ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ცას ფრანგული Mistral Atlas დაიცავს?


ფრანგული საზენიტო-სარაკეტი კომპელქსი "მისტრალი" მოქმედებაში
ფრანგული საზენიტო-სარაკეტი კომპელქსი "მისტრალი" მოქმედებაში

საქართველოს სახელმწიფოს, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე ომი გადაიტანა, ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთში შანსი მისცეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა რეალურად გამართოს.

„შესაძლებლობა რომელიც გაუჩნდა საქართველოს უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ამ წუთის მდგომარეობით, პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის.
თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი

ის, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა გვექნება დანამდვილებით ცნობილია. ცნობილია ქვეყანაც, სადაც ამ სისტემას ვყიდულობთ - საფრანგეთი. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, ამჯერად, კონკრეტულად, რომელ სისტემას გვაძლევენ ფრანგები.

ეს ინფორმაცია ამ დრომდე კომერციული და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელშეკრულება ფრანგულ-ამერიკულ კომპანია ThalesRaytheonSystems-თან პარიზში, ლე ბურჟეს 51-ე საავიაციო გამოფენის დროს გააფორმა.

ისტორიულ ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.

მოგვიანებით, სასტუმრო "დე ბრიენში", თავდაცვის მინისტრი ფრანგ კოლეგა ჟან ინ დე დრიანს შეხვდა. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ კონტრაქტი ფინანსურად ხელსაყრელია და ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

„შესაძლებლობა რომელიც გაუჩნდა საქართველოს უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ამ წუთის მდგომარეობით, პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას.“

მოლაპარაკება საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო. მის დროსვე გაფორმდა მემორანდუმი, ბოლოს კი პროცესი კინაღამ საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა.

2014 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც, ალასანიას "კაბელების საქმის" გამო, თანამდებობა დაატოვებინეს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ყოფილ და მოქმედ პრემიერებს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დასდო, რომ მათ საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა ჩაშალეს.

„2014 წელს, პარიზში ვიზიტის დროს ივანიშვილისა და ღარიბაშვილს დავალებით, დამირეკა კრიზისების საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ და მითხრა, რომ არ მომეწერა საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელი, როცა შევეწინააღმდეგე, ამას მოჰყვა შეთითხნილი, ე.წ "კაბელების საქმე“
ირაკლი ალასანია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

„2014 წელს, პარიზში ვიზიტის დროს ივანიშვილისა და ღარიბაშვილს დავალებით, დამირეკა კრიზისების საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ და მითხრა, რომ არ მომეწერა საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელი, როცა შევეწინააღმდეგე, ამას მოჰყვა შეთითხნილი, ე.წ "კაბელების საქმე და პოსტი დამატოვებინეს“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

როგორც ივანიშვილმა, ისე ღარიბაშვილმა და ასევე ჯანელიძემაც, რომელიც ალასანიას შემდეგომ მცირე ხნით იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს, ამ ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

ამჟამად ირაკლი ალასანია ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ხიდაშელმა ზუსტად იმ საჰაერო თავდაცვის სისტემის ყიდვის თაობაზე გააფორმა ახალი ხელშეკრულება, რომელიც პარიზსა და თბილისს შორის, 2013-14 წლებში შეთანხმდა.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ მაშინ საფრანგეთი საქართველოსთვის, ფრანგულ-იტალიური წარმოების SAMP/T ტიპის, მობილურ საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიყიდვას გეგმავდა, რომელიც Aster 15 და Aster 30 ტიპის რაკეტებით არის აღჭურვილი.

„მე ვიქნები ბედნიერი ადამიანი, რომ ის დაწყებული საქმე 100%-ით განხორციელდეს. ეს იქნება თინა ხიდაშელი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც ამას ბოლომდე მიიყვანს მე მადლობას გადავუხდი. მაგრამ, ჯერ გასარკვევია, არის თუ არა, ეს ის, შეთანხმება, რომლის მემორანდუმიც მე გავაფორმე.“ - აღნიშნავს ალასანია.

ვინაიდან, თინა ხიდაშელამ კონტრაქტი ThalesRaytheonSystems გააფორმა და არა Eurosam GIE-თან, ნათელია, რომ საქართველო SAMP/T ტიპის, მობილურ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს არ ყიდულობს.

ჯერჯერობით, არც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და არც კომპანია ThalesRaytheonSystems არ აკეთებენ დამატებით კომენტარს. ამიტომ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მაღალი ალბათობით, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Mistral Atlas შეიძინა, რომელსაც სწორედ ფრანგულ-ამერიკული "„თალეს-რეითონის სისტემების კომპანია“ აწარმოებს. Mistral Atlas SAMP/T-თან შედარებით გაცილებით დაბალი კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემაა.

Mistral Atlas განკუთვნილია საშუალო, დაბალ და ძალიან დაბალ სიმაღლეებზე, საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლისთვის. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ევროა, ასევე საუბარია, GM403 Ground Master და Ground Master GM200 ტიპის მობილური, ტაქტიკური რადარების შეძენაზე. კომპლექტში შედის ბრონირებული ACMAT VLRA ტაქტიკური ავტომობილებიც.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრის დროს, საქართველოს არმიის ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფის შეიარაღებაში იყო: თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი OSA, BUK-ის ტიპის მობილური სარაკეტო კომპლექსი, ისრაელის წარმოების მოკლე რადიუსის მოქმედების Spyder-ი და თვითმავალი საზენიტო დანადგარი ZSU-23-4 ე.წ „შილკა“.

მიუხედავად, იმისა, რომ რუსებმა აგვისტოს ბრძოლებში 12-მდე ავიაგამანდგურებელი და შვეულმფრენი დაკარგეს, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საქართველომ აგვისტოს ომში ცა პირწმინდად წააგო, რამაც ომის საბოლოო, კატასტროფული შედეგი დიდწილად გადაწყვიტა კიდეც.


XS
SM
MD
LG