ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველ დევნილთა 88 პროცენტზე მეტს, უკან დაბრუნება სურს


რკინიგზის ჩანგრეული ხიდი მდინარე ენგურზე
რკინიგზის ჩანგრეული ხიდი მდინარე ენგურზე

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანების 88,3 პროცენტს სურს დაუბრუნდეს თავის წარმოშობის ადგილს, თუ ამის შესაძლებლობა და მათთვის მისაღები პირობები ექნებათ.

გამოკითხულთა 2.6 პროცენტმა ხაზი გაუსვა, რომ მზად არიან ნებაყოფლობით დაბრუნდნენ მოცემული გარემოებების პირობებშიც. 6 პროცენტს კი უკან დაბრუნება არ სურს.

ემოციური კავშირი, ქონება, ნათესავებისა და მეგობრების საფლავების მონახულება დასახელდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნებაყოფლობითი დაბრუნების სურვილის მთავარ მიზეზად.

„რაც გაგვაჩნდა, ქონება, სახლ-კარი, სახურავი თავზე, იქ გვქონდა ყველაფერი. 24 წელია უკვე თბილისში ცხოვრობთ და არაფერი არ გაგვაჩნია. ჩემი ოჯახის, დედაჩემის, მამაჩემის სახლი იყო სოხუმში, სემერჯიევის 142, პირველი სადარბაზო, მეორე სართული ბინა 5. დღემდე მახსოვს, არც დამვიწყნია. 11 წლის ვიყავი იქედან რო წამოვედით, დღემდე თვალწინ მიდგას ის ქუჩები, ეზო..ყველაფერი, აბსოლუტურად! კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მინდა დაბრუნება მე და ჩემს ოჯახს, ეს არის ჩვენი გარდაცვლილები. იქ მარხიან ბაბუები, ბიძები, უამრავი ნათესავი. დაბრუნება ჩემი დიდი სურვილი კი არის, მაგრამ როგორ მოხდება ეს, მართლა ვერ წარმომიდგენია.ეს შეუხორცებელი ჭრილობები როგორ შეხორცდება, მართლა ვერ წარმომიდგენია და არ ვიცი, როგორ შეიძლება შევეწყოთ იქ აფხაზებს. პირადი ზიზღი აფხაზების მიმართ არ მაქვს, მაგრამ იმდენი რამ დაგროვდა რომ გულში დარჩა.“
დათო კუკავა, სოხუმიდან დევნილი

დევნილთა დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების კვლევა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის მიზანი იყო დევნილებისათვის მიეცათ საშუალება გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

დათო კუკავა ახლა 32 წლის არის, 11 წლის იყო, როცა ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი სოხუმი, მშობლებთან და დასთან ერთად დატოვა. დათო ამბობს, რომ რა თქმა უნდა აფხაზეთში დაბრუნება სურს, თუმცა, ამ ეტაპზე, ძნელად წარმოუდგენია, აფხაზებთან თანაცხოვრება.

„რაც გაგვაჩნდა, ქონება, სახლ-კარი, სახურავი თავზე, იქ გვქონდა ყველაფერი. 24 წელია უკვე თბილისში ცხოვრობთ და არაფერი არ გაგვაჩნია. ჩემი ოჯახის, დედაჩემის, მამაჩემის სახლი იყო სოხუმში, სემერჯიევის 142, პირველი სადარბაზო, მეორე სართული ბინა 5. დღემდე მახსოვს, არც დამვიწყნია. 11 წლის ვიყავი იქედან რო წამოვედით, დღემდე თვალწინ მიდგას ის ქუჩები, ეზო..ყველაფერი, აბსოლუტურად! კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მინდა დაბრუნება მე და ჩემს ოჯახს, ეს არის ჩვენი გარდაცვლილები. იქ მარხიან ბაბუები, ბიძები, უამრავი ნათესავი. დაბრუნება ჩემი დიდი სურვილი კი არის, მაგრამ როგორ მოხდება ეს, მართლა ვერ წარმომიდგენია.ეს შეუხორცებელი ჭრილობები როგორ შეხორცდება, მართლა ვერ წარმომიდგენია და არ ვიცი, როგორ შეიძლება შევეწყოთ იქ აფხაზებს. პირადი ზიზღი აფხაზების მიმართ არ მაქვს, მაგრამ იმდენი რამ დაგროვდა რომ გულში დარჩა.“

კვლევის დროს გამოკითხულებს შეკითხვები სამი ძირითადი, გრძელვადიანი გადაწყვეტილების არჩევანთან დაკავშირებითაც დაესვათ: ნებაყოფლობითი დაბრუნება დევნილობამდე საცხოვრებელ ადგილას; ადგილობრივი ინტეგრაცია იმ ადგილებში, სადაც იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავშესაფარი მოიპოვეს და ინტეგრაცია ქვეყნის სხვა ნაწილში, ანუ ახალ ადგილას განსახლება.

გამოკითხულთა 57.3 პროცენტი თავს სრულიად ინტეგრირებულად გრძნობს იქ სადაც ამჟამად ცხოვრობს. 33.3% ნაწილობრივად ინტეგრირებულად, ხოლო 8.3 პროცენტი ფიქრობს, რომ არ არის ინტეგრირებული.

თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებში აღინიშნება ინტეგრაციის უფრო მაღალი დონე, ვიდრე სოფლად მაცხოვრებლებს შორის. როგორც წესი, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას ქალაქში უფრო მეტი ხელშეწყობა აქვს, ვიდრე სოფლებში.

გამოკითხულთა 46.3 პროცენტი ამბობს, რომ სრული ინტეგრაცია შესაძლებელია, თუ მათ პირველ რიგში ექნებათ შემოსავლის წყარო, 20,4 პროცენტს მიაჩნია, რომ ინტეგრაციის მთავარი ხელშემწყობი საკუთარი სახლის ქონაა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ნახევარ, ანუ 50,9 პროცენტს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკუთრებაში არ გააჩნია სახლი, ბინა ან მიწის ნაკვეთი. დევნილების 57.1 პროცენტს კი არს სურს ამჟამინდელი საცხოვრებლიდან ახალ ადგილას განსახლება, მათ ვისაც სურს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ამჯობინებს დიდ ქალაქში ცხოვრებას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ კვლევის მთავარი შედეგი მაინც ის, არის რომ დევნილთა ახალ თაობას კი საკუთარ მიწაზე დაბრუნების სურვილი არ განელებია

„დევნილების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს უკან დაბრუნება, 91 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ დაბრუნდება იმ შემთვხვევაში თუ აფხაზეთი და ცხინვალი იქნება სრულად რეინტეგრირებული საქართველოსთან. 2,5 პროცენტს ბოლომდე არ აქვს გარკვეული როგორ მოიქცევა და მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ მათ დაბრუნება არ სურთ. ასე, რომ ეს მითი, რომელიც წლების განმავლობაში გვესმის, რომ უკვე დევნილთა ახალი თაობა წამოვიდა და მათ არ სურთ უკან დაბრუნება, ამ კვლევით არის გაქარწყლებული.“

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით, დევნილთა გამოკითხვა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) განახორციელა. თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სულ გამოკითხული იქნა 2001 იძულებით გადაადგილებული პირი.

კვლევამ ასევე აღრიცხა აფხაზეთისა და ცხინვალის ყველა რაიონიდან იძულებით გადადგილებული პირები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა საბინაო პირობებში: კოლექტიურ ცენტრებში, კოტეჯური ტიპის დასახლებებსა და კერძო სახლებში ცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG