ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნების“ „მეორე ტურის“ წინ, რომელიც 1 მარტს უნდა გაიმართოს, არძინბას-ჰაჯიმბას კლანი გააფთრებით უტევს “სომხურ კლანს”. ადღურ არძინბა, რომელიც ანკლავში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მეორედ ცდილობს, ანქვაბი-ბჟანიას კლანის „კანდიდატს” ბადრი გუნბას ღიად ადანაშაულებს, რომ „პირველი ტური“ მან სომხების „ხმების“ მოსყიდვით მოიგო.
არძინბას მტკიცებით, ანქვაბი-ბჟანიას კლანმა, სომხების ადგილობრივ ლიდერს, ყოფილ ბოევიკს და კრიმინალურ ავტორიტეტს ალიკ მინასიანს, რუსეთის დოტაციიდან, „შეღავათიანი კრედიტი“ - 8 მილიონ 300 ათასი დოლარი გამოუყო. ანქვაბი-ბჟანიას კლანს სომხების მობილიზაციისთვის, ასევე დაეხმარა რუსეთის სომხური დიასპორა, სომეხი კრიმინალური ავტორიტეტები და კრემლის ძლიერი პროპაგანდა, რომ გუნბა „პრორუსული“, ხოლო - არძინბა „პროთურქული“ „კანდიდატია“.
„ხვალ აქ როგორ უნდა ვიცხოვროთ? მათ შორის, ჩვენს სომხურ თემთან?! სახეზეა ღია ეთნიკური დაპირისპირება. ჩვენ ახლა ვცდილობთ გავაჩეროთ „ცხელი თავები“ადღურ არძინბა
გუნბამ 15 თებერვალს „დიდი მხარდაჭერა“ მიიღო ქალაქ გაგრაში, სოხუმში, გულრიფში, ოჩამჩირეში, დაბა განთიადში, ასევე ფსოუში, ლესელიძეში, ბაღნარში, ნაკადულში, მუხრანში, წალკოტში, ხოლოდნაია რეჩკაში, აგარაკში, მწარაში, წებელდაში, მერხეულში, ვლადიმიროვკაში, ფშაფში, დიდ აგარაკში, ათარაში, ძიგუთაში, მაჭარაში, ლაბრაში და სხვა სოფლებში, სადაც ქართველების ეთნოწმენდის შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა სომხები გახდნენ.
„ხვალ აქ როგორ უნდა ვიცხოვროთ? მათ შორის, ჩვენს სომხურ თემთან? სომხურ დიასპორასთან, რომელმაც პრაქტიკულად, 100%-ით დაუჭირა მხარი ერთ კანდიდატს, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ეს ხალხი უბრალოდ აიძულეს, რომ ერთი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. როცა საზოგადოების მეორე ნაწილმა სხვა კანდიდატს მისცა ხმა, სახეზეა ღია ეთნიკური დაპირისპირება. ჩვენ ახლა ვცდილობთ გავაჩეროთ „ცხელი თავები“ იმიტომ, რომ სიტუაცია ზოგჯერ კონტროლიდან გამოდის“ - აღნიშნა ე.წ "მეორე ტურის" წინ, ოკუპირებულ სოხუმში, ადღურ არძინბამ, რომელმაც უკანონო, ე.წ „არჩევნების“ „პირველი ტური“, გუნბასთან „9 ათასი ხმით“ წააგო.
