ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეულის სამიტს დრონსაწინააღმდეგო სისტემები და უსაფრთხოების 130 000 ოფიცერი დაიცავს


მიმდინარე თვეში ინდოეთი დიდი ოცეული სამიტს უმასპინძლებს. დელიში სამიტის უსაფრთხოებას, რომელსაც მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან, ქვეყნის უსაფრთხოებისს 130 000-მდე ოფიცერი დაიცავს.

ორდღიანი სამიტზე, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, ინდოეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სტუმრები იქნებიან წარმოდგენილნი. მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ იბნ სალმანი, იაპონიის, ავსტრალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.

სამიტს არ დაესწრება ვლადიმირ პუტინი, მოსკოვი საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი. ამასთან, პეკინსა და დელიში, წყაროების ცნობებით ირკვევა, რომ სამიტს, სავარაუდოდ გამოტოვებს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც.

დიდი ოცეულის შეხვედრას ასევე დაესწრებიან გაეროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

”ეს არის ისტორიული და მნიშვნელოვანი მომენტი”, - თქვა დეპენდრა პატაკმა, დელის პოლიციის სპეციალურმა კომისარმა, რომელიც ქალაქის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. მისივე თქმით, კანონისა და წესრიგის დასაცავად, უსაფრთხოების ზომებში ასევე ჩართულია ათასობით პერსონალი სხვა სამთავრობო უშიშროების სამსახურებიდან, მათ შორის - შიდა მცველები და პარასამხედრო სასაზღვრო უსაფრთხოების ძალები.

„პროტესტებისა და შეკრებების შესაკავებლად, ჩვენ საკმარისი და ძლიერი პოლიცია გვეყოლება წარმოდგენილი“, - თქვა დელის სპეციალურმა კომისარმა. იმ ტერიტორიის უსაფრთხოებას, სადაც სამიტი გაიმართება, უსაფრთხოების სხვა გუნდა დაიცავს და მას კიდევ ერთი სპეციალური კომისარი რანვეერ სინგ კრიშნია უხელმძღვანელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის დედაქალაქი შედარებით მშვიდია, ჯერ კიდევ გასულ თვეში, კომუნალური დაძაბულობა წარმოიქმნა მეზობელ ინდუსტრიულ ქალაქ გურუგრამში, რომლის დროსაც, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური პირების განცხადებით, სამიტის განმავლობაში, დელის საზღვრები მჭიდროდ იქნება დაცული და ქალაქში შესვლა დარეგულირდება. სამიტის მსვლელობისას, მთავრობა 20-მილიონიანი ქალაქის ნაწილობრივ დახურვას გეგმავს. სკოლებმა, სამთავრობო დეპარტამენტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა, სამდღიანი დახურვის შესახებ მოთხოვნა უკვე მიიღეს.

XS
SM
MD
LG