ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავი საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 2009 წლის ნოემბერში თქვა, გამოვიდა ინიციატივით, რომ ამიერიდან საქართველომ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება არა 9 მაისს, არამედ ერთი დღით ადრე 8 მაისს იზეიმოს.
ვაკის პარკში, დიდების მემორიალთან მინისტრი ვაშაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ერთად, სწორედ 8 მაისს გამოცხადდა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკო. საგარეო მინისტრი ასევე მკაცრად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის მოლოცვას ქართველი ხალხისადმი:
„რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა, არა მგონია რომ ქართველმა ხალხმა ან რომელიმე ქართველმა მიიღო. კლოუნადას შეზღუდვა არ აქვს, რა ფორმითაც გინდა, იმ ფორმით შეგიძლია იყო კლოუნი. ჩვენი სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აღნიშნავს 8 მაისს.
სიმართლე გითხრათ მე მომხრე ვარ, რომ ჩვენ ეს დღესასწაული გადავიტანოთ 8 მაისს, როდესაც მთელი კაცობრიობა აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. რატომღაც რუსები, როგორც ყოველთვის, სეპარატისტულად 9 მაისს აღნიშნავენ, ყოვლად გაუგებარი მიზეზების გამო.
რაც შეეხება ამ თარიღს, 8 მაისს ავღნიშნავთ თუ 9 მაისს ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის, რომ ეს არის დღე კაცობრიობა აღნიშნავს ცივილიზაციის გამარჯვებას სიბნელეზე.“
მინისტრ ვაშაძის ინიციატივა პირველმა ოპოზიციურმა „ქართული პარტიამ“ გააპროტესტა, რომელმაც სწორედ 9 მაისს დაიწყო საპროტესტო აქციები ხელისუფლების შესაცვლელად.
პარტიის ლიდერები ვაკის პარკიდან პირდაპირ კახეთში გაეშურნენ, და საგარეჯოში, გურჯაანში, თელავსა და ყვარელში საპროტესტო აქციები გამართეს.
გურჯაანში, სადაც დაახლოებით სამი ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა, პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „მალე მთელ კახეთს და მთელ საქართველოს თბილისში დაუძახებენ, რათა სააკაშვილის რეჟიმი დავამთავრონ“. „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ამბობს:
„დღეს არის დიდი გამარჯვების დღე და გუშინ, ამ რეჟიმის წარმომადგენელმა საბჭოთა „ნომენკლატუშიკმა“ ვაშაძემ ანუ სააკაშვილის სახემ და წარმომადგენელმა, ასევე გია ნოდიამ, ასევე სააკაშვილის მომხრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა გამოაცხადეს, რომ დღევანდელი დღე თურმე საზეიმო არ ყოფილა და გამარჯვებას მთელი მსოფლიო აღნიშნავს 8 მაისს.
ამ ზეიმსს 8 მაისს კი არა 9 მაისს აღნიშნავს ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იყო მონაწილე ამ გამარჯვების და ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო დედამიწაზე.“
მმართველი ელიტა და მის მიერ კონტროლირებული მედია საშუალებები ამკვიდრებენ აზრს, რომ „ქართული პარტია“ რუსეთიდან იმართება. პრორუსულ ძალად მიაჩნიათ „სახალხო კრებაც“.
გასულ შაბათს კრების მცირერიცხოვანი აქცია რუსთავში, რამდენიმე აქტივისტის დაპატიმრებით დასრულდა. აქციის დარბევის მიზეზი გახდა უცნობი მამაკაცის მიერ პატრულის ფიზიკური შეურაცყოფა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მამაკაცი აქციის მონაწილე არ ყოფილა და დარტყმის შემდეგ, იგი პატრულის ხუთ თანამშრომელს გაექცა.
„სახალხო კრებამ“ განაცხადა, რომ ეს იყო პოლიციის მიზანმიმართული პროვოკაცია, კრების მომავალი აქცია 21 მაისს არის დანიშნული. რუსეთის პრეზიდენტის მოლოცვასა და ოპოზიციური პარტიების გააქტიურებას შორის ხელისუფლება კავშირს ხედავს. საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე კერძოდ აცხადებს:
„როდესაც ოფიციალური მილოცვა ხორციელდება, მათ შორის იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვს, სახელმწიფოს მეთაურს თუ აქვს სურვილი მიულოცოს, ეს კეთდება ისე, როგორც უკვე მოხდა ჩვენს შემთხვევაში.
იცით, რომ გუშინ რამდენიმე მილოცვა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. როდესაც ხალხს ულოცავ, ულოცავ მის ლეგიტიმურ, ოფიციალურ წარმოადგენელს, ეს არის ერთადერთი ფორმა ხალხთა შორის ურთიერთობისა. შესაბამისად, თუ გულითადი იყო ეს მოლოცვა მაშინ იმ ფორმით უნდა განხორციელებულიყო, რა ფორმაც არის ოფიციალურად ხალხებს შორის მიღებული.
რადგან ისტორიულად სწორედ 8 მაისი არის გერმანიის კაპიტულაციის დღედ მიჩნეული, სწორედ ამას ეფუძნება გრიგოლ ვაშაძის ინიციატივა. თუმცა, გაზიარებული იქნება თუ არა ეს შეხედულება ეს ფართო განხილვის თემას უნდა წარმოადგენდეს.“
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვებას 1945 წლის 8 მაისიდან აღნიშნავენ, როცა საბჭოთა კავშირის უმაღლესმა პრეზიდეუმმა ეს დღე დღესასწაულად გამოაცხადა, მოსკოვში წითელ მოედანზე კი გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა.
1965 წლის 26 აპრილიდან 9 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. 1975 წლის 9 მაისს კი თბილისში, "გამარჯვების პარკში", "უცნობი ჯარისკაცის საფლავი" გაიხსნა.
მეორე მსოფლიო ომში, 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა. 9 მაისის დღესასწაულის 8 მაისს გადმოტანის იდეა, განათლების ყოფილ მინისტრს გია ნოდიას ეკუთვნის. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ვაკის პარკში დამატებით განმარტა, რომ 8 მაისი ობიექტურად არის გამარჯვების დღე.