არძინბამ „მეორე ტურის“ წინ, ბოლო შეხვედრა სწორედ სომხებთან გამართა და ფაქტობრივად მოუწოდა „გონს მოეგონ“. მანამდე ანკლავში, ანტისომხურმა კამპანიამ პიკს მიაღწია. არძინბას მომხრეები სოცქსელებში ღიად დაესხნენ თავს გუნბას მომხრე “სომხურ კლანს” და „აფხაზეთიდან გასახლებითაც“ კი დაემუქრნენ. აფხაზურ სოციალურ ქსელებში არაერთი მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინება გავრცელდა. მათ შორის, ე.წ „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ ვალერი ბგანგას ძმისშვილის ენვერ ბგანგას მუქარა:
“მეორე ტურისთვის სომხებთან სხვანაირად უნდა ვიმუშაობთ, ისინი მხოლოდ უნდა დააშინოენვერ ბგანგა
“მეორე ტურისთვის, ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გაკეთდეს, მათ შორის სომხებთან დაკავშირებით. ბევრგან აფხაზებმაც გვიმუთხლეს, მაგრამ სომხებთან სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ, ისინი მხოლოდ უნდა დააშინო...“
იური ვანაბა: „სომხებმა ძაან გაგვიხურეს საქმე, ბაზარი არაა, ნაგვები“
ადღურ არძინბას შტაბიდან უცნობი ქალბატონი: „უფრო ადვილი არ არის ჩვენთვის, რომ ვისარგებლოთ ამ მომენტით და ყველა სომეხი აფხაზეთიდან გავყაროთ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, ახლა არის ეს მომენტი“
პარალელურად, არძინბას მომხრეები დიმა არძინბას მეთაურობით, ოკუპირებული გაგრის რაიონის სომხურ სოფლებში შევიდნენ და სომხების დაშინება დაიწყეს. “სომხური კლანის” ლიდერმა ალიკ მინასიანმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ძირითადად, სოჭში ცხოვრობს, ღია წერილით დახმარება ითხოვა.
გაგრის სომხურ მოსახლეობაზე ზეწოლას იმ მიზნით რომ „არჩევნებში“ მონაწილეობაზე უარი ეთქვათ დიმა არძინბას ჯგუფი ახდენდარუსეთის საგამოძიებო კომიტეტი
პირველი ამ წერილს, როგორც მოსალოდნელი იყო, სცენარის მიხედვით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ოპერატიულად "გამოეხმაურა". მოსკოვში რამდენიმე აფხაზის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, „აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე სომხების დევნა-შევიწროების მუხლით“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ კერძოდ განაცხადა:
„რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული რუსეთის საზღვრებს მიღმა, რუსეთის კანონდებლობის ნორმების მოთხოვნით, ექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ არის მიმართული. პირების ჯგუფი, რომლებიც 20-მდე მანქანით ჩავიდნენ გაგრაში, ზეწოლას ახდენდა სოფლების მეთაურებზე, რათა ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას „არჩევნებში“ მონაწილეობაზე უარი ეთქვა, ამ ჯგუფის ლიდერი იყო დიმა არძინბა“.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება მძიმე დარტყმა აღმოჩნდა არძინბას კლანზე. ენვერ ბგანგა სასწრაფოდ მინასიანებთან მივიდა და სომხებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ის, რომ მოსკოვი არ ხუმრობს აფხაზებმა გასულ წელს გამოსცადეს. რუსეთმა ადღურ არძინბას რამდენიმე თანამებრძოლს, ანკლავში სიტუაციის „დესტაბილიზაციის“ ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა. მათ შორის, კან კვარჭიას, რომელმაც შარშან აფხაზეთში, სომხების რიცხოვნობის ზრდის გამო უკმაყოფილება ღიად გამოთქვა.
სად გინდათ გადაჩეხოთ დიდი აფხაზი ხალხი? სისხლიან სასაკლაოში? ეთნიკურ წმენდაში? თავიდან მოუწოდებდით სომხების დასჯას, შემდეგ ცდილობთ მათ „არჩევანის უფლება“ ჩამოართვათ, თქვენ ცოტა აზრზე მოდით!ვლადიმერ სოლოვიოვი
ამავე დროს, კრემლმა გუნბას მომხრე „სომხების დასაცავად“, პროპაგანდისტების მთელი არმია ჩართო, მათ შორის, პუტინის ცნობილმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა, რომელსაც აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გენოციდზე ან სამურზაყანოს ქართველობის ეთნოციდზე ხმა რა თქმა უნდა, არასოდეს ამოუღია, აფხაზებს რუსეთის ფედერალური ტელეარხებიდან "ყური აუწია":
„თქვენ სად გინდათ გადაჩეხოთ დიდი აფხაზი ხალხი? სისხლიან სასაკლაოში? ეთნიკურ წმენდაში? თავიდან მოუწოდებდით სომხების დასჯას, შემდეგ ცდილობთ მათ „არჩევანის უფლება“ ჩამოართვათ, თქვენ ცოტა აზრზე მოდით! და შეწყვიტეთ იარაღით მუქარა, როცა მოსალაპარაკებლად მიდიხართ და ისე ჩანს, რომ რაღაც გარჩევებზე ხართ“.
