ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის პოლიტიკა სირიაში


მოსკოვი ცდილობს სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მედიატორის როლი იკისროს

საერთაშორისო თანამეგობრობაში დღითიდღე იზრდება შეშფოთება სირიის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მარცხის შესახებ. პეკინში ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინელ კოლეგასთან ერთად სირიის პრობლემას განიხილავს. თუ რა როლი აქვს რუსეთს სირიის კრიზისის მოგვარების საკითხში „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა არკვევდა.

რუსეთი და მანამდე საბჭოთა კავშირი სირიას ათწლეულების მანძილზე უზრუნველყოფდა ეკონომიკური და სამხედრო დახმარებით. მათ შორის, მოსკოვი დამასკოს აწვდიდა „მიგ“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს და საჰაერო თავდაცვით კომპლექსებს. სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში რუსეთი დღემდე ინარჩუნებს სამხედრო-საზღვაო ბაზას. გარდა ამისა, კრემლი ამ ბაზის მოდერნიზებასაც გეგმავს, სადაც დიდი სამხედრო გემები და ავიამზიდები უნდა განლაგდეს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობა დამასკოსთან, სირიის კრიზისის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების მთავარი ფაქტორია. მოსკოვი მკვეთრად ეწინააღმდეგება დასავლეთს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის საპირისპირო ქმედებებში. მოსკოვმა ჩინეთთან ერთად ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ასადს გადადგომისკენ მოუწოდებდა.

პრინსტონის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორი სტივენ კოენი ამბობს, რომ მოსკოვის ვეტო განაპირობა იმ ვითარების განმეორების საფრთხემ, რომელიც გასულ წელს ლიბიაში შეიქმნა. კერძოდ, როცა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ლიბიაში არასაფრენი ზონა გამოცხადდა.

„რუსეთს უთხრეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ და კადაფის წინააღმდეგ მხოლოდ არასაფრენ ზონას დააწესებდნენ. როდესაც ამერიკელების ხელმძღვანელობით ნატომ ლიბიაში კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მოსკოვმა დაიანახა რომ მისთვის მიცემული პირობა დაირღვა. ამდენად მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ ამას აღარ დაუშვებდა. როდესაც სირიის მთავრობის საკითხი დადგა დღის წესრიგში, რუსებმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ლიბიის მაგალითიდან გამომიდნარე ეს გასაკვირი არ ყოფილა,“ - ამბობს პრინსტონის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორი სტივენ კოენი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი აცხადებს, რომ რუსეთის მოქმედებას ნეგატიური შედეგები მოყვა.

„რუსეთის და ჩინეთის პოზიციამ სირიასთან დაკავშირებით, სერიოზული ზიანი მიაყენა ამერიკასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას. ამან არა მარტო გააძლიერა რუსეთში მკაცრი პოლიტიკის პოზიციები, არამედ ასევე ობამას ადმინისტრაციის იმედგაცრუებაც გამოიწვია,“ - ამბობს ლეგვოლდი.

უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენების მიუხედავად, მოსკოვმა გაეროს სამშვიდობო დესპანის და ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის გეგმა მოიწონა. კოფი ანანის დოკუმენტის მიხედვით, სირიაში უნდა მხოდეს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა, მხარეების დაშორიშორება, ქალაქებიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა და მოლაპარაკების დაწყება.

ამავდროულად, მოსკოვი ცდილობს სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მედიატორის როლიც იკისროს. ამისთვის რუსეთის მთავრობამ ცალცალკე უმასპინძლა როგორც ოფიციალური დამასკოს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ჯონ პარკერი ამბობს, რომ მოსკოვს სირიაზე გავლენის მოხდენა სურს, თუმცა ეს მცდელობა ჯერჯერობით წარმატებით ვერ დაიკვეხნის.

როგორც გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი აცხადებს, სირიის კრიზისმა შესაძლოა მთელი რეგიონი მოიცვას, რასაც მძიმე შედეგები იქნება. ამის თავიდან ასაცილებლად, კი როგორც ჩურკინი ამბობს, რუსეთი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

XS
SM
MD
LG