იმ დროს როცა არაბული ქვეყნების ლიდერები სირიაში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალსახად განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს არ დაუჭერს დამასკოს წინააღმდეგ სანქციებს და სირიაში უცხოური ჯარების განლაგებას.
ლავროვის თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მკაფიოდ ილაპარაკა იმ, ეგრეთ წოდებული, „წითელი ხაზის“ შესახებ რომელიც რუსეთისთვის სირიის საკითხში გაჩნდა: ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ის სირიის წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ დაუჭერს.
აღნიშნული გამოსვლისას, ლავროვმა გაახმოვანა რუსეთის მზადყოფნა-ვეტოს უფლებით ისარგებლოს და გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკოს სირიაში უცხოური სამხედრო ძალების ჩაყენების გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ გაეროსა და მოსკოვში, რუსი დიპლომატები სირიაში მიმდინარე ძალადობისთვის ბრალს თანაბრად სდებენ ოპოზიციასა და ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს, ლავროვმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასავლეთი სირიის ოპოზიციის მოქმედებებს უბრალოდ იგნორირებას უკეთებს. მისი თქმით: „სირიის ოპოზიციის მოქმედებების უგულვებელყოფა აშკარაა დასავლეთის სახელმწიფების მხრიდან.“
თუმცა, საინტერესოა ის გარემოება, რომ არაერთი რუსი ანალიტიკოსი კრემლის პოზიციას დამასკოსადმი ცალსახა მხარდაჭერის გამოხატულებად აფასებს.
გასულ კვირას სირიის პორტ ტარსუსში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ერთადერთი რუსული ავიამზიდი - ადმირალ კუზნეცოვი და 8 გემისგან შემდგარი საბრძოლო დანიშნულების ფლოტილია შევიდა.
ამ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ კი რუსეთმა 60 ტონა ამუნიცია და იარაღი გადაზიდა სირიის პორტში.
მოსკოვში დაფუძნებული კარნეგის მშვიდობის ცენტრის ექსპერტი პიოტრ ტოპიჩკანოვი ამბობს, რომ ამ მოვლენების შემდეგ ძნელია დაიჯერო რუსული მხარის მიუკერძოებლობა სირიის კონფლიქტში.
ექსპერტი ამ გარემოებას ნაწილობრივ იმით ხსნის, რომ ეგვიპტეში, ერაყსა და ლიბიაში ძალაუფლების გადანაცვლების შემდეგ, რუსეთმა ამ ქვეყნებში კავშირები დაკარგა, განსაკუთრებით კი იარაღით ვაჭრობის სფეროში.
მოსკოვში მდებარე კიდევ ერთი ანალიტიკური ცენტრის - ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი ევგენი სატანოვსკი კი დარწმუნებულია, რომ არაბი პოლიტიკსები დასავლეთს იყენებენ, რათა რეგიონში ირანისადმი კეთილგანწყობილი რეჟიმები მოიშორონ თავიდან.
ექსპერტის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სტაბილურობასა და რევოლუციას დაუჭიროს მხარი და არა ისეთი სიყუაციის განვითარებას როგორიც ლიბიაში ვნახეთ. მისი აზრით, ლიბიის შემთხვევა გვაჩვენებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები ყატარისა და საუდის არაბეთის მთავრობების ხელში მარიონეტები არიან.
ამასთან, სატანოვსკი, ისევე როგორც რუსეთის არაერთი მოქალაქე სკეპტიკურად აღიქვამს რევოლუციებს.
მისი თქმით, რუსების გადასახედიდან პრობლემა იმაშია, რომ სირიის რეჟიმის დამხობა დემოკრატიის დასამყარებელი ან სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯი არ იქნება. ამ პროცესებს დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მილიონობით დევნილის პრობლემა მოჰყვება. ასევე, იქნება დანაკარგები სირიის ქრისტიანულ მოსახლეობაშიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის.
ტოპიჩკანოვს განსხვავებული მოსაზრება აქვს და დარწმუნებულია, რომ რუსეთში არსებული ფობია უცხოური რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, თავად რუსეთში არსებლი ერთგვარი შიშის გამოძახილია.
ექსპერტი აკონკრეტებს, რომ სწორედ ამის მაგალითია, როცა ე.წ. არაბული გაზაფხულის დაწყებას რუსეთის მთავრობამ უწყებათაშორისი კომისიის შექმნით უპასუხა, რომელსაც რეჟიმების ცვლილების გავლენა უნდა შეესწავლა რუსეთის შიდა პოლიტიკაზე. შესაბამისად, ახლა რუსების უარყოფითი დამოკიდებულება ანალოგიური ფაქტების მიმართ, მხოლოდ შიშით შეიძლება ავხსნათ.
და ბოლოს, მაშინ როცა რუსეთი საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის მოლოდინშია ოთხი მარტის არჩევნების პარალელურად, მოსახლეობისა და ანალიტიკური წრეების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა ფიქრობს, რომ კრემლი არაბული გაზაფხულის მოვლენების დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ახლო აღმოსავლეთში მიდინარე საყოველთაო საპროტესტო მუხტის მიმართ კეთილგანწყობას გამოიჩენს.