ოკუპირებულ აფხაზეთში, სეპარატისტების მონაცემებით, ამჟამად 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აქედან 45 ათასი ეთნიკური სომეხია. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს სტატისტიკა ყალბია. სომხების რაოდენობა 70-80 ათასს შორის მერყეობს. ანუ რაოდენობით სომხები უკვე აღემატებიან აფხაზებს, თუმცა აფხაზები ამ “კატასტროფულ“ მდგომარეობაზე „თვალს ხუჭავდნენ“. რადგან აქამდე, სომხები „ხმის ამოღებას“ ვერ ბედავდნენ, თუ „რამეს დააშავებდნენ“, მაშინვე ბოდიშს იხდიდნენ.
მაგალითად, 2024 წელს, სომხებმა ოკუპირებული გულრიფშის რაიონში, სოფელ შაუმიანოვკას ძველი სახელი დაუბრუნეს (აფხაზებმა ცკიბინი დაარქვეს), თუმცა აფხაზები სოფელში მაშინვე ჩავიდნენ, ახალი ტრაფარეტი მოანგრიეს და სომხებს ბოდიში მოახდევინეს.
რა მოხდა ახლა? ანკლავში სომხური მოსახლეობის ზრდის ფონზე, ანქვაბის კლანმა კარგად დაინახა, რომ „სომხური ფაქტორი“ კლანურ ომში შესაძლოა, გადამწყვეტი გამხდარიყო. მათ მიზანმიმართულად დაიწყო სომხების პოზიციების გაძლიერება. 2011 წელს, ანქვაბმა ე.წ „პრეზიდენტის“ რანგში, ქალაქ გაგრაში სომხებს დიდი ტაძრის, სუბრ ამენაპრკიჩის მშენებლობის უფლება მისცა, ეს ტაძარი 2013 წელს გაიხსნა. სომხებს ანქვაბმა ასევე ნება დართო ყოველწლიურად, ეროვნული დღესასწაული „ამშენი“ აღენიშნათ.
ბჟანიას ე.წ „პრეზიდენტობის“ დროს, ანქვაბის კლანმა „მწვანე შუქი“ აუნთო, სომეხი კრიმინალური ავტორიტეტის რუბენ ტატულიანის იგივე „რობსონის“ "ინვესტიციებს" ოკუპირებულ ანკლავში.
ტატულიანი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. სოჭელ ტატულიანს ე.წ „აფხაზეთის მოქალაქეობა“ და ე.წ „დოპლომატიური პასპორტიც“ კი მისცეს, რამაც სკანდალი გამოიწვია და პირველმა ეს ფაქტი ადღურ არძინბამ გააპროტესტა. ტატულიანმა, სანამ რუსეთიდან გაიქცეოდა ანკლავში მილიონობით „შავი ფული“ გაათეთრა.
მიმდინარე „არჩევნებზე“, ანქვაბი-ბჟანიას კლანს მხარი სომხეთიდან გამოძევებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა და მილიონერმა არტურ ასატრიანმა, იგივე „დონ პიპომაც“ დაუჭირა. იგი ოკუპირებულ სოხუმში ბჟანიას გაძევების შემდეგ ჩავიდა და სომხებს ისევ ანქვაბის კლანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ანქვაბი-ბჟანიას კლანმა სომეხთა სიმპათიები იმითაც დაიმსახურა, რომ აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის დაბრუნების და არცახიდან სომხების მასიური გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე ასეულ ყარაბაღელ სომეხს ე.წ „აფხაზეთის მოქალაქეობა“ მიანიჭა. არძინბას კლანმა 28 თებერვალს გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსეთის ქალაქ ადლერის მხრიდან, მდინარე ფსოუმდე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, უზარმაზარი რიგებია და „მობილიზაცია“ ე.წ „არჩევნებს" დაუკავშირა.
