ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტივირუსული თერაპია შიდსის წინააღმდეგ


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, მკურნალობის დროულად დაწყება მილიონობით ადამიანს გადაარჩენს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00
ბმული

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშით, ადრეული ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) საშუალებით, 2025 წლამდე 3.5 მილიონი იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებული ადამიანის გადარჩენა შეიძლება. ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ შედარებით იაფი და უსაფრთხო მკურნალობის მეშვეობით, შიდსით დაავადებულებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება სავსებით რეალური ხდება. წამლები სისხლში იმუნოდეფიციტის ვირუსის რაოდენობას ამცირებს, რაც არამარტო პაციენტს აძლევს უფრო ჯანმრთელი ცხოვრების საშუალებას, არამედ თვითონ დაავადების გავრცელების რისკსაც ამცირებს.

განდო ვეილერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შიდსის დეპარტამენტის კოორდინატორია. მისი თქმით, 2012 წლის დასასრულს იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ანტირეტროვირუსულ თერაპიას გადიოდნენ, 9.7 მილიონი შეადგინა. ეს კი 10 წლის წინანდელ 300 ათასიან მონაცემთან შედარებით, დრამატული ზრდის მაჩვენებელია. განდო ვეილერი ამბობს, რომ თერაპია პაციენტების ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს, რადგან მათი საერთო მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. ამასთან თვითონ ეპიდემიის სურათიც მნიშვნელოვნად იცვლება.

ბოლო 10 წლის მანძილზე დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში მიმდინარე ანტირეტროვირუსული თერაპიის შედეგად, ზუსტად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 4.2 მილიონი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. 800 ათასამდე ბავშვში დედისგან ინფიცირების პრევენცია მოხდა. თერაპიამ არამარტო დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესა, არამედ ვირუსის გავრცელების შანსიც მინიმუმამდე დაიყვანა. ასე რომ, მკურნალობამ და პრევენციის თანამედროვე მეთოდოლოგიებმა დედამიწაზე იმუნოდეფიციტის ვირუსის ეპიდემიის ზოგადი სურათი ძირფესვიანად შეცვალა“ - განმარტავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შიდსის განყოფილების კოორდინატორი.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 32 მილიონს აღწევს. მხოლოდ ერთი, 2011 წლის მანძილზე ვირუსთან დაკავშირებული გართულებებით, 1.7 მილიონი დაიღუპა. ყველაზე ფართოდ დაავადება აფრიკის სუბსაჰარის რეგიონშია გავრცელებული. სახსრების და სხვა რესურსების მობილიზების მეშვეობით, 2012 წელს იქ უკვე ყოველი 5 დაავადებულიდან 4 თერაპიის კურსს გადიოდა. თუმცა, მდგომარეობა არც ისე დამაიმედებელია ბავშვებში. ისინი ზრდასრულებთან შედარებით, ნაკლებად არიან ჩართული მკურნალობის პროცესში. ანტირეტროვირუსულ თერაპიას სუბსაჰარის რეგიონში ყოველი 3-დან მხოლოდ ერთი ბავშვი გადის.

ასევე შედარებით არასახარბიელო სიტუაციაა ნარკოლოგიურ ავადმყოფ და სექსმუშაკთა ჯგუფებში, მათ შორის მამაკაცებშიც, რომლებიც სქესობრივ კავშირს მამაკაცებთან ამყარებენ. ამ ჯგუფებს თერაპიაზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიაჩნია, რომ შემდეგ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობაში რაც შეიძლება მეტად და დროულად მოხდეს სტერეოტიპებით დაშტამპული და საზოგადოებისგან ერთგვარად გარიყული ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფა.

ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ანტირეტროვირუსული მკურნალობა დასაშვებია ორსულ ქალებში, მეძუძურ დედებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ასევე სასურველია თერაპია გაიაროს წყვილებში არაინფიცირებულმა პარტნიორებმაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შიდსის დეპარტამენტის დირექტორი, გოტფრიდ ჰირნშალი აღნიშნავს, რომ მკურნალობის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო გაიოლებულია, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ათი წლის წინ დღეში რამოდენიმეჯერ უამრავი აბის მიღება იყო საჭირო. ამასთან, მკურნალობის დაწყება დაგვიანებით ხდებოდა. დღეს სურათი შეიცვალა: პაციენტი ინფიცირების ადრეულ ეტაპზე დღეში ერთხელ მხოლოდ ერთ აბს იღებს. მკურნალობაც ბევრად უფრო ეფექტურია. ადამიანებს საშუალება ეძლევათ უფრო ხანგრძლივი პერიოდების მანძილზე სავსებით ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვრონ და ამასთან ერთად, პარტნიორთან უსაფრთხო სქესობრივი კავშირიც დაამყარონ“ - აღნიშნავს გოტფრიდ ჰირნშალი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის თქმით, მკურნალობის კურსი დრამატულად გაიაფდა. განვითარებად ქვეყნებში ერთ ადამიანს მთელი წლის წამლების მარაგი საშუალოდ 140 დოლარი უჯდება, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში მათი ფასი 10 ათას დოლარს აღემატება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შიდსის მკურნალობის უფრო ინტეგრირებული მეთოდების დამკვიდრების მომხრეა. გაეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ანტირეტროვირუსული თერაპია უფრო მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ჯანდაცვის სფეროს ისეთ მომსახურებებთან, როგორიცაა, მაგალითად, ტუბერკულოზის მკურნალობა, რეპროდუქციული ჯანდაცვა, დედათა და შვილთა ჯანმრთელობის პროგრამები და ნარკოლოგიური დამოკიდებულების მოხსნა.
XS
SM
MD
LG