ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ მიმართულ სახალხო გამოსვლებს „ახალგაზრდების რევოლუცია “ ეწოდა იმის გამო, რომ ბევრი ახალგაზრდა ეგვიპტელი საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყნის გარდაქმნას ცდილობდა.
ჰოსნი მუბარაქის გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ჯერომ სოკოლოვსკიმ ქაიროში ორ ახალგაზრდა დემონსტრანტს ინტერვიუ ჩამოართვა.
ეგვიპტელი ანტი-სამთავრობო დემონსტრანტი აბუ-ბაქრ მახლუფი თავის ოფისში კომპიუტერზე ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის აღმბეჭდავ ვიდეო კადრებს აღტაცებით უყურებს. ვიდეო ჩანაწერი მახლუფმა თავისი კამერით გადაიღო.
„თურმე რამდენად ამაღელვებელია, როცა არ გეშინია და იცი, რაც გსურს და იცი ისიც, რომ ვიღაცას შენგან ამის წართმევა სურს. არასდროს მეგონა, რომ ამგვარ მოვლენებში მონაწილეობას მივიღებდი “- აღნიშნავს მახლუფი.
მახლუფი იხსენებს, როცა პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა და იგი დემონსტრანტებს შორის აღმოჩნდა:
„უცებ შვება ვიგრძენი. თავისუფლების გრძნობა დამეუფლა. ვფიქრობდი, რომ აღარ მეშინია. ჩვენ მდგომარეობის შეცვლა შეგვიძლია. შეხედეთ აქ შეკრებილ ხალხს!“ - იხსენებს ეგვიპტელი ახლაგაზრდა.
დემონსტრაციის დროს მახლუფს თავში ქვა მოხვდა და დასისხლიანებული თაჰრირის მოედანზე განლაგებულ დროებით საველე საავადმყოფოში მიიყვანეს:
„ნაკერები ხუთ წუთში დამადეს. ყველაფერი იმდენად ორგანიზებული იყო, რომ გაოცებას იწვევდა!“ - ამბობს მახლუფმა.
სხვა ახალგაზრდა ეგვიპტელების მსგავსად, მახლუფს ეგვიპტის მთავრობის უუნარობა და კორუფცია თავს აბეზრებდა. მას მიაჩნდა, რომ მუბარაკის მთავრობამ ეგვიპტე დააკნინა. მახლუფის ოფისი ქაიროს ელიტარულ ზამალეკის უბანში მდებარეობს.
ბევრი ახალგაზრდა ეგვიპტელი გრძნობდა, რომ ეგვიპტის მხცოვანი მთავრობის ხელში მათ მომავალი არ ეწერათ. მაგრამ ეგვიპტის ადათ-წესები ხანდაზმულ პირთა მიმართ პატივისცემას მოითხოვს, რაც ახალგაზრდებში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევდა.
აბუ-ბაქრ მახლუფი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:
„ჩვენ ხანდაზმულ პირებს კვლავინდებურად პატივს ვცემთ. მაგრამ ვისწავლეთ განსხვავება მოხუცებულების პატივისცემასა და იმას შორის, რაც აშკარად ბოროტებას წარმოადგენდა.“
ბოროტებაში მახლუფი ბინძურ ქუჩებს, 24-საათიან საცობებსა და საშემოსავლო დონეებს შორის არსებულ უზარმაზარ სხვაობას გულისხმობს. მას სულაც არ აღელვებს ის, რომ დემონსტრაციების შედეგად ეგვიპტის ეკონომიკა დაზარალდა.
როცა ნარიმან ელ ხესინმა ქაიროს ქუჩებში ძალადობა დაინახა, მან ლონდონში საბანკო სამსახური დროებით მიატოვა და ეგვიპტეში ჩავიდა. ახლა იგი თაჰრირის მოედანზე მუბარაქის გადადგომას ზეიმობს.
ნარიმან ელ ხესინის ასაკის ეგვიპტელებმა ერთიანობით დაამტკიცეს, რომ ავტოკრატული მართვის ქვეშ შემდეგი ოცდაათი წლის მანძილზე ცხოვრება აღარ სურდათ, რადგან მათი აზრით, დროის ეს მონაკვეთი თითქმის ცხოვრების ტოლფასია.