ალექსანდრე ანქვაბმა, ყოფილმა ე.წ „პრემიერმა“, ე.წ „პრეზიდენტმა“, საბჭოთა საქართველოს დროს, აფხაზეთის ავტონომიის შსს მინისტრმა, რომელსაც „აფხაზური პოლიტიკის“ „ნაცრისფერ კარდინალად“ მიიჩნევენ, ბოლო წლებში, ფინანსურად ასევე გააძლიერა, ადგილობრივი, სომეხი ლიდერები, მათ შორის, ომის დამნაშავე, გალუსტ ტრაპიზონიანი. იგი „ბაგრამიანის ბატალიონის“ ერთ-ერთი მეთაური იყო და ქართველებთან ომში ფეხი დაკარგა.
აფხაზურ სოციალურ ქსელში გავრცელდა, ტორტის ფოტო, რომელზეც ანქვაბი-ბჟანიას მთელი კაბინეტია გამოსახურული. ეს ტორტი, არძინბას კლანის ცნობით, სომხურის კლანის ლიდერებმა, მინასიანებმა და გალუსტიანმა მადლიერების ნიშნად ბჟანიას დაბადების დღეზე შარშან აჩუქეს, როცა ის ე.წ "პრეზიდენტი" იყო.
ბადრი გუნბამ აგიტაციის ბოლო დღეს კიდევ ერთხელ გაანცხადა, რომ ადღურ არძინბას ზეწოლა სომხებზე დაუშვებელია - „ეს ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დისკრედიტაციაა. ეს არის მცდელობა ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ. სხვანაირად ამას ვერაფერს დაარქმევ. არასოდეს ჩვენს ისტორიაში არ ითვლიდნენ, რომელმა სოფელმა, სხვა ეთნიკური შემადგენლობით, რომელ კანდიდატს, რამდენი ხმა მისცა. მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა, გზა, რომელმაც შეიძლება ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს“ - აღნიშნა გუნბამ.
ეს არის მცდელობა ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ. სხვანაირად ამას ვერაფერს დაარქმევ. არასოდეს ჩვენს ისტორიაში არ ითვლიდნენ, რომელმა სოფელმა, სხვა ეთნიკური შემადგენლობით, რომელ კანდიდატს რამდენი ხმა მისცაბადრი გუნბა
ანქვაბის კლანმა ერთხელ უკვე გაითამაშა, მსგავსი სცენარი. 2011 წელს, ანქვაბმა მასიურად დაურიგა ე.წ „აფხაზეთის მოქალაქის“ „პასპორტი“ სამურზაყანოს ქართველობას და დიდწილად, „ამ ხმების“ მეშვეობით, არძინბას კლანის ორი „კანდიდატი“: რაულ ჰაჯიმბა და სერგეი შამბა დიდი უპირატესობით „დაამარცხა“.
ანქვაბის მხარდაჭერა გალის ქართველობას შემდეგ ძალიან ძვირი დაუჯდა. 2014 წლიდან მოყოლებული, როცა არძინბას კლანმა ანქვაბი დროებით სოხუმიდან მოსკოვში გააძევა, სამურზაყანოელების უმრავლესობას (25-30 ათასს ადამიანს) „აფხაზური პასპორტი“ და „ხმის უფლება“ ჩამოართვეს. მოგვიანებით, ქართულ ენაზე სწავლაც აუკრძალეს.
2025 წლის ე.წ „არჩევნებში“ ოკუპირებულ გალში, „ხმის უფლება“ აფხაზურ-რუსულმა საოკუპაციო-ნაცისტურმა რეჟიმმა მხოლოდ 1200 ქართველს „მისცა“, მაშინ როცა ქართველების რაოდენობა ანკლავში, დაახლოებით 40-დან 60 ათასამდე მერყეობს.
ემუქრებათ თუ არა იგივე სომხებს, რაც აფხაზებმა სამურზაყანოელ ქართველობას დამართეს? ექსპერტების აზრით, ჯერჯერობით, არა. სანამ მოსკოვს აწყობს, ასეთი კონფიგურაცია, სომხური „ხმებით“ ბადრი გუნბას გამარჯვება, კრემლი აფხაზეთში სომხებს მაქსიმალურად დაიცავს.
