მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფა გრძელდება. ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის შედეგებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა ობამამ ნავთობკომპანია „ბრითიშ პეტროლიუმს“ დააკისრა. კომპანიის ხელმძღვანელს ბარაკ ობამა 3 დღის წინ შეხვდა.
მანამდე ერთი დღით ადრე კი პრეზიდენტმა მოსახლეობას ოვალური ოფისიდან მიმართა. ჩვეულებრივ, პრეზიდენტები ამ კაბინეტიდან ამერიკელ ერს ჩვეულებრივ ან ომის ან უდიდესი კრიზის დროს მიმართავენ ხოლმე. პრეზიდენტმა ობამამ ოვალური დარბაზი მიმართვისთვის პირველად გამოიყენა. ის ამით შეეცადა დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ მისი ადმინისტრაცია მექსიკის ყურის კატასტროფაზე სერიოზულად ზრუნავს.
„ნავთობის გაჟონვა რასაკვირველია არ არის უკანასკნელი კრიზისი. ჩვენს ერს ძნელბედობის პერიოდი ხშირად ქონია და კვლავაც ექნება. რაც მუდამ გვეხმარება, ეს არის ჩვენი სიძლიერე და ბედთან შეუგუებლობა და ჩვენ ამ კრიზისსაც დავძლევთ,“ - გნააცხადა ობამამ.
უნდა ითქვას, რომ მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვა პრეზიდენტ ობამასთვის უდიდესი პოლიტიკური გამოცდაა. ბრუს ბუკენენი ტეხასის უნივერსიტეტის ანალიტიკოსია.
„მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ თუ რაოდენ უდიდესი ეკოლოგიური კრიზისის წინაშე ვდგავართ. და ნებისმიერი პრობლემა რომელიც არის ამგვარად აღქმული, პრეზიდენტის უმაღლეს ყურადღებას იმსახურებს და მე ვფიქრობ, პრეზიდენტი ობამა სწორედ ამას ცდილობს,“ - აცხადებს ბუკენენი.
პოლიტიკური ანალიტიკოსი და „ნიუ-იორკ დეილი ნიუსის“ მიმომხილველი ტომ დეფრენკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შეშფოთება ამ გაჟონვის ამსახველი ვიდეო კადრების ტრიალმაც განაპირობა, რამაც თავის მხრივ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
„მე ვფიქრობ, რომ ამერიკელთა უმრავლესობაში შეშფოთება იზრდება. ისინი სვამენ შეკითხვას, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ამის შეკეთება, როდესაც ვგზავნით ხალხს მთვარეზე, ვიმარჯვებთ მსოფლიო ომში და რატომ ვერ ვახერხებთ ამ დაწყევლილი მილსადენის სარქველის დახურვას?“ - ამბობს ტომ დეფრენკი
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ როდესაც პრეზიდენტი ობამა ოთხჯერ ჩავიდა მექსიკის ყურის სანაპიროზე, რათა თავის თვალით ენახა კატასტროფის შედეგები. მას წინ აქვს საზოგადოების უკმაყოფილების გაკვეთილი, მისი წინამორბედის პრეზიდენტ ბუშის მიმართ, როდესაც ბუშის ადმინისტრაციამ არც თუ დიდი ყურადღება დაუთმო ქარიშხალ კატრინას შედეგებს 2005 წელს. პოლიტიკის მკვლევარები ასევე ხშირად იხსენებენ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიმართვას ოვალური კაბინეტიდან 1979 წელს საყოველთაო ენერგოკრიზისის დროს. ბატონმა კარტერმა მაშინ ამერიკელები ნდობის ნაკლებობისთვის და თვითკმაყოფილებისთვის გააკრიტიკა.
„ნდობის შემცირება მომავალში ამერიკას სოციალური და პოლიტიკური წესრიგის დანგრევით ემუქრება,“ განაცხადა მაშინ კარტერმა
კარტერის ამ გამოსვლამ მაშინ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ჯიმი კარტერი მომდევნო არჩევნებში რონალდ რეიგანმა დაამარცხა.
ამჯერად უდიდესი გამოწვევის წინაშე პრეზიდენტი ობამა დგას. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს თუ როგორ ებრძვის ის კატასტროფის შედეგებს. ექსპერტ ფრენკ ნიუპორტის თქმით, თუკი კრიზისი გაგრძელდა საზოგადოებამ შესაძლოა მოთმინება დაკარგოს.
„თუკი ეს კატასტროფა არ დასრულდა და ნავთობის გაჟონვა მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდა, ეს შესაძლოა პრეზიდენტ ობამასთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდეს ამერიკელი საზოგადოების მხრიდან,“ - ამბობს ნიუპორტი.
ამ შემთხვევაში ერთადერთი შვება პრეზიდენტისთვის ის არის, რომ საზოგადოების ნეგატიური განწყობა მეტწილად „ბრიტიშ პეტროლიუმისკენ“ არის მიმართული. ამას „ასოშეიტედ პრესის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვაც ადასტურებს.