ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდა


საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასი 2,5-ჯერ იზრდება.

კანონპროექტის თვდაპირველი ვერსიის მიხედვით, დეპუტატების ხელფასები ფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ყოველწლიურ საბაზისო ხელფასსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტს მიება. ამ კანონით დეპუტატებმა საკუთარ ანაზღაურებად კანონით დადგენილი ზედა ზღვარი განისაზღვრეს.

კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დოკუმენტში ხელფასების საკითხზე ცვლილებები არაერთხელ შეიტანეს.

დღემდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4,624 ლარი იყო. კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით ის თითქმის ორჯერ, 8,250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ხელფასი არა ორჯერ, არამედ ორნახევარჯერ უნდა გაზრდილიყო.

კიდევ უფრო მაღალი ხელფასია გათვალისწინებული პარლამენტის თამჯდომარისთვის; მისი მოადგილისთვის; კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის.

თუკი დეპუტატები კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის შესაბამისად გაიზრდიდნენ ხელფასს, პარლამენტის ყოველწლიური ხარჯი 5,7 მილიონით გაიზრდებოდა. ახლა ხარჯი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

მომავალი წლიდან პარლამენტარების ხელფასები მიბმული იქნება „საბაზო თანამდებობრივ სარგოზე“, რომელიც ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,460 ლარია, რაც მრავლდება პარლამენტში 2024 წლის მარტში მიღებული კანონით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ კოეფიციენტებზე.

XS
SM
MD
LG