ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ნატოს პარტნიორებს პუტინის ბირთვული გაფრთხილების ფონზე ხვდება


ჯო ბაიდენი ვარშავაში, პოლონეთის მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვის წინ. 21 თებერვალი, 2023 წ.
ჯო ბაიდენი ვარშავაში, პოლონეთის მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვის წინ. 21 თებერვალი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 22 თებერვალს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს ხვდება. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის კონტროლის თაობაზე "ახალი სტარტის" საეტაპო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ზღუდავს, ნატოს სურვილია, კოლექტიური უსაფრთხოების მიმართ ერთიანობა და სოლიდარობა აჩვენოს.

კიევში ამერიკის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის წლისთავის წინა დღეებში შედგა, ბაიდენი ვარშავაში, პოლონეთის დედაქალაქში ჩავიდა. 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინას ყოველგვარი პროვოცირების გარეშე დაესხა თავს და იქ სრულმასშტაბიანი, სისასტიკით გამორჩეული ომი დაიწყო.

ევროპის კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ომი არ ახსოვს. დასავლეთს და რუსეთს შორის ურთიერთობებიც ცივი ომის დროიდან მოყოლებული, ასე ჯერ არ გართულებულა. ვარშავაში, პოლონელი ხალხისადმი მიმართვაში, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს რუსეთის პრეზიდენტის მსგავს "ავტოკრატებს".

ბაიდენის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარლამენტს ვრცელი სიტყვით მიმართა, რომელშიც მის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი დასავლეთ დააბრალა. იმავე მიმართვაში პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ზღუდავს "ახალი სტარტის" სახელით ცნობილ, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას. შეთანხმება რუსეთს და ამერიკას სტრატეგიული ბირთვული ქობინების განლაგების ლიმიტს უწესებს. პუტინმა ასევე გააფრთხილა დასავლეთი, რომ მოსკოვმა შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოცდები განაახლოს.

დღეს, 22 თებერვალს, ბაიდენი ჯერ პოლონეთში მყოფი შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებს ხვდება. ამის შემდეგ კი ის ვარშავაში შეკრებილ, ე.წ. "ბუქარესტ-9" ჯგუფის ლიდერთა შეხვედრას დაესწრება. აქ იგულისხმება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ან ესტონეთი, რომლებიც ნატოში საბჭოთა კავშირის დაშლის და რეგიონში მისი დომინირების დასრულების შემდეგ გაწევრიანდნენ.

ამ ქვეყნების ლიდერები უკრაინას გამორჩეულად უჭერენ მხარს და მიიჩნევენ, რომ კიევს მაქსიმალური სამხედრო დახმარება უნდა გაეწიოს. შეხვედრაზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოებისადმი დადებული პირობის და ასევე მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაზრდას.

კრემლი ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს და მას "კიევის რეჟიმის" მხარდაჭერაში და უკრაინის მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლის ველად გამოყენებაში ადანაშაულებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი სამხედრო ალიანსებისადმი აქამდე ნეიტრალურმა შვედეთმა და ფინეთმაც გამოთქვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG