რუსეთში იშვიათი ჯიშის მცენარეებითა და ხეხილის ჯიშებით ცნობილი პავლოვსკის ექპერიმენტული სადგური განადგურების საფრთხის წინაშეა.
თუ სადგურზე მომუშავე მეცნიერებისა და გარემოს დამცველების ხმა კრემლის დახშულ კარს მიღმა ვერ შეაღწევს, პეტერბურგის მახლობლად მდებარე ქალაქ პავსლოვსკში უნიკალური მცენარეებით სახელგანთქმულ სადგურს ბულდოზერები გადათელავენ.
45 კილომეტრზე გადაჭიმულ პავლოვსკის ექსპერიმენტულ სადგურს დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ სადგურზე მეცნიერებს ათეული წლებია საუკეთესო ჯიშის მცენარეები გამოჰყავთ და ასევე უნიკალური ჯიშის ხეხილის, მარცველულისა და კარტოფილის კულტურებს ახარებენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ლენინგრადი ცეცხლის ალში ეხვია, ხალხი კი შიმშილისგან იხოცებოდა, პავლოვსკის სადგურის მეცნიერებმა იშვიათი ჯიშის მცენარეები და ხეხილის ხეები განადგურებას გადაარჩინეს.
ამიტომაცაა, რომ დღეს პავსლოვსკის ექსპერიმენტული სადგური ცნობილია კენკროვანი და იშვიათი ხეხილის ჯიშების მრავალფეროვანი კოლექციით. ზოგიერთი მათგანი დედამიწის სხვა ადგილებში არც კი მოიპოვება.
ხორბლის დაცვის საერთაშორისო ჯგუფის "ბიოვერსითი ინთერნეიშენელის" მეცნიერებმა შეისწავლეს პავლოვსკის ექსპერიმენტული სადგურის მცენარეთა ნიმუშები. ჯგუფის გენერალური დირექტორის ემილი ფრისონის განცხადებით:
„სადგურის მცენარეები არა მარტო ნაირფეროვნებით გამოირჩევიან, არამედ უნიკალური გენეტიკური თვისებები გააჩნიათ. ზოგიერთი ჯიშის ხეხილი განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებსა და ვიტამინებს შეიცავს.“
მიზეზი,რის გამოც ხელისუფლება პავლოვსკის ექსპერიმენტული სადგურის განადგურებაზე დათანხმდა ძალზე მარტივი და კონკრეტულია. სადგურის ტერიტორია იყიდება, რის შემდეგაც იმ ადგილზე საცხოვრებელი სახლის მშნებლობა დაიწყება. როგორც მარცვლეულის გლობალური მრავალფეროვნების დაცვის ფონდის ორგანიზაციის თანამშრომელი კერი ფოულერი აცხადებს:
„ირონიულია, მაგრამ მცენარეებს, რომლებსაც ბარბაროსმა ნაცისტებმაც კი ვერაფერი დააკლეს, საკუთარ მიწაზე სამშენებლო კომპანია გაანადგურებს“
პავლოსვკის მეცნიერთა ჯგუფმა სამშენებლო კომპანიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა გასულ თვეს ჯგუფმა საქმე წააგო და ერთადერთი იმედი,რაც ახლა დარჩა - პრეზიდენტის ყურამდე ამ საქმის მიტანა გახლავთ. პავლოვსკის ექსპერიმენტული სადგურის გულშემატკივრებს სჯერათ,რომ პრეზიდენტი მედვედევი მათ მოთხოვნას შეისმენს.
მიწის გაყიდვამდე კი დიდი დრო არ დარჩა და ვიდრე პავლოვსკის ექსპერიმენტული სადგურის თანამშრომლები ზოგიერთი იშვიათი ჯიშის მცენარის გადარჩენას მაინც შეძლებენ, პავლოვსკის ბაღებს ბულდოზერები ხმაურით გადათელავენ.