ტაილანდმა და საქართველომ განაცხადეს, რომ ადამიანების ტრეფიკინგის დაჯგუფების საქმეს იძიებენ. ტაილანდის არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს დაჯგუფება საქართველოში ჩაყვანილი ტაილანდელი ქალების კვერცხუჯრედების ამოღებას ახდენს.
ხუთშაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშობლოში გააბრუნა სამი ტაილანდელი ქალი, რომლებიც სამინისტროს თქმით, ქვეყანაში სუროგატ დედებად მუშაობდნენ. სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში ოთხი უცხოელი მოქალაქე დაიკითხა.
ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეების განყოფილების მეთაურმა სურაპან ტაიპრასერტმა პარასკევს სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ტაილანდის ხელისუფლება გამოძიებას ატარებს.
ერთ-ერთმა სავარაუდო მსხვერპლმა, ვინაობის გაუმხელად და სახეზე ნიღბით, ტაილანდში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ გამოეხმაურა სოციალურ მედიაში განთავსებულ რეკლამას სუროგატი დედების შესახებ, რომლებიც ოჯახებთან იცხოვრებდნენ და თვეში 742.94 დოლარს გადაუხდიდნენ. მან თქვა, რომ დათანხმების შემდეგ, დუბაის და სომხეთის გავლით საქართველოში ჩაიყვანეს, სადაც ჩინეთის ორმა მოქალაქემ ის სახლში მიიყვანა.
„მათ მიგვიყვანეს სახლში, სადაც 60-დან 70-მდე ტაილანდელი ქალი იყო. ქალებმა გვითხრეს რომ (სუროგაციაზე) კონტრაქტები ან მშობლები არ არსებობდა“, - თქვა მან.
„ქალებს ინექციით ანესთეზიას უკეთებდნენ და კვერცხუჯრედებს მანქანით აცლიდნენ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რომელიც არ იყო იგივე, რასაც რეკლამა ამბობდა, შევშინდით და შინ დაკავშირება ვცადეთ.“
პრესკონფერენციაზე ქალმა თქვა, რომ მათ თავი ავადმყოფად მოაჩვენეს, რათა დასუსტებული გამოჩენილიყვნენ და კვერცხუჯრედების ამოღება თავიდან აეცილებინათ. მათ ასევე თქვეს, რომ პასპორტები წაართვეს და დამტყვევებლებმა უთხრეს, რომ შინ დაბრუნების შემთხვევაში, ტაილანდში დაპატიმრების რისკის წინაშე იქნებოდნენ.
ტაილანდში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, "პავენა ჰონგსაკულ ფონდი ბავშვების და ქალებისთვის", რომელიც სამ ქალს დაბრუნებაში დაეხმარა, ამბობს რომ სავარაუდოდ საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლი კიდევ 100 ქალი რჩება.