შეერთებული შტატები განიხილავს, როდის შეუძლია მოხსნას მოგზაურობის შეზღუდვები. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პანდემიის გამო, ამერიკის არამოქალაქე პირებისთვის, ევროპის უმმეტესი ნაწილიდან აშშ-ში მოგზაურობა შეზღუდულია.
„ეს ახლა [განხილვის] პროცესშია და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენი კოვიდ-გუნდისგან მოსაზრებებს მოვისმენ, როდის უნდა გაკეთდეს ეს“ - აცხადებს ჯო ბაიდენი, ევროპასთან დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ.
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მასთან შეშეხვედრაზე იგივე განაცხადა, რაც პრესკონფერენციაზე. ამასთან, მერკელის თქმით, შეხვედრაზე კივიდ-19-ის დელტა ვარიანტის გავლენაზეც იმსჯელეს. „ეს [აკრძალვების მოხსნა] მტკიცე გადაწყვეტილება უნდა იყოს. რა თქმა უნდა, გონივრული არ იქნება, თუ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება კვლავ შეიცვლება“ - ამბობს მერკელი.
ადმინისტრაციას დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებენ ავიაკომპანიების, ტურიზმის და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
ივნისის დასაწყისში, თეთრმა სახლმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა. შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაშინგტონი ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, კანადასთან და მექსიკასთან მუშაობს. ამ ფორმატში შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ იმართებოდა, მაგრამ ბოლო დროს ეს პროცესი შეფერხებულია.
„ვიდრე ნებისმიერ ქვეყანასთან მოგზაურობის გახნის შესახებ განცხადებას გავაკეთებთ, შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად დისკუსიებია საჭირო. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გონივრულად ვმოქმედებთ და მოგზაურობას გავხსნით მაშინ, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება“ - აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას თეთრი სახლის ოფიციალური პირი.
წყაროზე დაყრდნობით, „როიტერი“ წერს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს სურს, ავიაკომპანიებმა საერთაშორისო მგზავრთა კონტაქტების კვლევა განახორციელონ.
ავიაკომპანიებისა და ოფიციალური პირების ნაწილი აცხადებს, რომ აგვისტომდე აშშ-ის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოელიან.
Facebook Forum