ავღანეთში „მტიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვის შემდეგ, ქართველ სამხედროებს ერთ-ერთ, ყველაზე რთულ სამხედრო ოპერაციაში მოუხდათ მონაწილეობა, რომელიც წარმატებით და რაც ყველაზე მთავარია, უდანაკარგოდ გადაჭრეს.
10 ნოემბერს, ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე, ჩრდილო ავღანეთის, ბალხის პროვინციის მთავარ ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა მოძრაობა „თალიბანიდან“ გერმანიის საკონსულოს შენობის დამცავი კედელი აააფეთქეს და დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.
თავდასხმაში 20-დან 30-მდე ტერორისტი და ორი თვითმკვლელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ქვანახშირით და მასში დამალული ტროტილით, დატვირთულ სატვირთო მანქანებს მართავდნენ.
ერთმა მათგანმა ავტომანქანა ქალაქის ცენტრში, Masar Hotel-თან ახლოს ააფეთქა, მეორე კი პირდაპირ დაცულ ტერიტორიაზე შევარდა, სადაც გერმანიის საკონსულოა განლაგებული.
მართალია, საკონსულოს დაცვის სამსახურმა მოასწრო რეაგირება და ცეცხლი გახსნა, თუმცა აფეთქება თავიდან ვერ აიცილა. მას შემდეგ რაც, თითქმის მთლიანად ჩამოინგრა საკონსულოს ტერიტორიის დამცავი - უსაფრთხოების კედელი, დაიწყო ორმხრივი სროლა. თალიბებმა საკონსულოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ არა დამხმარე ძალა, 2012 წლის 11 სექტემბრის, ბენღაზის მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა.
ერთ-ერთმა პირველმა, გერმანელებს დახმარება სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა აღმოუჩინა, მათთან ერთად, დასახმარებლად ასევე მივიდნენ: ავღანელი, ბელგიელი და ლატვიელი სამხედროები.
ბრძოლა, მთლიანად ჩაბნელებულ მაზარ-ი-შარიფის ცენტრში, თითქმის, ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც თალიბებმა უკან დაიხიეს. კოალიციის ჯარისკაცებმა კი გერმანიის საკონსულოს 21 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლეს.
ქართველებმა იმოქმედეს მყისიერად. ჩვენმა ოცეულმა, რომელიც იმყოფებოდა სწრაფი რეაგირების ამოცანით, ადგილზე გასვლის შემდეგ მოიგერია, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლივლადიმერ ჩაჩიბაია, გენშტაბის უფროსის მოადგილე
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს:
„ქართველებმა იმოქმედეს მყისიერად. ჩვენმა ოცეულმა, რომელიც იმყოფებოდა სწრაფი რეაგირების ამოცანით, ადგილზე გასვლის შემდეგ მოიგერია, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი და სწრაფად მოხდა გერმანიის საკონსულოს დიპლომატების უსაფრთხო ადგილზე ევაკუირება.“
აფეთქების შედეგად, მაზარ-ი- შარიფის ცენტრში - 6 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაიჭრა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრან ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება და თავდასხმის შეჩერება მხოლოდ დამხმარე ძალების „დიდი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის“ ხარჯზე მოხერხდა, რომლებმაც „საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ“ დააყენეს.
შტაინმაიერმა პირადად დაურეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და მეორე ქვეითი ბრიგადის მებრძოლების დახმარების გამო, გერმანელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, მაზარ-ი-შარიფში 2016 წლის ივლისში იქნა გადასროლილი და ეს დანაყოფი, გერმანიის საზღვრებს მიღმა, ბუნდესვერის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზა „მარმალზე“, სწორედ გერმანული სარდლობის ქვეშ იმყოფება.
თავდასხმამდე 5 დღით ადრე, 5 ნოემბერს, ბაზა „მარმალზე“ გერმანელი, ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება მოეწყო, რომელსაც გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ვიკერი, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენკი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი იზორია დაესწრნენ.
გერმანია, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო 1918-1919 წლებში, პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დროს და ჩვენს დამოუკიდებლობასთან ერთად, საკუთარ გავლენას ამიერკავკასიაში, თითქმის, 20 ათასიანი სამხედრო კონტიგენტით იცავდა, ასევე სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, 1991 წლიდან, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური დახმარების კუთხით, ამ ეტაპზე, ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას NATO-ში და ორჭოფობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
ქართველი ჯარისკაცები ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამას ხშირად აღნიშნავენ, მათი გერმანელი კოლეგები, რომელთან ერთადაც ქართველი მეომრები მომზადებას გერმანიის სამხედრო ბაზებზე გადიან.“ლადო ჭანტურია, საქართველოს ელჩი გერმანიაში
ამ რთულ ფონზე, გერმანიაში საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია ამბობს, რომ ქართველმა მეომრებმა მაზარ-ი-შარიფში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმით, გერმანურ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
„ქართველი ჯარისკაცები ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამას ხშირად აღნიშნავენ მათი გერმანელი კოლეგები, რომელთან ერთადაც ქართველი მეომრები მომზადებას გერმანიის სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე გადიან.“
მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის საკონსულოზე სისხლიანი თავდასხმის აღკვეთაში, ქართველი სამხედროების როლის შესაბამისი აღნიშვნა, გერმანულ და ევროპულ პრესაში, სამწუხაროდ არ მომხდარა.
მაზარ-ი-შარიფის თავდასხმა, მალევე გადაფარა, თალიბების მორიგმა მორიგი ტერორისტული თავდასხმამ, ამჯერად ავღანეთის დედაქალაქ, ქაბულიდან, 50 კილომეტრით მოშორებულ, „ბაგრამის“ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაშია. ეს თავდასხმა 12 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა.
თალიბებმა ტერაქტი ბაგრამის ბაზის სიახლოვეს მდებარე, ბაზრის ტერიტორიაზე განახორცილეს, რომელსაც საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცები ხშირად სტუმრობენ.
საბედნიეროდ, „ბაგრამზე“ ამჟამად დისლოცირებული, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, 32-ე ბატალიონის ჯარისკაცებიდან არავინ დაშავებული. ტერორისტულ აქტს - 4 ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა, 14 ამერიკელი მეომარი კი მძიმედ დაიჭრა.