი პოლიტიკის დირექტივა შეასრულოს.

საქართველოს მთავრობა კვლავ გამუდმებით იმეორებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე ფრაზებს. მაგრამ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მათ ამის არ სჯეროდათ. ვფიქრობ “ქართული ოცნების” მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების რადარიდან გამქრალიყო"

ჩემი აზრით, საბოლოოდ, პრობლემა, რატომ იყო ამერიკის დახმარება საქართველოსადმი იმაზე ნაკლებ ეფექტური, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. ისაა, რომ ჩვენც ძალიან დიდხანს ვიყავით ფოკუსირებულნი ტაქტიკურ საფეხურზე, ძალიან დიდხანს არ დავიწყეთ ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებზე მუშაობა. და მეორე მხრივ - საქართველოს პოლიტიკური ცვლილება. ზოგის აზრით, ეს ცვლილება მანამდეც დაიწყო. მაგრამ მე 2019 წელი მეჩვენება გარდამტეხ მომენტად. თუმცა პოლიტიკური ცვლილება ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მიმართულებით, მაშინ ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას [საქართველოს] სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად რაც არ უნდა გაეკეთებინა, ამას არ ექნებოდა ეფექტი.

- 2019 წლის ზაფხულს და ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ ახსენებთ, და საჭირო რეფორმებზე უარის თქმას, მათ უგულებელყოფას. თუმცა იყო რაიმე სხვა ან საჯარო განცხადება, ან მოვლენა, რომელზეც შეგიძლიათ მიუთითოთ, რაც მიანიშნებდა, რომ პოლიტიკური მიმართულების ეს ცვლილება ხდებოდა და ეს ამერიკასთან და დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობაზეც ახდენდა გავლენას?

- არა, საჯაროდ ასეთი არასდროს არაფერი თქმულა. საქართველოს მთავრობა კვლავ გამუდმებით იმეორებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თაოაბაზე ფრაზებს. მაგრამ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მათ ამის არ სჯეროდათ. და სინამდვილეში, ვფიქრობ “ქართული ოცნების” მთავრობის მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების რადარიდან გამქრალიყო.

საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმოდა, რომ დასავლეთის პოლიტიკა სწრაფად არ იცვლება. და სანამ საქართველო არ იყო პრიორიტეტი, “ქართული ოცნების” მთავრობა განაგრძობდა იმის კეთებას, რაც სურდა. ეს კი იყო ავტორიტარული, პრორუსული მიმართულებით მოძრაობა. მაგრამ დასავლური დახმარება, ათობით და ასობით მილიონი დოლარი განაგრძობდა შემოდინებას.

ასე რომ, ამ სიტუაციაში რამდენიმე წელი გაატარეს და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა ეს ასობით მილიონი დოლარი, ამერიკისა და დასავლეთის დახმარება, სამხედრო იქნებოდა ეს, ეკონომიკური, თუ განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები... არ იქნებოდა დასავლეთისგან დიდი ყურადღება, რომ არა “უცხოეთის აგენტების” კანონი ამ წლის გაზაფხულზე. ამან უკვე საბოლოოდ მიიპყრო დასავლეთის დედაქალაქებში ხალხის ყურადღება იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს სინამდვილეში საქართველო.

ვფიქრობ ახლა, საბოლოოდ ვნახავთ დასავლეთისგან ამ დახმარების შემცირებას. საქართველოდან სამწუხაროდ ზოგი იმასაც მეუბნება, რომ დასავლური მთავრობები ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც შეუმცირებენ ან შეუწყვეტენ დაფინანსებას, რაც მცდარი მიდგომაა. დახმარება უნდა შეუწყდეს საქართველოს მთავრობას და უნდა გაუორმაგდეს სამოქალაქო ორგანიზაციებს. რადგან მთავრობის განზრახვა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა, პროდემოკრატიული, პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების. ვფიქრობ, სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთ ყურადღება - ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ.

- რა უშუალო გავლენა შეიძლება ჰქონდეს ე.წ. “აგენტების კანონის” მიღებას და ამის გამო ამერიკის მიერ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვას ქვეყნის სამხედრო და თავდაცვით შესაძლებლობებზე?

