ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ამბოხის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა


ხელისუფლებამ ოპოზიციის მიტინგები კვლავ დაარბია. დატყვევებულია რამდენიმე ცნობილი ლიდერი

ასობით დემონსტრანტი სირიის დედაქალაქ დამასკოში მასობრივი გამოსვლების ერთი წლის იუბილეს აღნიშნვას შეეცადა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა მიტინგი დაარბიეს და რამდენიმე ცნობილი ოპოზიციური ლიდერი, ისეთები, როგორიცაა მუჰამედ საიდ რასასი და ფაიზ სარა, დააპატიმრეს.

აქტივისტების განცხადებით სამთავრობო ძალებმა დემონსტრაციები სირიის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის იდლიბში და დარაშიც აღკვეთეს. იდლიბში ოპოზიციამ ხიდი ააფეთქა, რათა სამხედრო ძალების დამატებითი შენაერთებით გაძლიერება შეეჩერებინა.

ჰუმანიტარულ ჯგუფებს სირიაზე ხელი შეზღუდულად მიუწვდებათ. ქვეყანაში ვიზიტის უფლება ახლახან მხოლოდ ტექნიკური ექსპერტების ერთმა ნაწილმა მოიპოვა. ორგანიზაცია "ისლამური თანამშრომლობის" და გაეროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა სირიის მთავრობის ოფიციალურ პირებთან ერთდ 15 ქალაქი მოინახულა.

მისიის პარალელურად "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯეიკობ კელენბერგერი მოსკოვში იმყოფებოდა და რუს ლიდერებთან მოლაპარაკებას დამასკოში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის ნებართვისთვის აწარმოებდა. ამასთან ერთად გასულ კვირას გაეროს სპეციალური დესპანი სირიაში, კოფი ანანი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შეხვდა და მასთან ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში დაშვების შესახებ ისაუბრა. მოლაპარაკების მიხედვით კოფი ანანის ჯგუფი დამასკოში ნიუ იორკიდან და ჟენევიდან ორშაბათს გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG