ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმფრინავებს თოვლი მოჰყავს?


თვითმფრინავებს თოვლი მოჰყავს?
თვითმფრინავებს თოვლი მოჰყავს?

დაკვირვებამ გამოავლინა,რომ ზამთრის თვეებში აეროპორტების მიდამოებში თოვა 10-15 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მათ მიმდებარე რეგიონებში.

აეროპორტის მიდამოებში ღრუბლების დეფორმაციას აქამდე სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მეცნიერები ამ თემაზე ხშირად ხუმრობდნენ, რადგან თვითმფრინავების მიერ დატოვებული ღრმულები ღრუბლების ისეთ დეფორმაციას იწვევდა, რომ ხალხს ის ზოგჯერ ამოუცნობ მფრინავ ობიექტად ეჩვენებოდა.

დღეს კი მეცნიერები თვლიან, რომ თვითმფრინავების ინტენსიური ფრენა ცივი ტემპერატურის ღრუბლებში თოვლის პროვოცირებას იწვევს. კოლორადოს ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი -ენდი ჰემსფილდი- ამ საკითხზე უკვე 3 წელიწადია მუშაობს. მისი კოლეგები ღრუბლებში ყინულის კრისტალების წარმოქმნას იკვლევენ.

უამრავ სხვა დანადგართან ერთად ისინი თვითმფრინავზე სპეციალურ რადარს ამონტაჟებენ, რომელიც ღრუბლის ყველა შრეს იკვლევს. რადარი თითქმის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც რენტგენი-ადამიანზე. დაახლოებით 6 თვის დაკვირვების შემდეგ სამეცნიერო ჯგუფმა საინტერესო მოვლენას მიაკვლია, რომელიც თავიდან ვერაფრით ახსნეს.

რადარმა თოვლის უცნაური აქტიურობა დააფიქსირა. ალაგ-ალაგ, იზოლირებულ ადგილებში თოვლი თითქოს რამდენიმე წვრილ, გრძელ ზოლად ეშვებოდა ციდან, თითქოს სახაზავით იყო გავლებული ხაზები“.

ამის მეტეოროლოგიური ახსნა არ არსებობს, - აღნიშნავს პროფესორი ჰემსფილდი. თოვლი ასე სწორ წვრილ ხაზად არ უნდა მოდიოდეს, წესით მას უფრო ფართო არეალი აქვს. სამეცნიერო კვლევამ ამ აღმოჩენის შემდეგ სხვა მიმართულება მიიღო და მასში კიდევ უფრო მრავალფეროვანი აპარატურა ჩართეს.

ციფრულმა კამერებმა მოგვიანებით ფარდასავით ჩამოშვებული სხვადასხვა მიმართულების თოვლის აქტიურობა დააფიქსირეს, თითქოს ცაში არხები, გვირაბები იყო გაყვანილი და იქიდან თოვდა. მეცნიერებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს შეიძლებოდა თვითმფრინავების ბრალი ყოფილიყო, მაგრამ ამ ვერსიას დასაბუთება სჭირდებოდა.

ამისათვის კვლევამ დენვერის აეროპორტისკენ გადაინაცვლა. რამდენიმე თვის დაკვირვების შემდეგ დოკუმენტურ მასალაზე აშკარად გამოჩნდა, რომ თოვლის ხაზი ზუსტად თვითმფრინავების ფრენის ტრაექტორიას მიჰყვებოდა. შემდეგ დროის ინტერვალიც დააზუსტეს, თოვა გაფრენის შემდეგ სულ რამდენიმე საათში იწყებოდა.

მომდევნო რამდენიმე თვე თოვის გამომწვევ სპეციფიურ მიზეზებს დაეთმო.

პროფესორის თქმით, ღრუბლებში დაახლოებით -40 გრადუსი უნდა იყოს, რომ იქ წყლის წვეთები დაკრისტალდეს. წესით ამ მდგომარეობაში და ამ ტიპის ღრუბლებმა თოვა არ უნდა გამოიწვიოს. მაგრამ აქ საქმეში კატალიზატორის როლს თვითმფრინავის პროპელერი თამაშობს. ის ტემპერატურას ღრუბლებში საკმაოდ დრამატულად, 30 გრადუსით აგდებს. თვითმფრინავის ფრთები წნევას ანაწილებს და თავის წილ როლს თამაშობს ჰაერის გაციებაში და გაფართოებაში. ჰაერში ყინულის კრისტალები ჩნდება, წვეთები ორთქლდება და დედამიწაზე თოვლად ეშვება.

თვითმფრინავების მიერ თოვლის გამოწვევის თეორია თანდათან გამყარდა. შემდეგი ეტაპი თეორიის დამტკიცება იყო. მხოლოდ ერთ აეროპორტზე დაკვირვება სამეცნიერო დასკვნის გამოტანის უფლებას არ იძლეოდა. სამეცნიერო ჯგუფმა გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაზარდა და მსოფლიოს დიდი აეროპორტების თავზე ღრუბლების შესწავლა სატელიტური ფოტოების მეშვეობით დაიწყო.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზამთრის თვეებში აეროპორტების მიდამოებში თოვა 10-15 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მათ მიმდებარე რეგიონებში.

პროფესორი ჰემსფილდი აღნიშნავს, რომ ეს ფენომენი ზოგადად კლიმატურ ცვლილებებზე დიდ გავლენას არ მოახდენს. მას ეთანხმება მეცნიერი პატრიკ ჩანგიც, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა პროფესორია. ეს რა თქმა უნდა, ანომალიაა, მაგრამ არც ისე დრამატული, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ამბობს ის.

ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენაა. მას ყველაფერთან ერთად მეტეოროლოგებისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქმე იმაშია, რომ ძალიან ხშირად ამინდზე დაკვირვებას აეროპორტის რეგიონებში ვაწარმოებთ ხოლმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამინდის პროგნოზირებაში შეცდომები შეიძლება სწორედ ამ მიზეზით იყოს განპირობებული“ - აღნიშნავს ის.

პროფესორი ჰემსფილდი კი გვირჩევს, რომ ზამთარში აეროპორტის მიდამოებში როცა მოვხვდებით და თან ფოტოაპარატიც გვაქვს, ვეცადოთ ცას ფოტო გადავუღოთ. თოვლის უცნაური, წვრილი და გრძელი ფარდა ხანდახან უბრალო მოყვარულისთვისაც კი იოლი შესამჩნევია ხოლმე.

XS
SM
MD
LG