ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში “უმანკოების მუზეუმი“ გაიხსნა


ინტერვიუ ნობელის პრემიის ლაურიატ, თურქ მწერალ - ორჰან ფამუქთან

თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურიატის, ორჰან ფამუქის რომანში „უმანკოების მუზეუმი“ აღწერილმა 60-70 -იანი წლების მუზეუმმა სტამბოლის რეალობაში მართლაც დაიდო ბინა. ავტორი ამბობს, რომ ახლადგახსნილი მუზეუმი სრულიად უნიკალურია, რადგან ის რომანის პირობითი გმირების - ფუსუნის და ქემალის - ცხოვრებას ასახავს.

ვცდილობთ რომანში აღწერილი ატმოსფერო აღვადგინოთ და ის 60-70-იანი წლების სტამბოლის მელანქოლიურ ხასიათთან ერთად ვაჩვენოთ. აქ ნოსტალგია და ეპოქის სხვა თავისებურებები ყოფითი ნივთების სახით სრულიად განსაკუთრებულ აურას ქმნის“ - ამბობს რომანის ავტორი, ორჰან ფამუქი.

მუზეუმის შექმნას თითქმის ორი ათწლეული დასჭირდა. 83 ექსპონატი ნაწარმოების 83 თავს ეძღვნება და ისინი მე-19 საუკუნისდროინდელ სახლში არიან განთავსებული. ექსპონატების უმრავლესობა თავად ორჰან ფამუქს ეკუთვნის, ასე რომ დამთვალიერებლები ერთგვარად ავტორის ბიოგრაფიასაც ეცნობიან.

„პირადი ფოტოები გამოვიყენე, ნივთები, რომლებმაც ეპოქის კვლევა და აღწერა შთამაგონეს. მათი ამოცნობა არც ისე ადვილია. ისევე როგორც თავად ნაწარმოებში. წიგნშიც „უმანკოების მუზეუმი“ ხომ ძნელია რეალობას და წარმოსახვას შორის მკვეთრი ხაზის გავლება. რომანის მთელი ხელოვნება იმაშია, მკითხველი გაურკვევლობაში დარჩეს: მართლა მოხდა ეს ამბავი თუ მწერალმა გამოიგონა? მუზეუმიც მეტ-ნაკლებად ამ პრინციპით მოვაწყვე“ - ამბობს მწერალი.

ეკლექტური მუზეუმი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ისეთი ლამაზია! წიგნის გმირების, ფამუქის შინაგანი ცხოვრების, მისი ემოციების და წარმოსახვის ანარეკლია. უნიკალურია!“ - ამბობს მუზეუმის ერთ-ერთი სტუმარი.

ორჰან ფამუქს საერთაშორისო აღიარება მშობლიური თურქეთის, ქალაქ სტამბოლის მელანქოლიური ბუნების და თურქი გმირების მხოლოდ მწერლისთვის დამახასიათებელი ოსტატური კალმით აღწერამ მოუტანა. თუმცა, მუზეუმის ადგილმდებარეობა სრულიად ახალ რომანს წერს, ამბობენ სტამბოლის მაცხოვრებლები.

როცა ავტორმა 15 წლის წინ ეს სახლი შეიძინა, უბანი ღარიბი და ნახევრად დანგრეული იყო. დღეს ეს ადგილი თავისი სამხატვრო გალერეებით და უძვირესი უძრავი ქონებით სტამბოლში ყველაზე პოპულარული და მოდის დამკანონებელი ხდება.

ჩემი რომანის პირველი მკითხველები, ახალი თაობის ახალგაზრდები მეუბნებიან: ბატონო ფამუქ, ჩვენი სტამბოლი უფრო მხიარულია. ის ნამდვილად არ არის ისეთი მოწყენილი და მელანქოლიური. ვეთანხმები. მაგრამ იმასაც ვთხოვ, რომ არ მოიხიბლონ მხოლოდ იმ ერთი მილიონი ადამიანით, რომელიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს და ბოსფორს გადაჰყურებს. არ დაგავიწყდეთ, სტამბოლი 13-მილიონიანი ქალაქია და მის გარეუბნებში ასობით ათასი უმუშევარი და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი სახლობს“ - ამბობს ორჰან ფამუქი.

პოლიტიკა თურქეთში იცვლება. რეფორმების შედეგად ქვეყანამ ტრანსფორმაცია მართლაც განიცადა. „უმანკოების მუზეუმის“ ერთ-ერთ გმირს აპატიმრებენ, აწამებენ და ის წლების მანძილზე ციხეში სასჯელს იხდის. დღევანდელ რეალობაში ის სამხედრო გენერლები აღმოჩდნენ სატუსაღოში, ვისი მიზეზითაც ნაწარმოების პროტოტიპები თავის დროზე დაისაჯნენ. და რომლებიც ლიბერალური შეხედულებების გამო თავად მწერლის, ორჰან ფამუქის მკვლელობას გეგმავდნენ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ოპტიმისტურად უყურებს ავტორი თურქეთის მომავალს, პასუხი არაერთმნიშვნელოვანია:

„მოხარული ვარ, რომ ის სამხედროები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებებს გეგმავდნენ, ვინც თურქ ინტელექტუალებს სჯიდნენ და აწამებდნენ, დღეს სულ ცოტა - ძიებაში არიან. ღია, ლიბერალურ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეც უნდა ხდებოდეს. თუმცა, ამავე დროს მაწუხებს ის ფაქტი, რომ ციხეში უამრავი ჟურნალისტი ზის და ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს“ - აღნიშნავს მწერალი.

უფლებადამცველების განცხადებით თურქეთის ციხეებში დღეს 100-ზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება. მთავრობა აცხადებს, რომ მათი რაოდენობა არასწორია. რაც შეეხება ნობელიანტ მწერალს, რეპრესიები მის მიმართ თითქოს შეწყდა და ის ახალი ამბების გამოშვებებში უფრო დადებითი კუთხით ჩნდება. მწერლის წარმატება საკუთარ სამშობლოში მუზეუმის გახსნით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG