ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო", რომელიც შეერთებულ შტატებში 1961 წლიდან მოქმედებს, ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ დირექტორს, ჯონ ჰერბსტს ორი წლის წინ მოწამვლის მსგავსი სიმპტომები მართლაც ჰქონდა. ამჟამად "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის პროგრამების დირექტორს, წარსულში უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ეკავა.
როგორც ირკვევა, ჰერბსტი იმ ოთხ ადამიანს შორის იყო, რომლებსაც მოწამვლის ანალოგიური სიმპტომები აღმოაჩნდათ, ან რომელთა სასტუმროს ოთახი გატეხეს და გაქურდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ყოველივე შესაძლოა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ქმედებას უკავშირდებოდეს. მასალა პირველად 16 მაისს, რუსულ ვებგვერდზე "აგენტსტვო" გამოქვეყნდა.
"დღეს რუსეთის ახალი ამბების დამოუკიდებელმა ვებგვერდმა დაწერა ჯონ ჰერბსტის მოწამვლის შესაძლო ინციდენტზე, რომელიც ევრაზიის ცენტრის დირექტორი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩია. ახალი ამბების ვებგვერდმა "აგენტსტვო", მრავალ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ელჩი ჰერბსტი იყო იმ, სულ ცოტა, 4 ადამიანს შორის, რომელთაც უცნობი ინდივიდების გამო, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს უკავშირდებიან, ბოლო ორი წლის მანძილზე მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ან სასტუმროს ნომერი გაუქურდეს" - აცხადებს "ატლანტიკური საბჭო".
ორგანიზაციის ვაშინგტონის ოფისის მიერ 16 მაისით დათარიღებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წლის აპრილში, ჰერბსტს მართლაც ჰქონდა მსგავსი სიმპტომები და "სისხლში ტოქსინების გაზრდილი დონე" აღენიშნებოდა. მან მაშინვე ექიმებს მიმართა, მკურნალობა დროულად ჩაიტარა და სრულად გამოჯანმრთელდა. თუმცა, ექიმებმა ვერ შეძლეს ზუსტად დაედგინათ, უკავშირდებოდა თუ არა ეს მოწამვლას, ნათქვამია განცხადებაში.
"აგენტსტვო" (თარგმანში - "სააგენტო"), წარსულში მომხდარ ინციდენტებს შორის ასევე ასახელებს ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელ, ნატალია არნოს, რომელიც ახლა თავს ამერიკის შეერთებულ შტატებს აფარებს. არნოს მსგავსი სიმპტომები 2022 წლის მაისში ჰქონდა. მან საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ შესაძლოა მისი მოწამვლა ნერვული აგენტით მომხდარიყო.
საუბარია კიდევ ორ რუს ჟურნალისტზე, რომელთა შორის ერთი, გასულ წელს, ბერლინში გამართულ იმავე კონფერენციას ესწრებოდა, რომელზეც ნატალია არნო იმყოფებოდა. მასაც მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიც არნოს და ჰერბსტს. ის ახლა ემიგრაციაშია და მის ვინაობას "აგენტსტვო" ეთიკური მოსაზრებით, არ ასახელებს.
რაც შეეხება მეორე ჟურნალისტს, ესაა "ბელინგქეტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი, რომელთანაც უცნობი პირები სასტუმროს ოთახში შევიდნენ და იქიდან ტელეფონი მოიპარეს. გროზევს მოწამვლის სიმპტომები არ ჰქონია.
მასალაში გამოყენებულია "რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი სამსახურის პუბლიკაცია.
Facebook Forum