ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარკო რუბიომ USAID-ის პროგრამების 83%-ის დახურვის შესახებ გამოაცხადა


მარკო რუბიო, ამერიკის სახელმწიფო მდივანი
მარკო რუბიო, ამერიკის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 83% იხურება. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელ "X"-ში დაწერა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ექვსკვირიანი შემოწმების შემდეგ მიიღეს.

„იმ 5200 კონტრაქტის ფარგლებში, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისეთნაირად, რაც არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანსაც კი აყენებდა) ამერიკის ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, - დაწერა მან.

რუბიოს განცხადებით, კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, უფრო ეფექტიანად მართოს დარჩენილი პროგრამები - დაახლოებით 1000 პროგრამა. მან მადლობა გადაუხადა მთავრობის ეფექტიანობის სააგენტოს, რომელიც ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოქმედებს, და თქვა, რომ მისი შრომისმოყვარე თანამშრომლების დამსახურებით, მიღწეული იქნება "ისტორიული რეფორმა", რომელიც დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო.

თებერვლის ბოლოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შეაჩერებს USAID-ის მეშვეობით უცხოური სახელმწიფოების დახმარების 90%-ზე მეტს. საერთო ჯამში ამერიკის ხელისუფლებამ შეწყვიტა დაახლოებით 5 800 გრანტის მოქმედება, ხოლო USAID-ის 500-ზე მეტი გრანტი შეჩერებულია.

მარტის დასაწყისში, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ უარყო მთავრობის მოთხოვნა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ, რაც უკვე დასრულებული პროექტებისთვის უცხოურ ორგანიზაციებს USAID-ის მეშვეობით უნდა გადაუხადონ.

USAID არის დამოუკიდებელი ამერიკული სამთავრობო სააგენტო, რომელიც კონგრესის გადაწყვეტილებით, 1961 წელს შეიქმნა და მასში დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დასაქმებული მთელ მსოფლიოში. ეს არის საერთაშორისო დახმარების სფეროში ამერიკის მთავრობის ძირითადი ქვედანაყოფი, რომელიც კონგრესისგან ყოველწლიურად იღებს ათობით მილიარდ დოლარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროგრამების დასაფინანსებლად. კონგრესის კვლევითი სამსახურის (CRS) ბოლო ანგარიშმა აჩვენა, რომ USAID 2023 ფისკალურ წელს 40 მილიარდ დოლარზე მეტი იყო განსაზღვრული 130 ქვეყანაში პროექტების მხარდასაჭერად. დახმარების პირველი სამი მიმღები იყო უკრაინა, ეთიოპია და იორდანია.

XS
SM
MD
LG