ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალასანია: საფრანგეთიდან SAMP/T ტიპის, საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვა, ივანიშვილმა ჩაშალა


ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი
ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირველად ღიად განაცხადა, რომ საფრანგეთისა და საქართველოს 2014 წლის სამხედრო შეთანხმება, რომელიც თბილისისთვის, Aster 30 ტიპის რაკეტებით აღჭურვილი, SAMP/T ტიპის, მობილურ საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვას ითვალისწინებდა, პირადად, ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა.

SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, Aster 30 ტიპის რაკეტის გასროლის დროს, რომელიც ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს საფრანგეთისგან უნდა შეეძინა
SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, Aster 30 ტიპის რაკეტის გასროლის დროს, რომელიც ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს საფრანგეთისგან უნდა შეეძინა

ალასანიამ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დაადასტურა რომ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, ზუსტად მაშინ, როცა პარიზში, მემორანდუმი უნდა გაფორმებულიყო, ივანიშვილის ბრძანებით, პროკურატურამ ე.წ. „კაბელების საქმე“ შეკერა. ამ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს უდანაშაულო თანამშრომლები დააკავეს, რასაც თავდაცვის მინისტრიც გადაჰყვა.

„ოფიციალურად, პრემიერ მინისტრი ითხოვდა, რომ მემორანდუმზე ხელი აღარ მომეწერა, პრემიერი მაშინ ღარიბაშვილი იყო, მაგრამ, ბუნებრივია, რომ იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ბიძინა ივანიშვილი“
ირაკლი ალასანია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ირაკლი ალასანიამ ისევ გაიმეორა, რომ პარიზში, საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე, მემორანდუმის გაფორმების წინ, მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ ხელი არ მოეწერა.

„ოფიციალურად, პრემიერ მინისტრი ითხოვდა, რომ მემორანდუმზე ხელი აღარ მომეწერა, პრემიერი მაშინ ღარიბაშვილი იყო, მაგრამ, ბუნებრივია, რომ იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ბიძინა ივანიშვილი“ - თქვა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას უარის შემდეგ, თბილისში, ე.წ „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტოს ხუთი თანამშრომელი აიყვანეს, პარიზიდან სასწრაფოდ დაბრუნებული ალასანია მოხსნეს და თავდაცვის მინისტრი რამდენიმე თვით, „პარიზში ზარის ავტორი“ მინდია ჯანელიძე გახდა.

2015 წელს, თავდაცვის ახალი მინისტრის თინა ხიდაშელის დროს, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე მოლაპარაკებები განახლდა და კონტრაქტიც გაფორმდა. თუმცა, თავდაცვის მინისტრმა მაშინ ორი კონტრაქტი ThalesRaytheonSystems და MBDA გააფორმა და არა Eurosam GIE-თან

შესაბამისად, თბილისმა ადრე შეთანხმებული - SAMP/T ტიპის, მობილურ საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა და Aster 30 ტიპის რაკეტების ნაცვლად, Mistral Atlas ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, GM403 Ground Master და Ground Master GM200 ტიპის მობილური, ტაქტიკური რადარები და ბრონირებული ACMAT VLRA ტიპის ტაქტიკური ავტომობილები შეიძინა. ამის თაობაზე „ამერიკის ხმა“, ჯერ კიდევ, 2015 წლის ივნისში წერდა.

Mistral Atlas ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი თბილისში, რომელიც საქართველომ საფრანგეთისგან 2015 წელს იყიდა
Mistral Atlas ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი თბილისში, რომელიც საქართველომ საფრანგეთისგან 2015 წელს იყიდა

ანუ საშუალო და შორი დისტანციის SAMP/T ნაცვლად, რომლის გადაცემასაც პარიზი თბილისს 2013 წელს, აფრიკის კონტინენტზე სამშვიდობო მისიაში, ქართველი ჯარისკაცების ჩართვის სანაცლოდ დაპირდა, საქართველომ საბოლოოდ, Mistral Atlas-ის რამდენიმე არასრული სისტემა მიიღო. "მისტრალ ატლასი" SAMP/T შედარებით, მცირე მანძილს ფარავს ანუ საქართველოს ცა ახლაც დაუცველია.

2013-2014 წელს ეს პროექტი რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, მთელი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული”

„ფრანგები მაშინ იმაზეც წამომყვნენ, რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას (SAMP/T და Aster 30 რაკეტებს) და ჩვენ გადახდა დაახლოებით 7 წლის მერე გვიწევდა. ე.ი. 2013-2014 წელს ეს პროექტი რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული” - აღნიშნა ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „კაბელების საქმე“ და საფრანგეთთან ჩაშლილი სამხედრო კონტრაქტი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გაიხსენა.

11 თებერვალს, სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ (ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) განაჩენი საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა და დაადგინა, რომ "დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება". მოსარჩელეების ინტერესებს სტრასბურგში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

პარალელურად, ე.წ. "კაბელების საქმის" ერთ-ერთმა მოსამართლემ დავით ჯუღელმა ღია განაცხადა, რომ "შვილის გატაცებით დაემუქნენ, თუ პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებდა".

მუქარის ავტორი უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. ბიძინა ივანიშვილის ახლო მოკავშირე, რომელიც ახლა რუსეთში, რომანოვ-ფარცხალაძის გვარით ცხოვრობს და როგორც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, აშშ-ს მიერ არის სანქცირებული.

ალასანია და ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროში, 2013 წელი
ალასანია და ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროში, 2013 წელი

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამჯერად, ირაკლი ალასანიას ბრალდებებს არ გამოხმაურებია. 10 წლის უკან ივანიშვილმა ამ ბრალდების გამო ალასანიას "ყალბი" უწოდა.

ისევ ბლეფშია ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია
ბიძინა ივანიშვილი

„სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც წლები დასჭირდა, ალასანიას თვეები ეყო ნათელაშვილამდე ჩასასვლელად. აბსოლუტურად უარგუმენტოდ, რასაც გინდათ იმას ამბობს ეს კაცი - "ექსპერტები დაიჭირა პროკურატურამ", "მოსამართლეებს აშანტაჟებს ივანიშვილი", "მაფიოზი ივანიშვილი" და ა.შ.

ალასანია რაღაც საოცარ ხელშეკრულებას აწერდა ხელს და ამ დროს ამასაც ცრუობდა. ისევ ბლეფშია ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია“ - განაცხადა "კაბელების საქმეზე", 2015 წელს ივანიშვილმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG