ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ გაამკაცრა სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოაწყო.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გამო კმაყოფილება გამოთქვა, რომელიც მისი ძველი მეტოქის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამ სანქციების ფარგლებში ჩრდილოეთ კორეის კიდევ 40-მდე კომპანია მოხვდა, თუმცა ჩინეთმა ნაწილობრივ უარი თქვა მათ წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეიყვანა „შავ სიაში“.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჰან ჰუენ ჯინის განცხადებით, დამატებით ჩრდილოეთ კორეის კიდევ სამი კომპანია მოხვდა ამ სიაში, რომელთაც აეკრძალათ საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა. ეს კომპანიები ფხენიანის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში მონაწილეობენ.
მისი თქმით:
“ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთის წინააღმდეგ კიდევ დამატებითი სანქციების შემოღებას ელის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მიერ.“
გაეროს აღნიშნული გადაწყვეტილება 13 აპრილს ჩრდილოეთ კორეის მიერ მრავალსაფეხურიანი რაკეტის გამოცდამ გამოიწვია, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა და რაკეტა გაშვებიდან ორი წუთის შემდეგ ყვითელ ზღვაში ჩავარდა.
ფხენიანი აცხადებს, რომ კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრის გაშვების მიზნით, მესამედ განახორციელებს ამგვარ მცდელობას.
ახალი სანქციები სამი სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული. ესენია:
„ამრაგონი“, „გრინ პაინ ასოშიეიტედი“ და „კორეა ჰეუჯინგ ტრეიდინგი.“ ეს კომპანიები ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ ბანკთან არიან დაკავშირებულნი, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებას აფინანსებს. ისინი ასევე მონაწილეობენ ჩრდილოეთ კორეის იარაღის ექსპორტში.
აღნიშნული კომპანიები დაკავშირებულნი არიან ირანის ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე მომუშავე ფირმებთან, რომლებიც თავის მხრივ გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფებიან თეირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობის გამო.
სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეას ათასობით პროფესიონალი სპეციალისტი ჰყავს, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობენ. ამ ინფორმაციის თანახმად ფხენიანს 13 ატომური ბომბი აქვს.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით ჩრდილოეთ კორეა მესამე ატომური ბომბის გამოცდისთვის ემზადება, რადგან წინა ორი აფეთქების ადგილზე ამჟამად გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს.
საერთაშორისო საზოგადოება აფრთხილებს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას, რომ ბირთვული იარაღის მორიგი გამოცდის შემთხვევაში მას კიდევ უფრო მეტი სანქციები დაეკისრება.