შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინდოეთში ჩადის, იმის მიუხედავად, რომ პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ბაიდენს იმედი აქვს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკრიბებიან, ერთობლივი მუშაობა წარმატებით დასრულდება.
"მას სიმპტომები არ აქვს", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. ამას გარდა, თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტს კოვიდ-ტესტზეც უარყოფითი პასუხი ჰქონდა.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია დიდი ოცეულის შეხვედრებზე ორიენტირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ვალის რესტრუქტურიზაცია და უკრაინის ომი. შეკრება შაბათს, 9 სექტემბერს, ინდოეთის დედაქალაქში დაიწყება.
„ვიმედოვნებთ, რომ დიდი ოცეულის ეს სამიტი აჩვენებს, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, შეუძლიათ ერთად იმუშაონ გამოწვევების პერიოდშიც კი", - თქვა სალივანმა და დასძინა: "ასე რომ, დელიში მიმავალნი, ყურადღებას განვითარებად ქვეყნებზე გავამახვილებთ, წინ წამოვწევთ ამერიკელი ხალხისთვის პრიორიტეტულ საკითხებს, კლიმატის ცვლილებების, თუ ტექნოლოგიების ჩათვლით, და დავადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დიდი ოცეულის ფორუმის მიმართ, რომელიც დადებულ პირობებს ასრულებს".
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ორი მნიშვნელოვანი ლიდერის - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის - არყოფნა, გავლენას მაინც იქონიებს დიდი ოცეულის მუშაობაზე. ეს განსაკუთრებით მასპინძლის, ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთვის იქნება გამოწვევა, რადგან დელიში მიღებულ კომუნიკეზე არ იქნება ამ ორი ლიდერის ხელმოწერა.
ახლახან, ბაიდენმა ჩინეთის ლიდერის სამიტზე არყოფნის გამო "იმედგაცრუება" გამოხატა. თუმცა, მან იქვე ისიც თქვა, რომ სი ძინ პინს მაინც შეხვდება. ჯეიკ სალივანს არ დაუკონკრეტებია, თუ სად და როდისთვის იგეგმება შეერთებული შტატების და ჩინეთის უმაღლესი დონის სამიტი.
Facebook Forum