აზერბაიჯანის ხელისუფლებამ BBC News-ის აზერბაიჯანული ბიუროს საქმიანობის შეჩერების ბრძანება გასცა, აღნიშნული ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ 20 თებერვალს დაადასტურა.
BBC-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ "იძულებით მიიღო გადაწყვეტილება" ოფისის დახურვის შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას სიტყვიერი მითითება მისცა.
"ჩვენ ღრმად ვწუხვართ ამ შემზღუდველი ნაბიჯის გამო, რომელიც ზღუდავს პრესის თავისუფლებას და ხელს შეუშლის ჩვენს შესაძლებლობას, გავაშუქოთ მოვლენები აზერბაიჯანიდან და აზერბაიჯანის შესახებ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ," — ნათქვამია BBC-ის წარმომადგენლის განცხადებაში.
BBC-ის საქმიანობის შეჩერება მოჰყვა აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის მიერ გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურდა BBC-ის თანამშრომლების რაოდენობის ერთამდე შემცირება.
BBC-ის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან წერილობითი შეტყობინება შეჩერების შესახებ არ მიუღია. ჯერჯერობით, ახალი დეტალების გარკვევამდე, აზერბაიჯანში მისი ჟურნალისტური ჯგუფი შეაჩერებს საქმიანობას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიხან ჰაჯიზადამ, “ამერიკის ხმას” ელფოსტით გაუგზავნა პასუხი, რომელშიც განაცხადა, რომ BBC-ის განცხადება პრესის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით "სამწუხარო და მიუღებელია." მთავრობის პასუხი მასალის გამოქვეყნების შემდეგ მოვიდა.
ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ სამინისტრომ BBC-ს აცნობა, რომ "აზერბაიჯანის პოზიცია და გადაწყვეტილებები უცხოური ქვეყნების მედიასაშუალებებთან მიმართებით ყოველთვის ეფუძნება ურთიერთობის პრინციპებს."
მან ასევე დაამატა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება "BBC-ის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება" და "გეგმაშია" ერთი კორესპონდენტის აკრედიტაციის გაცემა.
BBC 1994 წლიდან ოპერირებს აზერბაიჯანში. სააგენტოს ინფორმაციით, მისი აზერბაიჯანული სამსახური ყოველკვირეულად საშუალოდ ერთ მილიონ ადამიანს აღწევს ქვეყანაში, სადაც 10.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
BBC აცხადებს, რომ გააგრძელებს ახალ ამბების გავრცელებას აზერბაიჯანულ ენაზე.
BBC-ის საქმიანობის შეჩერება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გაგრძელებაა. აზერბაიჯანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შემზღუდავ ქვეყანად ითვლება ჟურნალისტებისთვის. ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე 23 ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში თავიანთი საქმიანობის გამო.
ბევრი დაკავებული ჟურნალისტი ბრალდებულია უცხოური ვალუტის კონტრაბანდაში, რასაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ყალბ ბრალდებად მიიჩნევენ.
დაკავებულთა შორის არის ფარიდ მეჰრალიზადაც, ეკონომისტი და ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურისთვის.
მეჰრალიზადა 2024 წლის მაისიდან იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს ბრალდებები უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და "უკანონო მეწარმეობის, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და დოკუმენტების გაყალბების" გამო. იგი და მისი დამსაქმებელი უარყოფენ ბრალდებებს, რომელთა ჯამური სასჯელი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილზეა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქვეყნად აქცევს პრესის თავისუფლებისთვის.