ბირთვული მასალების გაუვრცელებლობა სეულში გამართული საერთაშორისო სამიტის უმთავრესი თემა იყო. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეისონ სტროტერი იუწყება, ოთხმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას გამდიდრებული ურანის მიმოქცევის მასშტაბების შემცირების შესახებ.
დღეისათვის მსოფლიოში მხოლოდ ცოტა რეაქტორი თუ იყენებს მაღალ დონეზე გამდიდრებულ ურანს ისეთი რადიოაქტიური მასალების მისაღებად როგორიცაა სამედიცინო იზოტოპები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. სეულში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ბელგიაში, საფრანგეთში და ჰოლანდიაში არსებული რეაქტორები ამიერიდან უფრო დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის დამუშავებაზე გადაერთვებიან. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონმა პირობა დადო რომ კვლევით რეაქტორებს მაღალ დონეზე გამდიდრებულ ურანს კონვერციის პროცესის დასრულებამდე მიაწვდის.
სამიტზე გამოსვლისას შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა სტივენ ჩუმ განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელვნად აძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას.
„თითოეული რეაქტორი შესაძლოა მცირედ გამოიყურება, მაგრამ როცა შეხედავთ პლუტონიუმის მიწოდების და დაცვის პროცესს, ასევე იმას თუ როგორ არის დაცული გამდიდრებული ურანი, რასაც დაახლოებით 200 რეაქტორი ამუშავებს, ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ მცირე მასშტაბის პროცესს,“ - განაცხადა ჩუმ.
ბირთვული მასალების გლობალურ დონეზე შემცირება პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მსოფლიოს სხვა ლიდერების უმთავრესი მიზანი იყო. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს რომ ბირთვული გაუვრცელებლობის გამყარებისთვის ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის. მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაილს პომპერი ამბობს, რომ ტერორისტული ჯგუფები გამდიდრებული ურანის მოპოვებით არიან დაინტერესებული.
„ალ-ყაიდას დოკუმენტების ხელში ჩაგდების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ისინი სწორედ ასეთ მასალებს ეძებენ. იყო ამ მასალების მოპარვის შემთხვევებიც, ამდენად ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ეს საკითხი ღიად,“ - ამბობს პომპერი.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგან, რაც ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის საერთო სტანდარტების შემუშავებასაც გულისხმობს. მომავალი სამიტი ამ საკითხზე 2014 წელს გაიმართება.