ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთს ახალი კონსტიტუცია ექნება


დღეს მოქმედ კონსტიტუციას თურქეთის მოქალაქეები იმ თავისუფლებების შეზღუდვაში სდებენ ბრალს, რომელსაც ის დემოკრატიულ ქვეყანაში წესით უნდა იცავდეს.

პარლამენტარები თურქეთში ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას შეუდგნენ. ანალიტიკოსები ამ ფაქტს კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ის თურქეთის ისტორიაში მილიტარისტულ წარსულთან კავშირის საბოლოო გაწყვეტას მოასწავებს. იმის მიუხედავად, რომ ახალი კონსტიტუციის შექმნასთან დაკავშირებით კონსენსუსი უკვე არსებობს, ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირებები იმდენად ძლიერია, რომ ამან შესაძლოა მისი შექმნის და მიღების პროცესი შეაფერხოს.

1980 წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ორიოდ წელიწადში შექმნილ კანონმდებლობას წელს 30 წელი უსრულდება. თურქმა პარლამენტარებმა მისი გადაწერა და ახალ პოლიტიკურ რეალობაზე მორგება დაიწყეს. ქვეყნის პოლიტიკა დიდი ხანია რაც შედარებით ზომიერად განისაზღვრება და ახალმა დრომ და რეალობამ მისი შეცვლის აუცილებლობა მოიტანა.

ჩინგიზ აკტარი, სტამბოლის ბაჰჩესირის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებას ქვეყნის მომავლისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს:

„თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი დგება. ქვეყანას ახალი სოციალური კონტრაქტი ესაჭიროება, რომელიც მის მომავალ გზას, ამომრჩევლებთან თუ პარტნიორებთან თანაარსებობის პირობებს განსაზღვრავს. და რომლის დროსაც ადამიანებს ცხოვრება ჯერ კიდევ არსებული საზოგადოებიდან გარიყვის შიშს გაუქრობს“.

დღეს მოქმედ კონსტიტუციას თურქეთის მოქალაქეები იმ თავისუფლებების შეზღუდვაში სდებენ ბრალს, რომელსაც ის დემოკრატიულ ქვეყანაში წესით უნდა იცავდეს. პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მოთხოვნით კონსტიტუციაზე მუშაობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და ის არა „სახელმწიფოს, არამედ მისი მოქალაქეების ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს“.

ამისთვის სამოქალაქო ჯგუფებს, რელიგიურ ორგანიზაციებს და თურქეთის რიგით მოქალაქეებს კონსტიტუციის მონახაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება სთხოვეს. საქმეში თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კანონიერად მოქმედ ქურთთა პარტიას, სახელწოდებით „მშვიდობის და დემოკრატიის პარტია“. პარტიის ერთ-ერთი დელეგატი თურქეთის პარლამენტში ერტუგრალ კურკჩუ ფრთხილობს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„ძალზე ჯანსაღი კონსტიტუცია გვექნება, თუკი ყველა მხარე შეეცდება, რომ კარგი კონსტიტუცია გამოგვივიდეს. თუმცა, მიმაჩნია რომ მთავარი წინააღმდეგობა ჯერ წინ გვაქვს. ერდოღანის ამბიცია და მიზანი საპრეზიდენტო რეჟიმის შემოღებაა და მიმაჩნია, რომ თუკი რამე გართულდა, პრობლემების სათავე სწორედ მისი ძალაუფლებრივი ამბიცია იქნება“ - ამბობს თურქი უმცირესობების წარმომადგენელი.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს და ამ მოსაზრებას თურქეთის ყველაზე ცუდად დამალულ საიდუმლოდ მიიჩნევს. რეჯებ ტაიპ ერდოღანს ისეთი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება სურს, როგორიცაა საფრანგეთში და შეერთებულ შტატებში. თურქეთის ლიდერი დიდი ხანია აცხადებს, რომ 2015 წელს მესამე ვადის დასრულების შემდეგ ის საკუთარ კანდიდატურას პრემიერის პოსტზე აღარ დააყენებს. თუმცა, მაისის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით მან ექსპერტების ეჭვი დაადასტურა. მისი თქმით, თურქეთში დღის წესრიგში საპრეზიდენტო ხელისუფლების განხილვა უნდა დადგეს, რასაც ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და საპარლამენტო სისტემის შენარჩუნებას მოითხოვენ.

პროფესორი აკტარის თქმით ანალოგიური დაპირისპირებები არსებული კონსენსუსისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და არამარტო ახალ კონსტიტუციას უქმნის საფრთხეს, არამედ თურქული დემოკრატიის განვითარებასაც ხელს შეუშლის.

„პოლიტიკური მოწყობის სისტემა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პარტიები მოიაზრებენ, რუსეთის პრეზიდენტის მიერ შექმნილ ძალაუფლებას უფრო ჰგავს, ვიდრე ამერიკულს. ანუ - მინიმალურ კონტროლის მექანიზმებს და მაქსიმალურ ინდივიდუალურ ძალაუფლებას“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ახალი კონსტიტუციის ბედი და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შეცვლა-არშეცვლა თურქეთის პარლამენტის და შესაბამისად თურქი მოსახლეობის გადასაწყვეტია. ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტია პარლამენტში მანდატების საკმარის უმრავლესობას ფლობს იმისათვის, რომ ახალი კონსტიტუცია დამტკიცდეს. შემდეგი ეტაპი კი მისი სახალხო რეფერენდუმის გზით რატიფიცირება იქნება. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსების შიში - ქვეყნის გაერთიანების ნაცვლად მისი პოლიტიური პოლარიზების გაზრდის შესახებ - უსაფუძვლო არ არის.

XS
SM
MD
LG