შეერთებულ შტატებში მდებარე სამ ატომურ ობიექტს სტიქია საფრთხეს უქმნის. ნებრასკას შტატში მდინარე მისური ნაპირებიდან გადმოვიდა და ორ ატომურ ელექტროსადგურს დატბორვით ემუქრება. ხოლო ნიუ მექსიკოს შტატში განლაგებულ სამხედრო ბირთვულ ლაბორატორიას ძლიერი ხანძარი მიუახლოვდა, რომელმაც უკვე ათასობით ჰექტარი გადაწვა. ატომური საქმიანობით დაინტერესებულ არასამთავრობო ჯგუფებს შექმნილი მდგომარეობა ადარდებთ, თუმცა ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ განგაშის მიზეზი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ზულიმა პალასიო.
ნებრასკას შტატში მდებარე ფორტ კალჰუნის ატომურ ელექტროსადგურს ნაპირებიდან გადმოსული მისურის მდინარე მიადგა. აპრილში ავარიის თავიდან აცილების მიზნით ატომური ელექტროსადგური დაიხურა. ექსპერტების აზრით, რეაქტორს და რადიოაქტიურ საწვავს საფრთხე არ ემუქრება.
ბირთვული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა მიმდინარე კვირის მანძილზე ატომური ელექტროსადგური მოინახულა. მისი თქმით, რეაქტორს წყალდიდობა ჯერ-ჯერობით არ ემუქრება.
„ამჟამად რისკი იმისა, რომ აქ ავარია მოხდება ძალიან დაბალია,“ განაცხადა ბირთვული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა გრეგორი ჯასკომ.
მაგრამ ატომურ ინდუსტრიაში მოღვაწე საზედამხედველო ორგანიზაციების აზრით, წყალდიდობამ შეიძლება რეაქტორის ელექტრონული გამაგრილებელი სისტემები მწყობრიდან გამოიყვანოს, რასაც რეაქტორის გადახურება და ავარია მოჰყვება. კევინ კემპსი განახლებადი ენერგიის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეიონდ ნიუქლეარის“ თანამშრომელი გახლავთ.
„უსაფრთხოების ურზუნველყოფის თვალსაზრისით, მათ მხოლოდ ორი მეტრი აქვთ დარჩენილი. ამდენად თუ მოულოდნელად ძლიერი წვიმები წამოვიდა და ამას თან ქარიშხალი მოჰყვა, მაშინ არ არის გამორიცხული რომ ერთ-ერთ კაშხალზე შეიძლება ავარიული მდგომარეობა შეიქმნას, რაც ფორტ კალჰუნისთვის უბედურების მომასწავებელი იქნება,“ აღნიშნა კევინ კემპსმა.
ასობით კილომეტრით სამხრეთით ნებრასკას შტატის ქალაქ ჰამბურგის მახლობლად მდებარე კუპერის ატომურ ელექტროსადგურს წყალდიდობა ემუქრება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ატომური ელექტროსადგური მაღალ ფერდობზე მდებარეობს, სადაც ობიექტს წყალდიდობისგან ქვიშით ავსებული ტომრები და სამმეტრიანი ბეტონის კედელი იცავს.
„ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ და რომ შეერთებულ შტატებში მდებარე ყველა ატომური ელექტროსადგური ისტორიულად უპრეცენდენტო წყალდიდობებისგან შესაბამისად დაცული იყოს,“ აღნიშნავს გრეგორი ჯასკო.
ქვეყნის სამხრეთდასავლეთ რეგიონში კი არიზონას შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარი მძვინვარებს. ხანძარი არიზონიდან ნიუ მექსიკოს შტატში გადავიდა და იქ მდებარე ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან ლოს ალამოსის სამხედრო ბირთვულ ლაბორატორიას მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში პირველი ატომური ბომბი სწორედ ლოს ალამოსის ლაბორატორიაში შეიქმნა. ხანძრის გამო ლაბორატორიის მთელი კომპლექსი დაიხურა.
„ჩვენი ობიექტი და ბირთვული მასალა სათანადოდ დაცულია და მას საფრთხე არ ემუქრება,“ აღნიშნა ლოს ალამოსის ლაბორატორიის დირექტორმა ჩარლზ მაკმილანმა.
აღსანიშნავია, რომ ლოს ალამოსის ლაბორატორიის ტერიტორიაზე განლაგებულია საცავები სადაც გამომუშავებული რადიოაქტიური საწვავით სავსე ათასობით რკინის კონტეინერი ინახება. თვით საცავები კი ქსოვილის კარვებისგან შედგება. კევინ კემპსის თქმით, ლოს ალამოსის ლაბორატორია ხანძრისგან ადრეც დაზარალდა.
„ოკლახომა, ტეხასი, კოლორადოს და კანზასის გარკვეული ნაწილი თერთმეტი წლის წინ ლოს ალამოსის ლაბორატორიაში გაჩენილი ხანძრისგან დაზარალდა, რომელმაც რადიოაქტიური ნივთიერებები გაავრცელა. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია პლუტონიუმი რადგან თუ პლუტონიუმის ნაწილაკი ადამიანის ფილტვში მოხვდა, ფილტვების კიბო გარანტირებულია,“ დასძენს კევინ კემპსი.
ხანძარმა უკვე 24,000-ზე მეტი ჰექტარი შთანთქა. მართალია მეხანძრეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, ისინი აღნიშნავენ, რომ ქარის ცვალებადობა სტიქიურ უბედურებას არაპროგნოზირებადს ხდის.