სომხებს განსაკუთრებით ეიმედებათ რუსეთის ელიტაში მყოფი, ამშენური წარმოშობის სომხების, მათ შორის პუტინის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და რუსი ოლიგარქი სერგეი გალიცკის (არუთუნიანი), რომელიც სუპერმარტეკების ქსელის „მაგნიტის“ მფლობელია. მეორეს მხრივ, ყარაბაღის ბოლო ომმა უკვე ნათლად აჩვენა, რომ გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, მოსკოვს ნებისმიერი მოკავშირის გაწირვა შეუძლია.
ანქვაბის კლანმა ერთხელ უკვე გაითამაშა, მსგავსი სცენარი. 2011 წელს, მასიურად დაურიგეს ე.წ „აფხაზეთის პასპორტი“ ქართველებს და ანქვაბი ე.წ "პრეზიდენტი" გახდა. მისი მხარდაჭერა გალის ქართველობას ძალიან ძვირად დაუჯდათ. ანქვაბის გაძევების შემდეგ, 2014 წლიდან, ქართველებს "ხმის უფლება" მასიურად წაართვეს
ამჟამად, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ არძინბას კლანი, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში, ბჟანია-ანქვაბის კლანს მორიგი გადატრიალება მოუწყო, „ხელისუფლებაში“ აღარ მოუშვას.
ამ მიზნით, მოსკოვმა განაახლა აფხაზებისთვის ხელფასების და პენსიის გაცემა, დენის მიწოდება. უკანონოდ გახსნა სოხუმის აეროპორტი, საიდანაც რუსულმა IL-76-მა მეორე ცდით, აფხაზი პაციენტები სამკურნალოდ მოსკოვში ჩაიყვანა.
გუნბას მხარდასაჭერად სოხუმში ჩავიდა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი. მოსკოვმა სოჭი-გაგრის მატარებლის მარშუტი, სოჭი-სოხუმით შეცვალა. ამ ფონზე, 1 მარტის, ე.წ „არჩევნების“ „მეორე ტურში“, „სომხური ხმებით“ გაძლიერებული ანქვაბის კლანის "კანდიდატი" გუნბა, რა თქმა უნდა, ფავორიტია.
ექსპერტების აზრით, მოსკოვის მხარდაჭერას ცალსახად განაპირობებს ანქვაბი-ბჟანიას კლანის რუსეთისთვის მიცემული პირობა, რომ ანკლავში დაუშვებს რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს, რუსეთის მოქალაქეებზე მიწის და უძრავი ქონების გაყიდვას, აპარტამენტების აშენებას.
ასევე ხელს მოაწერს მოსკოვთან ე.წ "საინვესტიციო ხელშეკრულებას", რომელსაც არძინბას (ჰაჯიმბას) კლანი აქამდე ბლოკავდა. რაც შეეხება საქართველოს, ორივე დაპირისპირებული აფხაზური კლანი აცხადებს, რომ თბილისთან მომავალში კონფედერაციულ ურთიერთობებსაც კი გამორიცხავენ.
P.S 28 თებერვალს, ე.წ „არჩევნების“ წინ რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის ქალაქ სოჭიდან, ოკუპირებულ ანკლავში მოულოდნელად, სომეხთა ლიდერი ალიკ მინასიანი ჩავიდა. იგი სოფელ ეშერაში, აფხაზური სეპარატიზმის მამის ვლადისლავ არძინბას საფლავზე გამოჩნდა და ვიდეო კამერის პირობა დადო - „ვლადისლავ გრიგორის ძევ ჩვენ იმედებს არ გაგიცრუებთ“. აფხაზური წყაროების ცნობით, მინასიანი დიდი ალბათობით დააშინეს.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ სალმეში, სადაც ომამდე ესტონელები ცხოვრობდნენ, ახლა კი მთლიანად სომხური დასახლებაა, უცნობი პირები შეიჭრნენ და ავტომატებიდან ჰაერში ისროლეს.