- ვფიქრობ ვნახავთ დასავლური დახმარების შემცირებას. ორი დიდი ამერიკული პროგრამა არის საგარეო სამხედრო დაფინანსება და საერთაშორისო სამხედრო განათლება და წვრთნა. ვფიქრობ, ისინი შეიზღუდება, ალბათ უკვე არის გეგმები მათი საგრძნობლად შემცირების თაობაზე, ზოგიერთი ეს თანხა ალბათ სხვა ქვეყნებში გადავა.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს, ამას ექნება გავლენა. როგორც ისევ საქართველოდან ვიგებ, რეკრუტირების პრობლემა, რომელიც ქართულ თავდაცვის ძალებს ჰქონდა ახლა იმაზე უარესია, ვიდრე - ოდესმე. მათ ჰქონდათ ტექნიკის უზრუნველყოფის, პერსონალის რეკრუტირების, პერსონალის წვრთნისა და განათლების პრობლემები და ეს ყველაფერი უარესდება... თავდაცვის შესაძლებლობები უარესდება ასევე იმიტომ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობდა იმ ტიპის რეფორმების გატარებაზე, რაც აუცილებელია ამ შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. შესაბამისად, როცა ის უარს ამბობდა რეფორმებზე ან ეს რეფორმები წარუმატებელი იყო, შესაძლებლობებიც დროთა განმავლობაში გაუარესდა.

- მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმეორებენ, რომ დასავლელ მოკავშირეებს თბილისის რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ, თუკი საქართველოს მართლაც შეუმცირდება სამხედრო მხარდაჭერა ამერიკისა და სხვა დასავლელი პარტნიორებისგან, გაუუარესდება მათთან ურთიერთობა, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები აქვს და კრემლის აგრესიაც (რომ აღარაფერი ვთქვათ გამუდმებულ “მცოცავ ოკუპაციაზე”, მოქალაქეების გატაცებაზე) მის წინააღმდეგ გრძელდება?

- ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობის მიდგომა რუსეთის ოკუპაციისადმი ასეთია: უარი თქვან ოკუპაციის დასასრულებელ ძალისხმევაზე ნატოსა და ევროკავშირთან დიპლომატიური თანამშრომლობის და ამგვარად რუსეთზე წნეხის გზით. ვფიქრობ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ იმუშავებს.

"გლობალური ომის პარტიასა” და “საქართველოს ომში ჩათრევაზე” მთელი ეს საუბარი აბსოლუტური ნონსენსია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ეს იცის. ომის გაფართოება არავის სურს. მაგრამ ეს ხელსაყრელი მდგომარეობაა, ხელსაყრელი ნარატივი, რომელიც შეუძლიათ გაიმეორონ უკრაინაში ომის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გასამართლებლად.

ხშირად ვისმენ, რომ არის ერთგვარი „დიდი გარიგება“ საქართველოსა და რუსეთს შორის, ან შეთავაზების ან განხილვის დონეზე, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფებების დათმობით, საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. თუკი საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ რუსეთი რაიმე იმ პირობას შეასრულებს, რასაც მეზობლებს აძლევს, მივუთითებდი ათეულობით შეთანხმებაზე, რომელიც მათ არ შეასრულეს. იქნება ეს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინასთან თუ 2008 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რუსებს არც ერთი ეს პირობა არ შეუსრულებიათ.

ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს მთავრობა იმდენად გულუბრყვილოა, რომ დაიჯეროს, რომ რამენაირად რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებით მას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაუბრუნებენ. (ეს იმასაც ნიშნავს, რომ მსგავსი რამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოზიციების გაუთვალისწინებლად უნდა მოხდეს, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, პრობლემაა).

