ბოლო რამდენიმე დღეა სირიაში უსაფრთხოების ძალებსა და ყოფილ პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერთა შორის შეტაკებები ხდება და ასობით სამოქალაქო პირი მოკლეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 10 მარტს სირიის ზღვისპირა რეგიონში ძალადობის უეცარი ესკალაციის გამო განგაში გამოთქვა.
„სირიაში სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დარღვევების ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გენერალური მდივნის პრესსამსახურის უფროსმა.
ამჯერად წინააღმდეგობის მოძრაობა იმ მებრძოლებმა დაიწყეს, რომლებიც ქვეყნის ალავიტი უმცირესობის წევრები არიან. ეს იგივე რელიგიური ჯგუფია, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ოჯახი მიეკუთვნება.
სირიის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი ძალები ზღვისპირა რეგიონში, საპორტო ქალაქ ლატაკიასთან ახლოს, ასადის ერთგული ძალების მხრიდან გათვლილი თავდასხმის სამიზნე გახდა. მთავრობის განცხადებით, ეს ამბოხების მცდელობა იყო, რომელიც მათ უკვე ჩაახშვეს.
ორივე მხარემ ბევრი მებრძოლი დაკარგა რამდენიმე დღის წინ განახლებულ ბრძოლებში. დროებითი მთავრობის მიერ დეკემბერში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ეს ბრძოლები ყველაზე მწვავე იყო.
დროებითი მთავრობის მეთაურმა, დაჯგუფება "ალ-ყაიდას" ყოფილმა წევრმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ სამოქალაქო პირებისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ მიმართულ ყველა სისასტიკეს დამოუკიდებელი გამოძიება შეისწავლის.
გაეროს ჰუმანიტარული საქმეების ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ გავრცელებული ცნობებით, ზღვისპირა რეგიონში ათასობით სირიელმა საცხოვრებელი ადგილი დაკარგა და ბევრი მეზობელ ლიბანში გადავიდა.