ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირტუალურ რუსეთში მეტი დემოკრატიაა


ვირტუალურ რუსეთში მეტი დემოკრატიაა
ვირტუალურ რუსეთში მეტი დემოკრატიაა

ახალგაზრდა რუსი თაობის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე ინტერნეტი განუზომელ გავლენას ახდენს

რუსეთში საპროტესტო მოძრაობა თანდათან იზრდება და იმდენად უკეთ ორგანიზებული ხდება, რომ ბევრს პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ეს შოკში აგდებს. ინტერნეტმა არამხოლოდ ადამიანებს შორის ყოფითი ურთიერთობის სახე შეცვალა, არამედ მედია-საშუალებების, ფონდების მოზიდვის, საპროტესტო აქციების ორგანიზების და მათი კოორდინირების მეთოდოლოგიაში სრული გადატრიალება მოახდინა.

პრემიერ პუტინს არჩევნებისთვის თადარიგი, რა თქმა უნდა, ინტერნეტზეც უჭირავს. კამპანიის ვებ-გვერდზე ნახავთ პუტინს თხილამურზე, პუტინს ციგურებზე, პუტინს ძიუდოს, თუ ჰოკეისტის ფორმაში.

თუმცა, ინტერნეტზევე ბევრად უფრო პოპულარული საიტებიცაა, თუნდაც ისეთი, როგორიცა საშა ბარონ კოჰენის ახალი კომედიის რეკლამაა - სახელწოდებით „დიქტატორი“. მასში რუსეთის პრემიერის კარიკატურული გამოსახულება ოლიმპიურ გარბენს იგებს, ოღონდ იმით, რომ მეტოქეებს იარაღიდან ესვრის. ან კიდევ ერთი ვიდეოკლიპი, რომელიც ცნობილი კინოფილმის „ტიტანიკის“ იმიტაციაა. გემის ქიმზე პუტინი და მედვედევი ჩახუტებულები რუსულ პოლიტიკას დამანგრეველი აისბერგისკენ მიაქანებენ.

„იუ-თუბზე“ ახლახან ახალი პოპულარული ვიდეოკლიპი გამოჩნდა „ნაშ დურდომ“, რომელშიც ფსიქიატრები თეთრ ხალათებში ცეკვავენ, პაციენტები კი მისამღერში მღერიან: „ჩვენი კლინიკა პუტინს აძლევს ხმას“. მას შემდეგ, რაც კლიპის მნახველთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, სიმღერამ რუსეთში „იუ-თუბზე“ ყველაზე პოპულარული ვიდეოს პრიზი მოიპოვა.

ახალ, ვირტუალურ რუსეთში უამრავი ასეთი ვიდეოკლიპია, რომლებიც ახალგაზრდა რუსი თაობის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს. რუსეთში ინტერნეტზე ახლა უკვე 50 მილიონი მომხმარებელია და მათი რიცხვი ყოველთვიურად განუზომლად იზრდება. რუსი ინტერნეტის მომხმარებელი სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლირებადი ტელევიზიიდან თანდათან შედარებით უფრო თავისუფალ ინტერნეტ მედიაზე ერთვება.

სემ გრინი, პოლიტოლოგი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, აცხადებს, რომ ვირტუალური რუსული მედია იმდენად გაძლიერდა, რომ მალე სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები იძულებულნი გახდებიან ან მაუწყებლობის სტილი შეცვალონ, ან სრულებით დაიხურონ.

ისინი იძულებულნი გახდნენ 24 დეკემბრის პუტინის საწინააღმდეგო აქციაც კი გაეშუქებინათ. ამის მსგავსი ადრე რუსულ ტელევიზიაში არაფერი მომხდარა. ინფორმაცია ინტერნეტზე მაინც გავიდოდა, ამიტომ ოფიციალურ მედიას სხვა გზა აღარ რჩებოდა. ამბობენ, რომ მიტინგზე მაშინ 120 ათასი ადამიანი მივიდა და პუტინის ტელევიზიაც კუთხეში გამომწყვდეული აღმოჩნდა“ - აღნიშნავს ექსპერტი.

ვირტუალურ რუსეთში პუტინის მხარდამჭერებიც სასწრაფოდ ამოქმედდნენ დაინტერაქტიული გვერდი გახსნეს, თუმცა ოპონენტებმა სისწრაფეში მათ მაინც მოუგეს. ანდრეი ანტონენკომ ინტერაქტივში პრემიერს მისწერა: „გთხოვთ დატოვოთ პოლიტიკა. როგორც ჩანს ძალაუფლება თქვენზე ნარკოტიკივით მოქმედებს“. მსგავსი კომენტარები მაშინათვე ყველაზე დიდ რეიტინგს აღწევდა. შემდეგ კი პუტინის ვებ-გვერდის ოპერატორები მათ ეკრანიდან შლიდნენ. თუმცა, არც ეს შველოდათ. ვებ-გვერდის ფოტოასლები ინტერნეტზე სწრაფადვე გავრცელდა.

პოლიტოლოგი სემ გრინი მოსკოვში ახალი მედიის პროგრამასაც განაგებს. მისი თქმით რუსეთის ხელისუფლება ინტერნეტზე მსგავსი მოვლენების განვითარებისთვის წესით მზად უნდა ყოფილიყო. მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ელოდა.

კურიოზია, მაგრამ პუტინის კამპანიის ვებ-გვერდზე მისი პარტია „ერთიანი რუსეთი“ არსად არის ნახსენები. ექსპერტები თვლიან, რომ ესეც ინტერნეტის დამსახურებაა. ცნობილმა ოპოზიციონერმა, რუსმა ბლოგერმა, ალექსეი ნავალნიმ პარტიის ისეთი დისკრედიტაცია მოახდინა, რომ თავად პუტინიც კი სარეკლამოდ მას თავს არიდებს. „ერთიანი რუსეთი - თაღლითების და ქურდების პარტია“ ასე უწოდა ბლოგერმა ნავალნიმ მმართველ პარტიას და ეს ფრაზა მაშინათვე ფრთიან გამოთქმად იქცა.

სანამ რუსეთის მთავრობა ვირტუალური ომითაა დაკავებული და მის მოგებას ცდილობს, ოპოზიციონრებმა უკვე ფონდების მოზიდვა დაიწყეს. ალექსეი კოზლოვმა 5 ათასი მხარდამჭერისგან 130 ათასი დოლარი სულ ოთხ დღეში მოაგროვა. ის ამბობს, რომ „იანდექს მანის“ (Yandex Money) გადახდის სისტემა 500 დოლარზე მეტის გადარიცხვის უფლებას არ იძლევა. ასე რომ რომ ვერავინ იტყვის, რომ ერთი ან ორი ოლიგარქი მართავს ოპოზიციას.

იანდექსის“ ლიმიტებმა კარგი საქმე გააკეთა. ის უცხოეთიდან გადმორიცხვებსაც კრძალავს. ვერც იმას დაგვაბრალებენ, რომ პოლიტიკური მოძრაობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან იმართება“ - ამბობს ის.

ამ ყველაფერთან ერთად ოპოზიცია „ფეისბუქს“ და სხვა სოციალური მედიის სახეებსაც აქტიურად იყენებს.

4 თებერვალს მოსკოვში გრანდიოზული ანტი-სამთავრობო მსვლელობა იგეგმება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მონაწილეთა რაოდენობა სულ ცოტა 100 ათასს მიაღწევს. მოსკოვის ქუჩებში კი არც პოლიტიკური პლაკატებია და არც პროკლამაციები ვრცელდება. ისინი ახლა უკვე ექსკლუზიურად ინტერნეტ-გვერდებზეა განთავსებული.

XS
SM
MD
LG