ამასთან, "გლობალური ომის პარტიასა” და “საქართველოს ომში ჩათრევაზე” მთელი ეს საუბარი აბსოლუტური ნონსენსია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ეს იცის. იცის, რომ არ არსებობს არანაირი მცდელობა საქართველოს პარტნიორების, თუ, შესაძლოა, ყოფილი პარტნიორების მხრიდან, რომ ის უკრაინასთან ომში ჩაითრიონ. ომის გაფართოება არავის სურს. მაგრამ, ეს ხელსაყრელი მდგომარეობაა, ხელსაყრელი ნარატივი, რომელიც შეუძლიათ კვლავაც გაიმეორონ უკრაინაში ომის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გასამართლებლად. პოლიტიკის, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიდან ისე დაიწყო, თითქოს ღობეზე მსხდომები უყურებდნენ რა მოხდებოდა, ახლა კი რუსულ მხარეს არიან გადახრილნი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს უნგრეთში ისიც თქვა, რომ უკრაინაში ომის მიზეზი ნატოს გაფართოება იყო. ყველა ეს მიზეზი, ყველა ეს მაჩვენებელი, ყველა ეს ნიშანი აშკარა იყო მას შემდეგ, რაც [სრულმასშტაბიანი] ომი დაიწყო, რომ საქართველო არ ცდილობდა მხოლოდ ომის მიღმა დარჩენას, საქართველო არსებითად იხრებოდა კიდეც რუსულ მხარეს.

- ამასთან, ხშირად გვესმის ის, რომ მოკავშირეები არც უკრაინას ეხმარებიან სათანადოდ, საკმარისად სწრაფად ან იმ მასშტაბით, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება. საქართველოს კი ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი ალიანსის საერთაშორისო მისიებში...

- ეს სავსებით სამართლიანი შეკითხვაა. ნატოთი გადაღლა რეალურია საქართველოშიც და უკრაინაშიც და ეს გასაგებიცაა. ალიანსმა 2008 წელს ბუქარესტის სამიტისას თქვა, რომ საქართველო და უკრაინა წევრები გახდებოდნენ, ახლა კი, 16 წლის შემდეგაც ისინი არ არიან ამ მიზანთან ბევრად ახლოს.

საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილება. მას არ აქვს გზა ნატოსკენ მის მთავრობაში, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გარეშე. უკრაინამ კი ყველაფერი გააკეთა. ასე ვთქვათ “ნატოს გასაუბრება”, გამოცდა ისე კარგად არავის ჩაუბარებია, როგორც - უკრაინას. არა მხოლოდ რუსეთის აგრესიასთან გამკლავებით, მაგრამ ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის სერიოზული ზიანის მიყენებით. თუმცა, რუსეთმა შეძლო ამ ზიანის საკმაო ნაწილის აღდგენა იმის გამო, რომ საომარ ეკონომიკაზე გადაერთო.

მე მესმის, ნატოს წევრობის საკითხით გადაღლა, მესმის იმედგაცრუება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინის მიდგომა არის შესაბამისი, მართებული მიდგომა. დიახ უკრაინას ეს მიდგომა არ აურჩევია, იქ რუსეთი 2 წლის წინ [კიდევ ერთხელ] შეიჭრა. მაგრამ უკრაინული მიდგომა მართებულია: იყო ისეთი მომთმენი, რამდენადაც შესაძლებელია, აჩვენო შენი შესაძლებლობები, შენი ნება, შენი მზაობა ალიანსისთვის და იმედი იქონიო, რომ ერთ კონკრეტულ დღეს 32 სახელმწიფოს მთავრობის მეთაურს ექნება საკმარისი პოლიტიკური სიმამაცე, რომ უკრაინის ნატოში შესვლა დაუშვას.

საქართველო ახლა ამ დისკუსიებს მიღმაა. ამ ეტაპზე არავინ, არც ერთი წევრი სახელმწიფო, შესაძლოა უნგრეთის გარდა, არ ლაპარაკობს რეალისტურად საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. სამხედრო შესაძლებლობებთან ერთად, იმიტომაც, რომ საქართველოში უბრალოდ არ არის ამის პოლიტიკური ნება... ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, სჭირდება იმ სამხედრო შესაძლებლობების ჩვენება, რომელიც საქართველოს ახლა უბრალოდ არ აქვს. ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ვიტყოდი, რომ საქართველო ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე - ნატოს რომელიმე ასპირანტი ქვეყანა როდესმე ყოფილა.

XS
SM
MD
LG