ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ისტორიულ ეროვნულ დიალოგს მართავს


სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა ეროვნულ დიალოგზე სიტყვით გამოდის, დამასკოში.
სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა ეროვნულ დიალოგზე სიტყვით გამოდის, დამასკოში.

სირიას „ისტორიული შესაძლებლობა“ აქვს, რათა თავიდან ააშენოს ქვეყანა, განაცხადა ქვეყნის გარდამავალმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ სამშაბათს, ეროვნულ დიალოგზე.

დამასკოში, ასობით სირიელი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლეში ერთდღიანი ღონისძიებისთვის, რომელსაც მომხრეები უპრეცედენტოდ მიიჩნევენ, თუმცა კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იყოს.

ახალი გარდამავალი მთავრობა ძალაუფლებას 1-ელ მარტს ჩაიბარებს, თუმცა მისი წევრები ჯერ არ არიან დასახელებულნი. ალ-შარა, რომელსაც დასავლური და არაბული ქვეყნები ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებენ, აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარებას ხუთი წელი დასჭირდება.

გასულ თვეში ამბოხებულთა სამხედრო მეთაურებმა, რომლებმაც ასადი ჩამოაგდეს, დროებით პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარა დაასახელეს და მან პირობა დადო, რომ ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ ეროვნულ დიალოგს გამართავდა.

„სირია თავად გათავისუფლდა და ამიტომ თავად უნდა აიშენოს თავი“, - განაცხადა მან სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გამორჩეული, ისტორიული და იშვიათი შესაძლებლობაა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყოველი წამი ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - დასძინა მან.

მონაწილეები დაიყვნენ ექვს სამუშაო ჯგუფად, რათა განეხილათ გარდამავალი სამართლის სისტემა, კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, პირადი თავისუფლებები, სირიის მომავალი ეკონომიკური მოდელი და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

მონაწილეები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ მაინც არსებობდა შეშფოთება იმის თაობაზე, თუ რამდენად გაითვალისწინებდნენ მათ მოსაზრებებს პოლიტიკურ პროცესში.

„ჩვენთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი: ეს განხილვა უნდა იყოს უწყვეტი პროცესი და უნდა ვიცოდეთ, როგორ იქნება გამოყენებული ეს დისკუსიები,“ - განუცხადა ახალი ამბების სააგენტო “როიტერს” ჰანინ აჰმადმა, აქტივისტმა ჰომსიდან.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაციები დაეხმარება კონსტიტუციური დეკლარაციის ფორმირებას, რომელიც სირიის ახალი მმართველობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი ახალი გარდამავალი მთავრობის განხილვის საგანი გახდება.

არაბული და დასავლური დედაქალაქები ყურადღებით აკვირდებიან სამიტს. ისინი სირიის ახალი ლიდერების აღიარებასა და სანქციების შესაძლო მოხსნას პოლიტიკური პროცესის ინკლუზიურობას უკავშირებენ, ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

დიალოგში მონაწილეობაზე მიწვევა არ მიუღიათ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში მოქმედ ქურთულ ავტონომიურ ადმინისტრაციასა და ამერიკის მხარდაჭერილ სირიის დემოკრატიულ ძალებს.

გაერო, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ალ-შარას “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს” ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ და მასზე სანქციები აქვთ დაწესებული.

XS
SM
MD
LG