ცნობილი მოვლენების გამო ლიბიიდან ნავთობის ექსპორტი შეჩერებულია. სპარსეთის ყურის ქვეყნებში პოლიტიკური ამბოხებების შედეგად რეგიონი კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა. გერმანიამ და იაპონიამ თავიანთი ბირთვული რეაქტორების მნიშვნელოვანი ნაწილი დახურეს. დღეს მსოფლიოს ენერგომწარმოებელ ქვეყნებს შორის ყველაზე მომგებიან ვითარებაში რუსეთი ჩანს. მსოფლიოს ენერგოპროდუქციის 11 პროცენტიანი წარმოებით მოსკოვი მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორია.
დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მოსკოვში ჯეიმს ბრუკი არკვევდა. ლეონიდ გრიგორიევი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ენერგეტიკული ეკონომიკის საკითხებს იკვლევს.
„ეს ენერგიის უზარმაზარი რაოდენობაა, დაახლოებით ხუთჯერ მეტი, ვიდრე მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში ან მოსახლეობის რაოდენობაში რუსეთის წილია. ეს კი არსებითი ციფრია,“ - ამბობს გრიგორიევი.
მას შემდეგ რაც, ნავთობის ფასმა წელს 100 დოლარს გადააჭარბა, რუსეთი უკვე საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრას აპირებს. ეს კი კრემლისთვის ძალზედ დროულია, რადგან საარჩევნო ციკლის დაწყებასთან ერთად საჭირო გახდება პენსიების და ხელფასების გაზრდა. ამას პრეზიდენტ მედვედევის განცხადებაც ადასტურებს, როდესაც ის გასულ პარასკევს ჯარისკაცებს მომავალი იანვრიდან ხელფასების გასამმაგებას შეპირდა. იანვრიდან არჩევნებამდე კი მხოლოდ 10 კვირა იქნება დარჩენილი. როგორც ცნობილია, რუსეთის ბიუჯეტის 40 პროცენტი ნავთობიდან და გაზიდან შემოსული თანხებით ივსება. როდესაც ერთი ბარელის ფასი 27 დოლარს აჭარბებს რუსეთის ხაზინა უზარმაზარ მოგებას ნახულობს.
ამჟამად უცხოური ვალუტის რეზერვები კვირაში 100 მილიონით იზრდება. მარტის ბოლოსთვის რუსეთის საერთო რეზერვები 500 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რითაც ის ჩინეთის და იაპონიის შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდება. ამჟამად ეკონომისტები 2011 წელს რუსეთის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტით აფასებენ. ეს კი 2008 წლის კრიზისის შემდეგ უდიდესი ზრდაა.
გასულ წელს ავტომობილების გაყიდვებით შემოსული თანხები რუსეთში სამჯერ გაიზარდა. როგორც ეკონომისტები მოელიან, მომავალ წელს რუსეთი გერმანიას ჩაანაცვლებს, როგორც ევროპაში ავტომობილების უდიდის ბაზარს. როგორც გიგანტმა კომპანიებმა „ფორდმა,“ „ჯენერალ მოტორსმა“ და „ფოლკსვაგენმა“ განაცხადეს, მომავალი წლიდან წარმოების უდიდესი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვთ.
მოგებასა და წარმატებასთან ერთად ამ მთლიან პროცესს თავის ხარვეზი აქვს. კრის ვიფერი, „ურალსიბ კაპიტალის“ მთავარი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ნავთობზე ფასების მატებასთან ერთად რუსეთი პრივატიზაციის პროცესს შეანელებს.
„ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენ ვნახეთ ეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ვნახეთ რუსეთში, რომ ნავთობზე ფასის დაციმის დროს იწყება მთავრობის საუბარი რეფორმებზე და ფულის გონივრულად ხარჯვაზე, და როგორც კი ნავთობზე ფასი იმატებს, მთავრობაში იწყება გაზარმაცების პროცესი,“ - ამბობს ვიფერი.
ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად რუსეთში კორუფცია კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბოლო მონაცემებით რუსეთი კორუფციის დონე მსოფლიოს უმსხვილეს 20 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე დგას.
კორუფციის პრობლემაზე ათიოდე დღის წინ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მთავრობას მოსკოვში ვიზიტის დროსაც მიანიშნა. მისი თქმით, ეს არის პრობლემა რაც რუსეთში ინვესტორებს სერიოზულად აშინებთ.
კორუფციის გარდა უმწვავეს პრობლემად რჩება დემოგრაფია. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთში სამუშაო ძალა 15 პროცენტით, ანუ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანით შემცირდა. ამის გადაჭრა კი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგამასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა საპენსიო ასაკის გაზრდა, იმიგრაციის დონის მომატება და უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილის გაზრდა. ეს ღონისძიებები კი, ალბათ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ განხორციელდება.